წელს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში 8 მილიონზე მეტ ქალსა და გოგონას დასჭირდება - UN Women

წელს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში 8 მილიონზე მეტ ქალსა და გოგონას დასჭირდება - UN Women

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა ორწლიანმა ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ნგრევა გამოიწვია, მილიონობით ადამიანი გადაასახლა და ქვეყნის ეკონომიკა გაანადგურა. მსოფლიო ბანკის, ევროკომისიის, გაეროსა და უკრაინის მთავრობის შეფასებით, სახელმწიფოს რეკონსტრუქციისთვის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 486 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო.

UN Women-ის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად 3,238 ქალი და გოგონა დაიღუპა, 4,872 კი დაშავდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ომის გამო ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა 56%, ანუ 4 მილიონი ადამიანი, ქალია. სხვადასხვა ვარაუდით, წელს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება დაახლოებით 8 მილიონ ქალსა და გოგონას დასჭირდა.

უკრაინაში ქალები მზარდი გამოწვევების წინაშე დგანან როგორც უსაფრთხოების, მართლმსაჯულების, სოციალური, ფსიქიკური, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებების, ასევე დასაქმებისა და სხვა აუცილებელი სერვისების წვდომის კუთხით. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრად რეგისტრირებული ადამიანების 72% სწორედ ქალია.

ამასთანავე, როგორც UN Women-ი აღნიშნავს, ომის მიერ წარმოქმნილი უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე ქალები უკრაინის ეკონომიკის ხერხემლად იქცნენ. დღეს ქვეყანაში ყოველი ორი ბიზნესიდან ერთს ქალი აფუძნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წელს უკრაინელი ქალების ხელმძღვანელობით 10,000-ზე მეტი ახალი კომპანია შეიქმნა. აქვე ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში 62,000-ზე მეტი ქალი სამხედრო მოსამსახურეა, მათ შორის 43,479 აქტიურ მოვალეობას ასრულებს, 5,000-ზე მეტი კი ფრონტის ხაზზეა განლაგებული.

UN Women-ის განცხადებით, 2023 წლის განმავლობაში ქალებისა და მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ქვეყნის მასშტაბით 10.6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.