ტრამპმა სტუდენტური ვიზების გასაუბრებების დანიშვნა შეაჩერა

ტრამპმა სტუდენტური ვიზების გასაუბრებების დანიშვნა შეაჩერა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცემული განკარგულებით, მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის სტუდენტური ვიზების გასაუბრებების დანიშვნა დროებით შეჩერებულია. აღნიშნულის მიზეზი კი ისაა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზის მაძიებლებისათვის სიღრმისეული სოციალური მედიაშემოწმების პროცედურის დანერგვას გეგმავს.

ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კიდევ ერთი მცდელობაა. შეგახსენებთ, რომ ტრამპის საიმიგრაციო აჯენდის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-დან ათიათასობით არალეგალი დაადეპორტეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ათასობით ადამიანს აშშ-ში ლეგალურად ყოფნის სხვადასხვა სტატუსი, მათ შორის სტუდენტური ვიზები და მწვანე ბარათები შეუჩერეს.

Reuters-ის მიერ მოპოვებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდაკომუნიკაციის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო განმარტავს, რომ გასაუბრებების დანიშვნა სოციალური მედიაპროფილების შემოწმების ახალი სიღრმისეული წესების მიღებამდე შეჩერდება. მისივე მითითებით, უკვე დანიშნული გასაუბრებები არსებული წესებით წარიმართება, თუმცა ახალი გასაუბრებების დანიშვნა საკონსულოებს აეკრძალათ.

უფრო კონკრეტულად, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწარმოებს არსებული ოპერაციებისა და პროცესების გადახედვას სტუდენტური და გაცვლითი ვიზების (F, M, J კატეგორიის ვიზები) აპლიკანტების სკრინინგისა და შემოწმების შესახებ. შესაბამისად, დეპარტამენტი გეგმავს გამოსცეს ახალი წესები აღნიშნული აპლიკანტების სოციალური მედიაშემოწმების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია. თუმცა დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ გამოიყენებს ყველა ხელსაწყოს, რათა აშშ-ში შესვლის ნებისმიერი მსურველი შესაბამისად შეამოწმოს.