Monarch-ის აღმასრულებელ დირექტორს პრავინ პენმეცას ამერიკის ფერმების გადარჩენა რობოტების საშუალებით სურს. შეუძლია თუ არა ბებერ მაკდონალდსს ახალი ხრიკების სწავლა?
მზიან ადრეულ ზაფხულს, შუადღისას, ლივერმორში, კალიფორნიაში მდებარე WENTE VINEYARDSში, MONARCH TRACTOR-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პრავინ პენმეცა მთელი არსებითაა ჩართული თავის რობოტტრაქტორის თამაშში.
პენმეცა თავისი $89,000-ის ღირებულების მანქანის უპირატესობებს წარმოგვიდგენს: ის მთლიანად ელექტრულია. არის თვითმართული. შეუძლია მოთიბვა. მუსრს ავლებს სარეველას. მიუხედავად იმისა, რომ ის დაახლოებით 80%-ით ძვირია, ვიდრე სხვა მისი მსგავსი, დიზელის ძრავით მომუშავე მანქანა, საბოლო ჯამში ის დაზოგავს ფერმერების ფულს, გაზრდის მათი ფერმების ეფექტიანობას და მათ საქმიანობას გარე შრომასა და საწვავზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის. „თუ არსებობს ერთი რამ, რაც ფერმერებს იარაღზე მეტად მოსწონთ, ესაა თვითკმარად ყოფნა, – ამბობს ის სიცილით. – ჩვენ უნდა შევიცვალოთ ისე, რომ ფერმერებს აღარ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ფერმერობას მომავალი არა აქვს“.
პოტენციური მყიდველი, ბარტლი უოკერი Pacific Ag Rentals-იდან, რომლის კალიფორნიაში დაფუძნებული ფირმა Salinas-ი ფერმერებისთვის აღჭურვილობის მიქირავებითაა დაკავებული, ამას ყურადღებით ისმენს. მას აღელვებს, თუ როგორ შეძლებენ ფერმერები ტრაქტორების მინდვრებში დატენას, მაგრამ აღფრთოვანებულია თვითმართვის მახასიათებლებით. „ჩვენ გვესმის, რომ ეს მომავალია“, – ამბობს ის.
45 წლის პენმეცა, რომელმაც სოფლის მეურნეობაზე ფოკუსირებამდე თითქმის ორი ათწლეული გაატარა ელექტრომართვასა და თვითმართვაზე მუშაობაში, ყოველდღიურად ცდილობს ფერმერების, ინვესტორებისა და კანონმდებლების დარწმუნებას, რომ თვითმართვად ელექტროტრაქტორებზე გადასვლა მნიშვნელოვანი და შესაძლებელია. დიზელის ტრაქტორები სოფლის მეურნეობაში დაბინძურების ძირითადი წყაროა და ფერმერები საკმარისი მუშახელის დაქირავებისთვის დიდი ხანია, წვალობენ. Monarch-ის მანქანები ორივე პრობლემის გადაჭრას ჰპირდებიან.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კომპანიის შექმნა რთული საქმეა. ეს არცთუ იაფი წამოწყებაა და ფულადი სახსრების ნაკლებობის მქონე ფერმერები, როგორც წესი, ცვლილებებისადმი მდგრად კონსერვატიულ ლოტს წარმოადგენენ. თუმცა ლივერმორში დაფუძნებულმა Monarch-მა, რომელმაც ინვესტორებისგან $116 მილიონის კაპიტალი შეაგროვა და 2021 წლის ნოემბერში მისი უახლესი კაპიტალის დაფინანსებით $271 მილიონის შეფასებას მიაღწია, როგორც ჩანს, გადალახა კრიტიკული წერტილი. გასულ წელს ის $22 მილიონის შემოსავალზე გავიდა, 2021 წლის $5 მილიონის შემდეგ. წელს პენმეცა შემოსავლის სამიდან ხუთჯერ ზრდას ელოდება. ეს $66- დან დაახლოებით $100 მილიონამდე შემოსავალს ნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ტრაქტორების რაოდენობა ამ სფეროში 100-დან 1000-მდე იზრდება. გაფართოების კვალდაკვალ, პენმეცა მოელის, რომ მისი შემოსავალი მეტწილად პროგრამული უზრუნველყოფის გამოწერებიდან შემოვა ($8,376-მდე თითო ტრაქტორზე წელიწადში), რომელიც ფერმერებს რეალურ დროში აფრთხილებს ავადმყოფი მცენარეებისა და უსაფრთხოების რისკის შესახებ, და ასევე აგროვებს ტონობით მონაცემს მოსავლის გასაუმჯობესებლად.
ეს რიცხვები დაეხმარა Monarch-ს, მოხვედრილიყო Forbesის Next Billion Dollar Startups-ის წლევანდელ რეიტინგებში, რომელიც ყოველწლიურად წარმოადგენს სავარაუდოდ $1-მილიარდიან შეფასების მიღწევის შანსის მქონე 25 კომპანიას. პენმეცას სჯერა, რომ მას შეუძლია, გაყიდოს ათიათასობით ტრაქტორი და მიაღწიოს „ასობით მილიონი დოლარის“ შემოსავალს სამი წლის განმავლობაში, რაც Monarch-ს საჯაროდ გამოსვლის საშუალებას მისცემს.
მოთხოვნის შესანარჩუნებლად, SUV ზომის მხეცების შესაქმნელად, Monarch-მა გასულ აგვისტოში გარიგება გააფორმა მსოფლიოში iPhone-ების უმეტესობის წარმოებით ცნობილ ტაივანურ კომპანია Foxconn-თან. ის ასევე გასცემს თავისი ტექნოლოგიის ლიცენზიებს, განსაკუთრებით CNH Industrial-ისთვის, ლონდონში დაფუძნებული კომპანიისთვის Case IH-ისა და New Holland-ის ბრენდების უკან, რომელიც ტრაქტორების სიდიდით მეორე მწარმოებელია მსოფლიოში.
რა თქმა უნდა, Monarch-ი, რომელიც 2018 წელს პენმეცამ, ზაქარი ომოჰუნდრომ, მარკ შვაგერმა და კარლო მონდავიმ დააფუძნეს, არ შემოიფარგლება მხოლოდ სოფლის მეურნეობის რობოტების შემუშავებით. John Deere-მა, $60 მილიარდის შემოსავლის მქონე სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობის გიგანტმა, გასულ ზამთარში გამოაცხადა, რომ მუშაობდა ავტონომიურ ტრაქტორზე, რომელიც გამიზნულია დიდი მანქანების საჭიროების მქონე დიდი ფერმებისთვის. სხვა სტარტაპები მუშაობენ ელექტროტრაქტორებზე (Solectrac) და ავტონომიურ ელექტროტრაქტორებზე (Amos), ასევე მარწყვის ავტონომიურ მკრეფავზე (Agrobot) და კოლაბორაციულ რობოტებზე, რომლებიც ფერმერი ადამიანების გვერდით მუშაობენ (Burro). მაგრამ ამ მცდელობებიდან ბევრი ადრეულ ეტაპზეა და ამიტომ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი.
„სხვა ნებისმიერ, დიდ ინდუსტრიულ ბაზართან შედარებით სოფლის მეურნეობა ყველაზე ნაკლებად ავტომატიზებულია, – ამბობს ალასტერ ჰეიფილდი, რობოტიკის მკვლევარი ბრიტანულ ბაზრის დაზვერვის ფირმა Interact Analysis-ში. – ეს ხანგრძლივი პროცესია“.
პენმეცას ტრაქტორები გამიზნულია ვენახებისა და ხილბოსტნეულის მეურნეობებისთვის, რომლესაც სჭირდებათ არა გიგანტური, არამედ უფრო პატარა მანქანები, რომლებსაც იყენებენ სიმინდის ან სოიას მოყვანისას. მისი არსებული ტრაქტორები 40 ცხენის ძალის მანქანის ტოლფასია, ხოლო ლიცენზიით წარმოებული CNH-ისების ძალა დაახლოებით 75 ცხენის ძალის ეკვივალენტი იქნება.
„ჩემი ყოველი შეხვედრა მთავრდება შეკითხვით – „როგორ აპირებ John Deere-თან კონკურენციას?“; მე ამას ჩვენი წარმატების დასტურად აღვიქვამ, – ამბობს პენმეცა. – ისინი გვეკითხებიან, თუ როგორ შეგვიძლია გოლიათის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენთვის უდიდესი სტიმულია“.
პენმეცა დაიბადა გუნტურში, ინდოეთში, მაგრამ გაიზარდა დაახლოებით 170 მილის მოშორებით ჰაიდერაბადში, ტექნოლოგიურ ცენტრში, რომლის მოსახლეობაც დღეს 11 მილიონია. ის ქალაქელი ბავშვი იყო, მაგრამ მისი ბებია და ბაბუა ბრინჯის ფერმერების გრძელი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლები იყვნენ. „ყოველ ზაფხულს ვბრუნდებოდით ბებია-ბაბუასთან, – ამბობს ის. – ერთ-ერთი პირველი საჭე, რომელიც ხელში დავიჭირე, ტრაქტორის საჭე იყო“.
ბავშვობაში ის გატაცებული იყო სწრაფი მანქანებით. (დღესაც არის. მრავალი წლის წინ მან იყიდა BMW-ის ძველი საჭე $800 დოლარად და სარბოლო მანქანაში დაამონტაჟა.) 2002 წელს University of Cincinnati-ში მექანიკური ინჟინერიის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, მუშაობა დაიწყო MillenWorks-ში. ესაა ჰანტინგტონ- -ბიჩში, კალიფორნიაში დაფუძნებული უახლესი ავტომობილების კომპანია, რომელიც ლეგენდარულმა ახალზელანდიელმა სარბოლო მანქანების მძღოლმა როდ მილენმა დააარსა. „საკმარისი ინფორმაცია მქონდა ბიზნესზე იმისთვის, რომ მცოდნოდა, სარბოლო მანქანების კომპანიები სოლიდური წამოწყება არ არის, ამიტომ მინდოდა, მეპოვა კომპანია, რომელიც სარბოლო მანქანებთან ერთად სხვა საქმეებსაც აწარმოებდა“, – ამბობს პენმეცა.
MillenWorks-ში ის მონაწილეობდა ექსპერიმენტული რობოტის განვითარებაში თავდაცვის დეპარტამენტის კვლევითი ჯგუფ Darpaსთვის, და დააპროექტა ბატარეის ნაკრები ადრეული ელექტრომობილისთვის, რომელიც Mitsubishi-მ 2004 წელს დეტროიტის ავტოშოუზე გამოუშვა. 2010 წელს, როდესაც მილენმა კომპანია Textron-ს მიჰყიდა, პენმეცამ გადაწყვიტა, საკუთარი ფირმა, Motivo დაეარსებინა. მას შეუერთდა MillenWorks-ის ყოფილი თანამშრომელი, ომოჰუნდრო, დღეს 43 წლის, რომელსაც აქვს დოქტორის ხარისხი რობოტიკაში Carnegie Mellon-ისგან.
Motivo-ში ისინი მუშაობდნენ ელექტრომანქანებზე, მათ შორის იმის დემონსტრირებაზე, თუ როგორ შეიძლება Toyota Prius-ის გადაკეთება გადაუდებელი დახმარების ენერგიის გენერატორად. 2012 წელს პენმეცა დაბრუნდა ოჯახის სანახავად ინდოეთში და იმედგაცრუებული დარჩა ელექტროენერგიის რეგულარული გათიშვით. „ვამბობდი: ‘ნეტავ აქ იყოს ჩემი Toyota Prius-ი, თავს ადამიანად ვიგრძნობდი’“, – ამბობს ის. იდეამ, რომელიც იმ დროს ნახევრად ხუმრობა იყო, ელექტროენერგიის სოფლად მიტანის შესაძლებლობებზე დააფიქრა.
როდესაც ომოჰუნდრო 2013 წელს წააწყდა USAID-ის გრანტს განვითარებად ქვეყნებში სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად, მან და პენმეცამ ეს გამოწვევა მიიღეს. Motivo-ში მათ ააგეს თავიანთი პირველი ელექტროტრაქტორი – პატარა, ძირითადად მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანა სახელად Harvest-ი. საბოლოოდ მათ შექმნეს სამი ტრაქტორი, რომელთაგან ორი გამოსცადეს პენმეცას დედის მშობლების სოფელ მაჰარაჯპეიში.
როდესაც ისინი ესაუბრებოდნენ ფერმერებს ინდოეთში და შემდეგ შეერთებულ შტატებში, ისინი იმავე სკეფსისს წააწყდნენ: სოფლის მეურნეობას მომავალი არა აქვს. „მეურნეობაში მუშახელის გლობალური დეფიციტია, ისინი იბრძვიან მოგების მარჟისთვის და მზარდია ზეწოლა მდგრადობის შესანარჩუნებლად“, – ამბობს პენმეცა.
ჯერ კიდევ შეერთებულ შტატებში მათ ააშენეს ექსპერიმენტული ფერმის რობოტები, მათ შორის კარტოფილის გადანერგვისა და სალათის სარეველების მოსასპობად. მაგრამ ისინი იმდენად ძვირი ღირდა ($500,000-ზე მეტი), რომ ვერასდროს გახდებოდა ლამაზ სადემონსტრაციო პროექტებზე უფრო მეტი. კომერციულად უფრო პერსპექტიული იყო ტექნოლოგია თვითმართვადი მანქანებისთვის. DriveAI-სა (შეძენილი Apple-ის მიერ 2019 წელს) და Faraday Future-ში მუშაობის დროს, მათ დაიწყეს ოცნება ავტონომიურ ელექტროტრაქტორზე ფერმერებისთვის ხელმისაწვდომ ფასად. „დიზელის საწვავის ხარჯის კომპენსირება არაა საკმაოდ მიმზიდველი, მაგრამ დიზელთან ერთად, თუ თქვენ გაქვთ მუშახელის ანაზღაურების ოფსეტიც, ეს უკვე ფერმერისთვის დამაჯერებელი ხდება და თქვენ იღებთ სიცოცხლისუნარიან ბიზნესს“, – ამბობს ომოჰუნდრო, Monarch-ის ტექნოლოგიური დირექტორი.
მალე დუეტი გაერთიანდა 39 წლის შვაგერთან, რომელიც მანამდე ნევადაში ხელმძღვანელობდა Tesla Gigafactory-ს, და ჰქონდა დიდი წარმოების პროექტების გაზრდის გამოცდილება. 43 წლის მონდავისთან ერთად (რობერტ მონდავის შვილიშვილი, რომელიც ახლა საკუთარ ვენახებს მართავს კალიფორნიასა და იტალიაში), რომელიც მეოთხე თანადამფუძნებელი და სამეურნეო დირექტორია, მათ 2018 წლის დეკემბერში Monarch-ი ჩამოაყალიბეს. ეს სახელი ფერმებში ქიმიკატების გამოყენების გამო გადაშენების პირას მდგომ გადამფრენ მონარქის პეპელას უკავშირდება.
მონდავის დახმარებით, ისინი უმიზნებდნენ ვენახებს, ვაზის მჭიდრო რიგებით, მაღალი შრომით დანახარჯებითა და კლიენტებით, რომლებიც მზად არიან, დამატებით გადაიხადონ „მწვანე“ პროდუქტის სანაცვლოდ. მონდავის იმედი: Monarch-ის რობოტრაქტორის ზუსტი მეურნეობით, მწარმოებლებს შეუძლიათ, გამოიყენონ ნაკლები ქიმიკატები მოსავლიანობის ან მოგებიანობის შემცირების გარეშე. „ჩვენ შევცვალეთ შეხედულება, რომ პლანეტაზე სიკეთის კეთება უფრო ძვირია, – ამბობს მონდავი. – ეკონომიკის ნაწილია ის, სადაც ჩვენ კარს ვაღებთ“.
ავტონომიური ელექტროტრაქტორის აშენება არაა ადვილი, და ამის გაკეთება იმ ფასად, რისი გადახდაც ფერმერებს შეუძლიათ, კიდევ უფრო რთულია. ადრეულ დღეებში Monarchის ინჟინრებმა მანქანის შემუშავებისა და ცდებისთვის Wente-ს ვენახებში კარავი გაშალეს. Monarch-მა მხოლოდ ორი მანქანა შექმნა -თითო ნახევარ მილიონ დოლარად. 2021 წელს მან წარმოადგინა მეორე ვერსია, რომელიც $250,000 ღირდა და ტესტირება დაიწყო ვენახებთან და მერძევე ფერმერებთან. სიმარტივისთვის, მათ პირველ რიგში ყურადღება ფერმის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანის – თიბვის ავტომატიზაციაზე გაამახვილეს.
პენმეცას სჯერა, რომ მას შეუძლია, გაყიდოს ათიათასობით ტრაქტორი და მიაღწიოს „ასობით მილიონი დოლარის“ შემოსავალს სამი წლის განმავლობაში.
ტომ ჩი, Google X-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და At One Venturesის გავლით Monarch-ის ადრეული ინვესტორი, გაშვების ღონისძიებას იხსენებს. „მე საუბრებში ვეკვეტებოდი და ფერმერები ამბობდნენ: „თიბვა ყველაფერს ცვლის, – იხსენებს ის. – ჩემი ავტონომიურობაზე მომართული ტვინი ფიქრობდა, ‘თიბვა ხომ ძალიან მარტივია’. იმდენად სულმოუთქმელად ველოდი მოვლენებს, რომ თიბვას არაფრად ვაგდებდი, ისინი კი ამბობდნენ: ‘ჩვენ შეზღუდული რაოდენობის მუშახელი გვყავს და მათი თიბვაში დასაქმება ფულის ფლანგვაა’“.
ვენახების მენეჯმენტის კომპანია Coast Vineyards-ის დამხმარე სერვისების დირექტორმა დომენიკ ბაკმა ტრაქტორი პირველად დემონსტრაციის დროს, 2021 წლის დასაწყისში ნახა. „ის რეალურად მუშაობდა; ის გადაადგილდებოდა“, – ამბობს ის სიცილით. ვინაიდან დიზელის ფასი სწრაფად გაიზარდა და კალიფორნიის სახელმწიფო სუბსიდიებმა ელექტროტრაქტორებზე ღირებულების 75%-მდე აანაზღაურა, მან, როგორც ადრეულმა მომხმარებელმა, კონტრაქტი გააფორმა. დღეისათვის კომპანია მართავს Monarch-ის 18 ტრაქტორს საკუთარი თავისთვის და კლიენტებისთვის. „ბევრ ადამიანს ფინანსურად აღარ შეუძლია კალიფორნიაში მუშაობის გაგრძელება, – ამბობს ის. – ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ ვიყოთ წინ“.
კალიფორნიის ის ბონუსები, რომლებსაც Monarch-ი ლობირებდა, ამ მანქანების ხელმისაწვდომობის გასაღებია. პენმეცა იმედოვნებს, რომ გამოუშვებს უფრო იაფ ვერსიას, რომელიც აზიასა და აფრიკაში $15,000-ზე ნაკლებ ფასად გაიყიდება. ამისათვის ის აყალიბებს პარტნიორობას ინდოეთში ტრაქტორის მწარმოებელთან და შესყიდვების ნაცვლად ქირაობაზეა ორიენტირებული. ამავდროულად, კომპანიის სალიცენზიო გარიგება CNH-თან (რომელიც ასევე Monarch-ის ინვესტორია) მის ტექნოლოგიას უფრო დიდი უნივერსალური ტრაქტორების გამოშვების საშუალებას მისცემს. ისინი მინდვრებში ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში უნდა გავიდნენ.
„Monarch-ის პროდუქტი განვითარების ზღვარზეა, – ამბობს მიქელე ლომბარდი, CNH-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი კორპორაციული განვითარებისა და სარისკო კაპიტალის საკითხებში. – მე ველოდები, რომ 10-15 წელიწადში თქვენ უკვე გექნებათ ხილის კრეფის, მოსავლის აღებისა და სახნავი აღჭურვილობები, რომლებიც ავტონომიურად იმუშავებენ“.
ერთი დიდი პრობლემა: დატენა. Monarch-ის მანქანებს, ელექტროგადამცემებისგან ან თუნდაც გზებისგან მოშორებით, მრავალი საათის განმავლობაში მინდვრებში მუშაობა სჭირდებათ. ერთ-ერთი პოტენციური გამოსავალია მზის ენერგიით დამუხტვა, მაგრამ დღეს რობოტების უმეტესობას სჭირდება წვდომა დამტენ სადგურზე, რომლის ინსტალაცია შეიძლება ათასობით დოლარი დაჯდეს. კიდევ ერთი პოტენციური წინაღობა: კალიფორნიის რეგულაციები ჯერ კიდევ არ იძლევა ტრაქტორების სრული ავტონომიურობის უფლებას – მეთვალყურეობისთვის ისინი მაინც საჭიროებენ ცოცხალ ოპერატორს. Monarch-მა მოითხოვა სრული ავტონომია და სახელმწიფო დათანხმდა რეგულაციების გადახედვას სათანადო რაოდენობის უსაფრთხოების მონაცემების შეგროვების შემდეგ.
თუმცა ინდუსტრიაში მუშახელის მუდმივი დეფიციტის გათვალისწინებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, რობოტების შემოსვლა გარდაუვალია. ჯერ კიდევ ადრეულ დღეებში, იხსენებს პენმეცა, ინვესტორები მათ მაზოხისტებს უწოდებდნენ. „მათ აქვთ ბევრი მითი, რომელიც ნამდვილად გვაზარალებს, მაგალითად, რომ ‘ფერმერები არ გამოიყენებენ ტექნოლოგიას’, – ამბობს ის. – ფერმერები ძალიან საზრიანები არიან და ისინი მიიღებენ ახალ ტექნოლოგიებს, თუ მათთვის ROI იარსებებს“.