ტრამპმა უარყო, რომ ის მასკის აშშ-ის მთავრობასთან გაფორმებულ ბიზნესშეთანხმებებს გააუქმებს

ტრამპმა უარყო, რომ ის მასკის აშშ-ის მთავრობასთან გაფორმებულ ბიზნესშეთანხმებებს გააუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ მისი ყოფილი მოკავშირე ილონ მასკის ბიზნესი „აყვავდეს“ და დიდ წარმატებას მიაღწიოს. ტრამპმა უარყო, რომ ის ილონ მასკის აშშ-ის მთავრობასთან გაფორმებულ ბიზნესშეთანხმებებს გააუქმებს.

„ყველა ამბობს, რომ მე ილონ მასკის კომპანიებს გავანადგურებ აშშ-ის მთავრობის მიერ მისი ბიზნესებისთვის გამოყოფილი ზოგიერთი ან ყველა მსხვილი სუბსიდიის გაუქმებით. ეს ასე არ არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და ირიბად მიანიშნა, რომ ილონ მასკის კომპანიები აშშ-ის მთავრობისაგან მსხვილ სუბსიდიებს იღებს.

აღნიშნული განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას ამერიკულმა მედიასააგენტოებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ტრამპი სარაკეტო თავდაცვის სისტემა „ოქროს გუმბათისთვის“ ილონ მასკის SpaceX-ის ალტერნატიულ კონტრაქტორებს განიხილავდა.

ივლისის დასაწყისში დონალდ ტრამპი ილონ მასკს სამთავრობო სუბსიდიების გაუქმებითაც დაემუქრა. მისი განცხადებით, ილონ მასკს ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის სუბსიდიები ჰქონდა მიღებული, რის გარეშეც საკუთარი ბიზნესების უმეტესობის დახურვა და სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება მოუწევდა.

შეგახსენებთ, ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის მეგობრობა დაძაბულ ურთიერთობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ივნისში მასკმა აშშ-ის მთავრობაში დაკავებული მაღალი თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვებიდან მალევე მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა დონალდ ტრამპი მის მიერ ინიციირებული გადასახადების კანონის გამო გააკრიტიკა, რომელიც, მასკის აზრით, საგადასახადო წნეხს, შემცირების ნაცვლად, გაზრდიდა. მოგვიანებით, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ტრამპის სახელი ეპსტეინის სკანდალურ ფაილებშიც ფიგურირებდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.