Trump Media ბიტკოინის კორპორაციული რეზერვის შესაქმნელად $2.5 მილიარდის აქციებს გაყიდის

Trump Media ბიტკოინის კორპორაციული რეზერვის შესაქმნელად $2.5 მილიარდის აქციებს გაყიდის

ბიტკოინის კორპორაციული რეზერვის შესაქმნელად, Trump Media and Technology Group-ი $2.5 მილიარდის ღირებულების აქციებისა და ობლიგაციების გაყიდვას გეგმავს. Truth Social-ის მშობელმა კომპანიამ განაცხადი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში წარადგინა.

SEC-ში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, Trump Media ინსტიტუციურ ინვესტორებს $1.5 მილიარდის ღირებულების აქციებს და $1 მილიარდის ღირებულების კონვერტირებად ობლიგაციებს მიჰყიდის. Trump Media-ს განცხადებით, მიღებული შემოსავალი ბიტკოინის რეზერვის დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული, რაც კრიპტოვალუტას კომპანიის ფინანსების მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. Trump Media-ს ცნობით, გარიგებას 50-მდე ინსტიტუციური ინვესტორი შეუერთდა, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

დოკუმენტის თანახმად, კომპანია გეგმავს, ბიტკოინი Crypto.com-ისა და Anchorage Digital-ის საშუალებით შეინახოს.

Trump Media-ს განაცხადი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მარტში, ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნის შესახებ გამოცხადებულ გეგმას ემთხვევა. თუმცა ადმინისტრაციის სარეზერვო გეგმა ეროვნული ეკონომიკური სტრატეგიის სახითაა წარდგენილი, ხოლო Trump Media-ს ბიტკოინის ფონდი კერძო ბიზნესის ქვეშაა. ამის მიუხედავად, ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ტრამპი კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია. აშშ-ის პრეზიდენტი Trump Media-ში 115 მილიონ აქციას ფლობს, რომელთა ღირებულებაც $2.7 მილიარდია.