თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა სირიისთვის აშშ-ის სანქციების პროგრამის შეწყვეტის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. აღნიშნული ქმედებით დონალდ ტრამპმა ქვეყნის საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან იზოლაციის დასრულებას ჩაუყარა საფუძველი.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კაროლინ ლევიტის განცხადებით, აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, აშშ შეინარჩუნებს სანქციებს, რომლებიც დაწესებულია სირიის ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ასადზე, მის გარემოცვაზე, ადამიანის უფლებათა დამრღვევებზე, ნარკოტრეფიკინგით დაკავებულ პირებზე, ქიმიური იარაღის გამოყენებაში მხილებულ პირებზე, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებსა და ირანის მარიონეტებზე.
ტრამპის გადაწყვეტილების გამოეხმაურა სირიის ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შიბანი. მისი განცხადებით, სირიის სანქციების პროგრამის შეწყვეტა კარს გაუღებს სირიის რეკონსტრუქციისა და განვითარების შესაძლებლობებს. მისი განმარტებით, სანქციების შეწყვეტა ეკონომიკური აღდგენის ზღუდეს მოხსნის და ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა სირიისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება საუდის არაბეთში სირიის ახალ პრეზიდენტ აჰმად ალ-შარასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. სირიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ბარაკის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შედეგია კომპლექსური და დეტალური, ძალიან ფრთხილი სამუშაო პროცესისა. „სირიას უნდა მისცემოდა შანსი და სწორედ ეს მოხდა“, – განაცხადა მან.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიეცა მითითება, გადახედოს Hayat Tahrir Al-Sham-ის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების საკითხს და მისი ხელმძღვანელის აჰმად ალ-შარას, იმავე მუჰამად ჯულანის „ალ-კაიდასთან“ კავშირებს. გარდა ამისა, პრეზიდენტის განკარგულებით გადაიხედება სირიის, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოს სტატუსიც.
შეგახსენებთ, რომ სირიას სანქციების უმეტესობა 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ დაუწესდა. თუმცა ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება, ქვეყნისათვის მანამდე, კერძოდ, 2004 წლიდან დაწესებული სანქციების მოხსნასაც ითვალისწინებს.