წარმატებული ბიზნესისა და ქველმოქმედების მემკვიდრეობა

წარმატებული ბიზნესისა და ქველმოქმედების მემკვიდრეობა

„ლუტეცია ჯგუფის“ ისტორია საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში იწყება. ვახტანგ ფხაკაძის მიერ წამოწყებული ბიზნესი დღეს ქვეყანაში წამყვანი ბრენდია. მამის ბიზნესის წარმატებაზე, მისი სახელობის ფონდის საქმიანობასა და ახალი კოსმეტიკური ბრენდის მომავალზე Forbes Georgia-ს ნათია ფხაკაძე-ჩიგირინსკაია ესაუბრა.

ნათია, როგორ დაახასიათებდით მამათქვენის მემკვიდრეობას და რა არის მისი ხედვისა და მიზნების ის ნაწილი, რომელთა გაგრძელებასაც გეგმავთ?

რაც თავი მახსოვს, მამაჩემი ამ სფეროში მუშაობდა. ექვსი წლის ვიყავი, როდესაც პირველად მოვხვდი მის საქმიან შეხვედრაზე. მისი ყველა საქმიანი მოგზაურობის მონაწილე ვიყავი და ძალიან მკაფიოდ მახსოვს, როგორ უნდოდა, საქართველოში ჩამოეტანა ის სილამაზე და ინდუსტრიის სტანდარტი, რაც სხვა ქვეყნებში ასე გვხიბლავდა.

ის, რასაც დღეს საქართველოში „ლუტეცია ჯგუფის“ სახით ვხედავთ, 30 წლის წინ დაიწყო. მანამდე კი იყო მრავალი მცდელობა, და ყველა ამ მცდელობით მამაჩემი პარფიუმერიის ირგვლივ ტრიალებდა. მიაჩნდა, რომ სხვა სფეროში ფულის შოვნა უფრო მარტივი იყო, თუმცა სიმარტივეზე მეტად ამ სფეროს ესთეტიკა და სილამაზე ხიბლავდა. ასე დაიწყო ბრენდი „ლუტეცია“, პარიზის პატივსაცემად შერჩეული სახელწოდებით – მამაჩემისთვის პარფიუმერია სწორედ საფრანგეთთან ასოცირდებოდა.

ჩემთვის ვახტანგ ფხაკაძე მხოლოდ ლიდერი ან ბიზნესმენი არ ყოფილა. ის იყო მეოცნებე ადამიანი, რომლისთვისაც „ლუტეცია ჯგუფი“ ოჯახის ტოლფასი იყო – აქ ის იქცეოდა ისე, როგორც ადამიანები იქცევიან ოჯახში, ოჯახის წევრებთან და ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობისას. უმუშავია მაღაზიაში, საწყობში, იქ, სადაც მისი ყოფნა საჭირო იყო – ამით ვინმეს რამეს კი არ უმტკიცებდა, უბრალოდ, ეს მისი ხასიათის გამოვლინება იყო.

ჩემი დაკვირვებით, ის მუდმივად ცდილობდა სხვებისთვის ცოდნის გაზიარებას, ანიჭებდა მათ თავისუფლებას და აძლევდა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგაც  „ლუტეცია ჯგუფი“ ვითარდება, იზრდება და ამბიციურ გეგმებს ისახავს. კომპანიას დღემდე მართავს ის გუნდი, რომელიც მამაჩემთან მუშაობდა. ისინი მყარი კედელივით დგანან და წინ მიდიან. მჯერა, რომ ეს ადამიანები, რომელთა გარემოცვაშიც წლები გავატარე, კომპანიას სწორედ იმ გზით ავითარებენ, რა გზითაც მამაჩემი განიზრახავდა.

მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ მამაჩემის მემკვიდრეობა გაგრძელდეს. ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და მან მასწავლა და მომცა მაგალითი, როგორ უნდა აკეთო ბიზნესი, როგორ უნდა იყო ეთიკური, როგორ უნდა გაუზიარო საზოგადოებას წარმატება და რამდენად მნიშვნელოვანია, ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუდმივად ფიქრობდე.

Photos: Inho Ko / Style: Lika Aladashvili

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ მამათქვენისგან მიღებული ის გაკვეთილები, რომლებმაც თქვენს, როგორც ლიდერის, თვისებებზე იქონია გავლენა?

სამი მთავარი გაკვეთილი მახსენდება მასთან გატარებული წლებიდან. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არაფერია შეუძლებელი. თუ მონდომებული ხარ, თუ სათანადოდ შრომობ – ყველაფერი შეგიძლია. ჩემთვის არასდროს იქნება მისაღები, თუკი ვინმე მეტყვის, „არ შემიძლია“. მირჩევნია მითხრან, არ მინდა ან არ მაინტერესებს.

მეორე, რაც მამაჩემისგან ვისწავლე, უკავშირდება მიზნისკენ სვლას. თუკი გადაწყვეტთ, რომ რაღაც უნდა გააკეთოთ, უკან არასდროს არ უნდა დაიხიოთ. ამ დროს მახსენდება ხოლმე, როგორ მასწავლა მან მანქანის მართვა. ზოლიდან ზოლში გადასვლისას, როდესაც მოხვევის ციმციმას ვანთებდი, მეუბნებოდა, მორჩა, შენ უკვე გადაწყვიტე, რომ ზოლს იცვლი, ახლა უკან ვეღარ დაიხევ. ვფიქრობ, ცხოვრებაშიც ამ ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

ამ ორზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მესამე გაკვეთილი, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას განსაზღვრავს. როგორი წარმატებული და მაგარიც არ უნდა იმ ადამიანების გარეშე, ვინც თქვენ გვერდით არიან, არაფერი გამოვა. იქნება ეს ოჯახი თუ გუნდი.

ზოგადად, თუკი მართალი და სამართლიანი გზით მიდიხარ, რა გამოწვევაც არ უნდა შეგხვდეთ, ყოველთვის უფრო განვითარდებით და დაწინაურდებით, ეს სირთულეები უფრო გაგაძლიერებენ. ხოლო, თუკი თქვენი გზა ან ქცევა არ არის სამართლიანი, წარმატება მუდმივი არასდროს იქნება. ეს ყველაფერი მამაჩემის საქმიანობაზე დაკვირვებით ვისწავლე და ვმუშაობ, რომ სწორედ ასეთი ვიყო მეც.

მინდა გკითხოთ ვახტანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაზეც. ფონდს აპრილში სამი წელი შეუსრულდება, როგორ შეაჯამებდით მის საქმიანობას და როგორია ფონდის სამოქმედო გეგმა?

საქველმოქმედო ფონდის დაფუძნება „ლუტეცია ჯგუფის“ ეგიდით მამაჩემის იდეა იყო. ის ირგვლივ ყველას, რითაც შეეძლო, ეხმარებოდა. ამიტომ ბევრი ეუბნებოდა, დროა, ფონდი დააფუძნოო. თუმცა ეს არ იყო მარტივი გადასაწყვეტი – ვის უნდა დაეხმარო, როგორ, რა ფორმით… მამაჩემი სულ ამბობდა, რომ თუკი ადამიანის დახმარება გსურს, მას თევზი კი არ უნდა უყიდო საჭმელად, არამედ თევზის ჭერა უნდა ასწავლო, რათა მთელი ცხოვრება შეძლოს საკუთარი თავის და ირგვლივ მყოფების დახმარება.

სწორედ ამიტომ მას სურდა, ფონდის საქმიანობა განათლების ხელშეწყობაზე ყოფილიყო ორიენტირებული. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ფონდი ბაბუამისის, ზესტაფონის სკოლის წარმატებული დირექტორის, სერგო ფხაკაძის სახელობის იქნებოდა და ახალგაზრდებს სწავლაში შეუწყობდა ხელს. სამწუხაროდ, მამაჩემის სიცოცხლე პანდემიას ემსხვერპლა და ამ იდეის რეალიზებას ის თავად ვერ მოესწრო.

როგორც ყველა მისი სხვა წამოწყება, ფონდის დაფუძნებაც ჩვენთვის სტრატეგიულ ამოცანად იქცა. 2020 წელს დავიწყეთ ფონდზე მუშაობა, პანდემიიდან გამოდიოდა ყველა სფერო და თავიდან ეს პროცესი სირთულეებით აღმოჩნდა სავსე. თუმცა ბიზნეს და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან პარტნიორობა მალევე დავიწყეთ. მამაჩემის 65 წლის იუბილეზე, 23 აპრილს, ფონდი სრულყოფილი ფორმით წარვადგინეთ.

თუკი თავდაპირველად მხოლოდ უნივერსიტეტებზე გვქონდა ფოკუსი, დღეს სამიზნე აუდიტორია უფრო ფართოა – ჩვენი მეგობარი ორგანიზაციების დახმარებით ვაფართოებთ პროექტების მასშტაბს, დაფინანსების მოცულობას და ვეხმარებით ყველას, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდებს, რათა ადამიანები დარწმუნდნენ, რომ მათი მონდომება და შრომა არასდროს რჩება შეუმჩნეველი.

ჩემი დიდი სურვილია, ფონდის საქმიანობის მხარდამჭერთა რიცხვი მკვეთრად გავზარდო. ასევე, მაქვს ამბიცია, ადამიანებს ჩვენ ირგვლივ ვუბიძგოთ, ჩვენი გავლით თუ არა, თავადვე დაეხმარონ სხვებს. მამაჩემი სულ ამბობდა, წარმატებას არა აქვს აზრი, თუკი სხვებს არ უზიარებო. სწორედ ამ განაცხადის გამოძახილია ფონდის საქმიანობა.

Photos: Inho Ko / Style: Lika Aladashvili

შეგვიძლია, ფონდის კონკრეტულ აქტივობებზე ვისაუბროთ?

როგორც უკვე აღვნიშნე, ფონდი სწავლას უფინანსებს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს. ამავდროულად, ჩვენ რამდენიმე რეგიონში ვეხმარებით აბიტურიენტებს გამოცდებისთვის მომზადებაში, რაც, თავის მხრივ, მასწავლებლების დასაქმებასაც გულისხმობს.

ჩვენი აქტივობები მოიცავს ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერასაც. ერთ-ერთი ასეთი კამპანია იყო პატარა მხატვარ ანა კალანდიას ნახატებიანი მაისურების წარმოება და გაყიდვა საქველმოქმედო მიზნებით. ამ პროექტიდან ანაზღაურება მიიღო მხატვარმაც და გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად ფონდის საქმიანობას მოხმარდა. ზოგადად, სიმბოლოების მჯერა და ძალიან სასიამოვნო დადასტურება იყო ჩემთვის, რომ ამ პროექტის დაწყება და ჩემი მესამე შვილის დაბადება ერთმანეთს დაემთხვა.

გარდა ამისა, ფონდი აქტიურად არის ჩართული განსხვავებული ან სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების მხარდაჭერაში, რაც გულისხმობს მათთვის სათანადო მოწყობილობების გადაცემას, სწავლებას, დღის ცენტრების საქმიანობის მხარდაჭერას და ა.შ.

თქვენ ახსენეთ ბატონი ვახტანგის საიუბილეო საღამო და საჩუქარი, რომელიც თქვენ მისთვის მოამზადეთ. შეგიძლიათ, მეტი დეტალი გაგვიზიაროთ ამის შესახებ?

მამაჩემს მრავალი წლის წინ დავპირდი, რომ 65 წლის იუბილეს მე გადავუხდიდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამის გაკეთება მის გარეშე მომიწევდა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ვნერვიულობდი, ვერცერთ შეცდომას ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს.

მიუხედავად რთული წინამოსამზადებელი პერიოდისა, ვფიქრობ, სასიამოვნო საღამო იყო. საუკეთესო ხალხი შეიკრიბა აუდიტორიაშიც და სცენაზეც: ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სუხიშვილების ანსამბლი, „შვიდკაცა“, ეკა ხოფერია, ნიკოლოზ წულუკიძე და სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოვიდა ლარა ფაბიანი. ვერც კი აღგიწერთ, რამდენად ოჯახური გარემო იყო შექმნილი დარბაზში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მამაჩემმა პანდემიის დროს დაგვტოვა და მუდმივად გვქონდა ის დანაკლისი, რომ სათანადოდ ვერ დავემშვიდობეთ. ამ საღამოზე გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ის სიკეთე და სიყვარული, რაც ვახტანგ ფხაკაძემ გვასწავლა, არ გამქრალა და გრძელდება.

ამ მნიშვნელოვანი თარიღისა და ფონდის მხარდაჭერისთვის, მამაჩემის მრავალი წლის ბიზნესპარტნიორებთან, ტიციანა და პაოლო ტერენცებთან ერთად შევქმენით მისი სახელობის ბრენდი. მამაჩემი მუდმივად ეძებდა ძველ ქართულ პარფიუმერიას, რათა გაეცოცხლებინა და ხელახლა გამოეშვა. მე პირიქით გადავწყვიტე და ნიშ-ბრენდს დავამზადებინე ბრენდი ქართველი ბიზნესმენისა და მეცენატის სახელით. ამ ლიმიტირებული გამოშვების სუნამოების გაყიდვიდან მიღებული თანხა სწორედ ფონდის საქმიანობას ხმარდება.

ამ სუნამოს შექმნის იდეა 2021 წლის ოქტომბერში, საფრანგეთში, კანში გამართულ გამოფენაზე დამებადა. იდეა ტიციანა ტერენცამ მოიწონა, წელიწად-ნახევარი გვქონდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ შევქმენით სუნამო, რომელიც უნისექსია. პირველი ვარიანტის სახელია „Vakho“ და 650 ბოთლია წარმოებული, ხოლო მეორე ვარიანტი – „Vakho65“ ლიმიტირებული გამოცემაა და მხოლოდ 65 ცალი იქნა წარმოდგენილი ბაზარზე.

ნათია, თქვენ ბატონ ვახტანგთან ერთად შექმენით ახალი კოსმეტიკის ხაზი L8A Cosmetics-ი. როგორია თქვენი გეგმები ამ მიმართულებით?

მამაჩემს დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა ისეთი ახალი ქართული ბრენდის განვითარება, რომელიც მასმარკეტისთვის მაღალი ხარისხის საექსპორტო პროდუქციას შექმნიდა. 2018 წელს, როდესაც მე პირველი ქალიშვილი შემეძინა, დამირეკა და მითხრა, რომ აკეთებს ქართულ ტუჩსაცხს, რომელიც იტალიური ტექნოლოგიით იქნება შექმნილი და მას სახელად სწორედ ჩემი ქალიშვილის სახელს, ლეას არქმევს.

მაშინ შევთავაზე, რომ L8A დაგვერქმია, რადგან ციფრი 8 ძალიან მომწონს, როგორც უსასრულობის სიმბოლო. მითხრა, რომ სახელის პატენტზე მოთხოვნა უკვე გაგზავნილი ჰქონდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ სახელწოდება LEA დაკავებული იყო და ამგვარად დარჩა ბრენდის სახელად L8A. პროდუქციამ დიდი ყურადღება დაიმსახურა, თუმცა პროექტი მამას გარდაცვალების შემდეგ დროებით შეჩერდა.

ამჟამად ვმუშაობ, რომ ბრენდი კვლავ და უფრო მასშტაბურად გაეშვას. უფრო მრავალფეროვანი იქნება კოსმეტიკური ნაწარმის ხაზი. ბრენდი კვლავ ქართული იქნება და კვლავ იტალიაში იწარმოება. ჩემი მიზანია, L8A გლობალურ ბრენდად ვაქციო.

Photos: Inho Ko / Style: Lika Aladashvili

სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

„ლუტეცია ჯგუფი“ ტრადიციულად გააგრძელებს საქმიანობას. დაგეგმილია ახალი მაღაზიების გახსნა, მათ შორის რეგიონებში გაფართოება. გაგრძელდება მონობრენდული მაღაზიების გაფართოებაც. ამბიციური გეგმები აქვს გუნდს, თუმცა ვთვლი, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და აუდიტორიამდე ამ სიახლეების ამბავი თავად მმართველმა გუნდმა უნდა მიიტანოს.

ინდუსტრიაში საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო ადრეც და, ვფიქრობ, ეს კონკურენცია კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც ძალიან კარგია. ჩემი აზრით, მის გარეშე დეგრადაცია დაემუქრება კომფორტში მყოფ ბიზნესებს. ამიტომ  ამ ნაწილში საფრთხე არ გვემუქრება. ვემზადებით, რომ მომხმარებლამდე მივიდეთ ინოვაციურ ფორმატებში. ამავდროულად, ვინც არ უნდა შემოვიდეს „ლუტეციაში“, ყოველთვის უნდა იპოვოს თავისთვის სასურველი პროდუქტი – იქნება ეს საფასო კატეგორია, ბრენდი, მასალა თუ სხვა. ისედაც ლამაზ და ქარიზმატულ ხალხს, როგორიც ქართველები არიან, მუდმივად დავეხმარებით, უკეთ წარმოაჩინონ თავი და ხაზი გაუსვან საკუთარ სილამაზეს.

ძალიან მიხარია, რომ ვაკეთებთ იმას, რაც მამაჩემს უნდოდა. მიხარია, რომ იგივე ხალხი მუშაობს და კვლავ ერთი ოჯახი ვართ.

თავის მხრივ, როგორც უკვე გითხარით, ამბიციური გეგმები გვაქვს L8A Cosmetics-სა და ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. ვუმიზნებთ სხვა ქვეყნის ბაზრებსაც.

საერთო ჯამში, ჩემი მთავარი ამოცანაა, გუნდის თუ ჩემი საქმიანობა მუდმივად ეხმიანებოდეს იმ მემკვიდრეობას, რაც მამაჩემმა დატოვა.

„თუ ერთ ადამიანს მაინც გაუუმჯობესე ცხოვრება, ესე იგი ტყუილად არ გიცხოვრია” – ეს მამაჩემის სიტყვებია და ჩემი მიზანია, ამ ფილოსოფიით ვიხელმძღვანელო ყველა საქმიანობისას.