აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური მედიაპლატფორმის, Truth Social-ის მფლობელი კომპანიის, Trump Media & Technology Group-ის აქციათა ფასი ბოლო სავაჭრო დღეს 17%-ით გაიზარდა. შედეგად კი ამერიკელი მილიარდერი კიდევ $400 მილიონით გამდიდრდა.
სამშაბათის სავაჭრო დღის ბოლოს საფონდო ბირჟაზე Trump Media & Technology Group-ის ერთი აქცია 21 დოლარად ივაჭრებოდა. Forbes-ის მილიარდერთა ქონების რეალურ დროში მონაცემების მიხედვით კი, აღნიშნულის დამსახურებით, ტრამპის ქონება $396 მილიონით გაიზარდა და $4.6 მილიარდი შეადგინა. ამჟამად დონალდ ტრამპი მილიარდერების რეიტინგში 758-ე ადგილს იკავებს.
ფინანსური ანალიტიკოსების მოსაზრებით, აქციათა ფასის ასეთი დრამატული ზრდა იმითაა განპირობებული, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი შეუერთდა.
მიუხედავად აქციათა ფასის მნიშვნელოვანი ზრდისა, Trump Media & Technology Group-ი პიკისგან ჯერ კიდევ შორსაა. შეგახსენებთ, მარტში ერთი აქცია საფონდო ბირჟაზე $66 დოლარად ივაჭრებოდა. აქვე გეტყვით, რომ დონალდ ტრამპი კომპანიის 60%-ს ფლობს.