წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის მხარდაჭერილი მთავრობის დაფინანსების პროექტი არ დაამტკიცა

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის მხარდაჭერილი მთავრობის დაფინანსების პროექტი არ დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერილი მთავრობის დაფინანსების პროექტი არ დაამტკიცა. 235 ხმით 174-ის წინააღმდეგ, შეთავაზებული კანონპროექტი დემოკრატებთან ერთად 38-მა რესპუბლიკელმა დეპუტატმაც ჩააგდო.

ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მთავრობის დაფინანსების 14 მარტამდე შენარჩუნებას და ორი წლით, სავალო ჭერის შეჩერებას ითვალისწინებდა. ეს უკანასკნელი ნიშნავს ვალის მაქსიმალური ლიმიტის დროებით მოხსნას ან შეჩერებას, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, ისესხოს მეტი თანხა შეზღუდვების გარეშე.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც წინა დაფინანსების კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდა და კონგრესს ვალის ლიმიტის არარსებობის გამო ედავებოდა, ახალ შეთანხმებას მხარს უჭერს. Truth Social-ის საშუალებით, ტრამპმა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ტრამპმა და მისმა მილიარდერმა მოკავშირემ ილონ მასკმა გააკრიტიკეს წინა დაფინანსების კანონპროექტი, რომელსაც მხარს პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი უჭერდა. მაშინ ტრამპმა სამთავრობო მოხელეები პირადი სარგებლის მიღებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ამერიკელები იბრძვიან, კონგრესი საკუთარი ხელფასების ზრდაზე ზრუნავს.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის დაფინანსების ახალი რაუნდი პარასკევ საღამომდე არ დამტკიცდება, მთავრობის გარკვეული სერვისები და პროგრამები პოტენციური შეჩერების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. თუმცა არსებითი სერვისები, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მუშაობას კვლავ განაგრძობს.