პორტუგალიამ მომხმარებლების დასჯაზე ორიენტირებული, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა 2001 წელს ერთიანად შეცვალა. ის იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საუკუნოვანი ისტორიის მქონე მკაცრი მიდგომის უპრეცედენტო ცვლილება მოახდინა. რეფორმის გატარებამდე, დღევანდელი საქართველოს მსგავსად, მომხმარებლებს დევნიდნენ და მკაცრად სჯიდნენ, სისტემა მათ სტიგმატიზაციასა და სოციალურ იზოლაციას ახდენდა. მომხმარებელთა უმრავლესობა აივ-ინფექციითა და C ჰეპატიტით იყო ინფიცირებული, ზედოზირებით გარდაცვალების მაჩვენებელი კი პორტუგალიას ევროპასა და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ჰქონდა. ციხეები, ჩვენი არ იყოს, გაჯერებული იყო “ნარკოდამნაშავეებით”.
მაშინდელი რეფორმატორები იხსენებენ, რომ ძნელად თუ იპოვიდი ოჯახს, რომელიც “ჰეროინის ეპიდემიას” გადაურჩა. პრობლემურ მომხმარებელთა რიცხვი 100,000-ს აღემატებოდა, რაც მოსახლეობის თითქმის 1%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი ძირითადად 0.2-დან 0.5 %-მდე მერყეობდა.
რამდენიმეწლიანი მზადების შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ძალოვნების ნაცვლად მეცნიერებსა და ექსპერტებს მიანდო, პორტუგალიამ რევოლუციური და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძალიან ეფექტიანი პასუხი გასცა პრობლემას, რომელსაც თითქოს შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა და მისი გამოსწორების იმედი აღარავის შერჩენოდა. პორტუგალიამ დინების საწინააღმდეგოდ დაიწყო ცურვა – თუკი მსოფლიო უშედეგოდ ცდილობდა სადამსჯელო პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერებას, პორტუგალიელმა რეფორმატორებმა წარმატება სრულიად საპირისპირო მიდგომაში განჭვრიტეს. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და ფლობა დღემდე არალეგალურ ქმედებად ითვლება, თუმცა ამ რეფორმით პორტუგალიამ:
- მომხმარებელს გამოაცალა დამნაშავის სტატუსი – მოხდა აკრძალული ნივთიერების მოხმარებისა და მისი მცირე ოდენობით ფლობის სრული დეკრიმინალიზაცია. მცირე ოდენობად კი განისაზღვრა რეგულარული მომხმარებლისთვის 10 დღის საკმარი ნარკოტიკული საშუალება.
- შექმნა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და იურისტისგან შემდგარი გადარწმუნების კომისიები, სადაც პოლიციის მიერ გამოვლენილი მომხმარებლები იგზავნებიან. მომხმარებლებს აღარ უწევთ პოლიციასთან და სასამართლოსთან საქმის დაჭერა. ამის ნაცვლად, ისინი წარდგებიან კომისიებში, სადაც მათ კეთილგანწყობით ხვდებიან და დახმარების ხელს უწვდიან. კომისია მომხმარებლის მდგომარეობას აფასებს და საჭიროებებზე მორგებულ, ინდივიდუალურ მომსახურებას სთავაზობს მას – პრობლემატურ მომხმარებელს შესაბამის კლინიკებსა და ცენტრებში ამისამართებს, სადაც მომხმარებელს, თუ მას ამის სურვილი აქვს, სათანადო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება. ეპიზოდურ მომხმარებლებს რაც შეეხება, მათთვის კომისია მეტწილად საგანმანათლებლო ხასიათის, პრევენციულ რეკომენდაციებს გასცემს. იშვიათ შემთხვევებში კი, თუ ამის აუცილებლობა დგება, კომისია უფლებამოსილია, მომხმარებელი ადმინისტრაციულადაც დასაჯოს – მეტწილად არაფულადი ჯარიმით, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი ფულადი ჯარიმითაც.
ჩვენს მსგავსად, იმდროინდელ პორტუგალიაშიც უამრავი ადამიანი წინასწარმეტყველებდა ნარკოსამოთხეს, მომხმარებლების სხვა ქვეყნებიდან მოზღვავებას, ნარკორეალიზატორების არნახულ გაძლიერებასა და სრულიად ერის “განარკომანებას”, მაგრამ სრულმა დეკრიმინალიზაციამ ზიანის შემცირებისა და სამკურნალო-სარეაბილიტაციო განვითარებასთან ერთად საუკეთესო შედეგები მოიტანა:
- ნარკოტიკების მოხმარება არ გაიზარდა. ნარკოტიკების უმეტესობის მოხმარების ზოგადი მაჩვენებლები ძირითადად იგივე დარჩა ან შემცირდა;
- 15-24 წლის ახალგაზრდების მიერ მოხმარების სტაბილური კლების ტენდენცია გამოიკვეთა;
- გაორმაგდა სამკურნალოდ მიმართვიანობის რიცხვი, რამაც ზიანის შემცირების პროგრამებთან ერთად უზრუნველყო აივ/შიდსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება.
- ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 80%-ით დაიკლო, და ერთ დროს ყველაზე უარესი შედეგის მქონე ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად იქცა;
- განიტვირთა სასამართლო და ციხე, ხოლო პოლიციის გამოთავისუფლებული რესურსი მეტწილად საერთაშორისო და ორგანიზებული ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ იქნა მიმართული;
- და რაც მთავარია, 90-იანი წლების მსოფლიო ლიდერს დღეს ევროპაში პროცენტულად ყველაზე ნაკლები პრობლემური მომხმარებელი ჰყავს.
საქართველოს დღევანდელი და პორტუგალიის მაშინდელი მდგომარეობა გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავსია. 12 წლის წინ ამოქმედებული “ნულოვანი ტოლერანტობის” შემდეგ რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა მივიღეთ – სანქციები სრულიად არაპროპორციულია, ხოლო მცირე ოდენობებად ხშირად ერთ დოზაზე გაცილებით ნაკლებია კანონით განსაზღვრული. პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და, საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონისა” და საერთაშორისო ფონდ კურაციოს უახლესი შეფასებით, 2016 წელს 52,500 შეადგინა, რაც 18-64 წლის მოქალაქეების 2,24%-ს შეადგენს. უსაფრთხო და ფართოდ გავრცელებული ინიექციური მოხმარება კვლავაც აივ- და ჰეპატიტის ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. ზედოზირებით აქაც უამრავი ადამიანი კვდება, ხოლო მისგან დასაცავად ერთადერთ ეფექტიან მედიკამენტ ნალოქსონზე ხელმისაწვდომობა კვლავაც ძალიან დაბალია არაჰუმანური რეგულაციების გამო; საშუალო ევროპულზე ორჯერ მაღალია მოზარდებში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ე.წ. ბიოს მოხმარება, როგორც ეს 2015 წლის საერთო ევროპული სასკოლო კვლევის (ESPAD) შედეგებმა აჩვენა.
არსებული პოლიტიკა პრობლემატურია ადამიანის უფლებების თვალსაზრისითაც. უსამართლო, არაპროპორციული სანქციების გარდა, მომხმარებლებს ავტომატურად ერთმევათ მთელი რიგი სამოქალაქო უფლებებიც. სახელმწიფოს, რომელსაც წლის განმავლობაში 60 ათასი ადამიანიც კი გადაუყვანია ნარკოლოგიურ კლინიკაში შარდის ჩასაბარებლად, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრებს, ხოლო თვალით შეუმჩნეველი, ხშირად ეფექტიანი დოზის მემილიონედი ოდენობის გამო მრავალი წლით გზავნის ადამიანებს საპატიმროებში, სრულიად არ გააჩნია პირველადი პრევენციის სისტემა საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე არ გააჩნია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომსახურება.
პრაქტიკა კიდე უფრო მძიმეა. დღემდე გრძელდება ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკა. რეგიონებში ადგილობრივი პოლიციისთვის ნარკოპოლიტიკა “სიტუაციის დაჭერის” საუკეთესო საშუალებაა.
ჰუმანური ნარკოპოლიტიკის რეფორმის მცდელობა
ბოლო წლებში კვლავ გაჩნდა რეფორმის განხორციელების რეალური შესაძლებლობა. ინოვაციური და მძლავრი საპროტესტო ტალღის ფონზე ჩამოყალიბდა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, რომელშიც 40-ზე მეტი ორგანიზაცია და ჯგუფი გაერთიანდა – მოძრაობები, მკვლევრები, დარგის სპეციალისტები, მომხმარებლები, უფლებადამცველები და ა.შ. პლატფორმამ, დეკრიმინალიზაციის ბევრ წარმატებულ მოდელს შორის პორტუგალიური მიდგომა გამოარჩია და 2017 წლის ივნისში, ხუთ დეპუტატთან ერთად, ხელისუფლებას წარუდგინა რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს:
- მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაცია. პორტუგალიური 10 დღის ოდენობის ნაცვლად, ჩვენთან მცირე ოდენობად 1 დღის საკმარი ნარკოტიკული საშუალება იქნა შეთავაზებული – ეს თავისთავად გულისხმობდა აბსურდული ოდენობების ცხრილის მნიშვნელოვან გადახალისებას;
- არაპროპორციული სანქციების შემცირება;
- იმ კანონის გაუქმება, რომელიც მომხმარებლებს სამოქალაქო უფლებებს ავტომატურად ართმევს, მაშინ როდესაც სასამართლოს ზოგადი წესით ისედაც შეუძლია მსგავსი სანქციის დაკისრება;
- პორტუგალიური გადარწმუნების კომისიების ანალოგის დანერგვა;
- სასკოლო სისტემაში პირველადი პრევენციის დანერგვა;
- მკურნალობა-რეაბილიტაციის სფეროში არსებული კრიტიკული ღიობების ამოვსება.
ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შეთავაზებული რეფორმა დადებითად შეაფასეს გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებულმა პროგრამამ (UNAIDS), ნარკოპოლიტიკის გლობალურმა კომისიამ (Global Commission on Drug Policy), ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა (IDPC).
რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების დროს, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით უშუალოდ პარლამენტმა განახორციელა, რეფორმის რამდენიმე სცენარი ფასდებოდა და სწორედ პლატფორმის მიერ შეთავაზებული მოდელი იქნა მიჩნეული ყველაზე სარგებლიანად საქართველოსთვის.
თუმცა, დიდხნიანი დუმილის შემდეგ, ანტინარკოტიკული უწყებათაშორისი კომისიის 27 მარტის სხდომაზე, რომელიც ერთთვიანი დაგვიანებით ჩატარდა და რომელზეც ხელისუფლების საბოლოო, შეჯერებული პოზიცია უნდა გაცხადებულიყო მრავალთვიანი მოლაპარაკებებისა და პლატფორმის მიერ მთელი რიგი დათმობების შემდეგ, მთავრობამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ამ ეტაპზე ის შეთავაზებულ რეფორმას არ განახორციელებს.
თუმცა, სანაცვლოდ, მთავრობამ ერთი ინიციატივა მაინც წამოაყენა.
“ცარიელიშპრიცებისრეფორმა” – ჰუმანურინარკოპოლიტიკისსამთავრობოალტერნატივა?
პლატფორმის მიერ მომზადებული რეფორმის ჩაგდება მთავრობამ იმით გვამცნო, რომ ალტერნატიული კანონპროექტი წარმოადგინა უწყებათაშორისი კომისიის 27 მარტის სხდომაზე. უფრო სწორად, გააცოცხლა პროექტი, რომელიც პროკურატურის კედლებში დაიწერა დაახლოებით 2 წლის წინ და ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილიც კი იყო, როგორც “ცარიელი შპრიცების” პრობლემის ეფექტიანი გადაწყვეტა.
კანონპროექტი რვა აკრძალული ნივთიერებისთვის საზღვრავს მცირე ოდენობებს, მაშინ როდესაც პლატფორმის კომპლექსურ რეფორმაში 22 ნივთიერებისთვის ოდენობები მნიშვნელოვნად იცვლებოდა. ამ საშუალებებიდან ექვსისთვის აქამდე არ არსებობს მცირე ოდენობა, ხოლო ორი დასახელების ნარკოტიკის შემთხვევაში კი ოდენობები მცირდება. შემოთავაზება არათუ ჩვენი რეფორმის პრინციპს – ერთი დღის საკმარი ოდენობა – იზიარებს, ის ერთ ეფექტიან დოზაზე ბევრად ნაკლებს გვთავაზობს, რაც მხოლოდ იმ პრობლემას აგვარებს, რომ მოხმარებული შპრიცის, ბოთლის თუ ბონგის ანაფხეკზე აღმოჩენილი ნივთიერების გამო ადამიანები წლობით ციხეში არ მიდიოდნენ, ხოლო ისინი, ვისაც თუნდაც ერთ ულუფა “წამალს” უპოვიან, კვლავაც მართლმსაჯულების კლანჭებში ამოყოფენ თავს.
ამ კანონპროექტში სხვა არსებითი ცვლილება შემოთავაზებული არ არის. მისი ძალაში შესვლის შემდეგ პოლიტიკა კვლავაც ძალიან რეპრესიული დარჩება. ამიტომ მისი წარმოდგენა, როგორც ჰუმანური ნარკოპოლიტიკის რეფორმის რაიმეგვარი ალტერნატივისა – არასწორი იქნებოდა. მეტი თვალსაჩინოებისათვის, ერთი ულუფა MDMA-ის მფლობელი ამ ცვლილებით საერთოდ ვერაფერს იხეირებს: მას გაასამართლებენ, ეცდებიან, ინფორმატორად აქციონ, საუკეთესო შემთხვევაში პირობით მსჯავრს დაადებენ, ხოლო თუ ეს ვერ მოხერხდა უსახსრობის ან რაიმე სხვა მიზეზით, რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე წლით დაუდებენ ბინას.
როგორც ვხედავთ, ტიპურ შემთხვევებში ეს ცვლილება მართლაც არაფერს ცვლის. ის მხოლოდ სისტემისთვის იმ სამარცხვინო შედეგების დადგომას გამორიცხავს, როდესაც გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ოდენობის გამოც კი მრავალი წლით გზავნიდა ადამიანს ციხეში.
ეჭვი, რომ “ცარიელი შპრიცების კანონი” სინამდვილეში არანაირად არ იყო პლატფორმის რეფორმის ალტერნატივა, მათ შორის მთავრობისათვის, ბოლო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კიდევ უფრო სარწმუნო გახდა. 17 აპრილის სხდომაზე დღის წესრიგში ორი საინტერესო საკითხი შევიდა – მომხმარებელთათვის დამატებითი სამოქალაქო უფლებების ავტომატური ჩამორთმევის საკითხი, რაც სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კანონით არის დღეს მოწესრიგებული. პლატფორმის მიერ შეთავაზებული რეფორმის ფარგლებში ეს კანონი მთლიანად უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან მოსამართლეებს ისედაც აქვთ პირისთვის ზოგადი წესით ამ ტიპის სანქციის დაკისრების შესაძლებლობა.
უფრო საინტერესო გახლდათ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინიციატივა, რომელიც მას პლატფორმის წევრებთან არც კი შეუთანხმებია – როგორც თავად უწოდა, ეს არის “მოხმარების ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია”. ცვლილების მიხედვით, მომხმარებელი დამნაშავედ მოხმარების მეორედ აღმოჩენის ნაცვლად, მეოთხე თუ მეხუთე შემთხვევაში უნდა ვაქციოთ.
საქართველო იმასაც კი ვერ ახერხებს, რაც რეგიონში უკვე ყველამ მოახერხა – ადამიანი არ აქციოს დამნაშავედ შარდის ანალიზის საფუძველზე.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის პოზიცია, რომლის მიხედვით “ქვეყნებმა უნდა იზრუნონ ისეთი ზომების გატარებაზე, რომლებიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის უფლების დაცვასა და საპატიმროების გადატვირთულობის შემცირებას, მათ შორის ზომებისა, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით ფლობის დეკრიმინალიზაცია”, პროფესიონალიზმით საქვეყნოდ სახელგანთქმული ქართველი ბიუროკრატებისთვის, როგორც ჩანს, არაფერს ნიშნავს.
“ცარიელიშპრიცებისრეფორმა” – ჰუმანურინარკოპოლიტიკისსამთავრობოალტერნატივა?