ტრამპმა თეთრ სახლში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა დააანონსა

ტრამპმა თეთრ სახლში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს. ტრამპის გათვლით, შეხვედრისას მხარეებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ათწლოვან კონფლიქტს დაასრულებს.

პარასკევს, თეთრ სახლში ტრამპთან შეხვედრას სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი და პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გეგმავენ. ალიევი ვაშინგტონს სამუშაო ვიზიტით გუშინ ღამით უკვე ეწვია. სომხეთის  მთავრობის ინფორმაციით, აშშ-ში უნდა ჩავიდეს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანიც, რომელიც „აშშ-ისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის სამმხრივ შეხვედრას გამართავს“.

აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრას სოციალურ ქსელ Truth Social-ის საშუალებით გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და მხარეები მიღებული სწორი გადაწყვეტილებისთვის შეაქო: „ამ ორ ერს შორის მრავალწლიანმა კონფლიქტმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბევრი ლიდერი ცდილობდა ომის დასრულებას, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ მოცემულ მომენტამდე, „ტრამპის“ წყალობით“.

გარდა ამისა, თეთრ სახლში შეხვედრისას, ამერიკის შეერთებული შტატები მხარეებთან ომხრივი შეთანხმებების გაფორმებასაც გეგმავს. ტრამპის განცხადებითვე, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ხელი მოეწერება შეთანხმებებს, რომლებიც მათ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს: „ამერიკის შეერთებული შტატები, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად განსახორციელებლად, ორივე ქვეყანასთან ორმხრივ შეთანხმებებს მოაწერს ხელს, რათა სრულად შევძლოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალის გამოყენება“.

პარალელურად, Reuters-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან პარასკევს დაგეგმილი შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდება, რომელიც აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე ექსკლუზიურ უფლებებს მისცემს. კორიდორს ტრამპის სახელი მიენიჭება. როგორც Reuters-ი წერს, აზერბაიჯანმა ითხოვა სატრანსპორტო დერეფნის შექმნა სომხეთის გავლით, რომელიც მისი ტერიტორიის დიდ ნაწილს ნახიჩევანთან, თურქეთთან მოსაზღვრე აზერბაიჯანულ ანკლავთან დააკავშირებს.

პარასკევს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით წერს Kyiv Post-იც და სამ ძირითად საკითხს გამოყოფს, რომლებზეც თეთრი სახლი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეთანხმებას განიხილავს, ესენია: ერთობლივი დეკლარაცია – გზა მშვიდობისკენ, სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება და ერთობლივი წერილი ეუთოს მინსკის ჯგუფიდან გასვლის შესახებ. ცნობისთვის, ქვეყნები, ეუთოს მიერ 1992 წელს, ეთნიკური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შექმნილი „მინსკის ჯგუფის“ წევრები არიან.

ორ კავკასიელ მეზობელ სახელმწიფოს შორის მთიან ყარაბაღზე მრავალწლიან დაპირისპირებას ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის შეტაკებები რამდენჯერმე განახლდა. მათ შორის, 2020 წელს 44-დღიან ომში დაახლოებით 6000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2022 წლის სექტემბერში სასაზღვრო შეტაკებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.