წინანდლის ღვინის პირველი სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა

წინანდლის ღვინის პირველი სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა

3-4 ნოემბერს წინანდალში გამართული ღვინის სიმპოზიუმი კიდევ ერთი წარმატებული ეტაპია წინანდლის მამულის ისტორიაში. წინანდლის მამულისა და პრესტიჟული ევროპული ასოციაციის ღვინის დიდი ჟიურის (Grand Jury Du Vin) მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე თავი მოიყარეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა ღვინის მწარმოებლებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა, ჟურნალისტებმა და კრიტიკოსებმა, მათ შორის იყვნენ მეღვინეობისა და მევენახეობის ექსპერტები – ჟაკი რიგო, აქსელ მარშალი და ჟან-პიერ ჟირო, რომლებმაც სემინარები და მასტერკლასები გამართეს. საქართველოში ღვინის ისტორიას მიუძღვნა სემინარი ქართველმა ანთროპოლოგმა და მკვლევარმა, პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ.

სიმპოზიუმის პირველ დღეს ღვინის დიდმა ჟიურიმ 2010 წლის მოსავლის ბორდოს გრან კრუს (Bordeaux Grand Cru) 34 სხვადასხვა ღვინო დააგემოვნა, რაც საქართველოსა და რეგიონისთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა. დიდმა ჟიურიმ საუკეთესო ქართული ღვინოების დეგუსტაციაც გამართა.

სიმპოზიუმზე ევროპის ყველაზე ცნობილმა ღვინის მწარმოებლებმა, ისეთებმა, როგორებიცაა Château Haut-Brion, Veuve Clicquot და Hennessy, თავიანთი პროდუქციის ექსკლუზიური დაგემოვნება მოაწყვეს. სემინარებზე ისეთი ცნობილი ღვინის სახლების სხვადასხვა ვინტაჟის საუკეთესო ღვინოები იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა Chateau Guiraud, Domaine de l’A, Château Beauregard, Domaine de Chevalier, Domaine du Paradis, Château Constellation, Weingut Heitlinger, Domaine Karathaeuserhof, Champagne Lanson.

წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის ინიციატივა „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ბანკია.

„ამ ღონისძიებაზე ადგილობრივი მეღვინეები სპეციალურ ფორმატში ურთიერთობენ მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან, შემფასებლებთან, ღვინის კრიტიკოსებთან და ისმენენ მათ მოსაზრებებს, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ქართული ღვინოების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტიკოსები და შემფასებლები მეტს გაიგებენ ქართული ღვინის შესახებ და ეს კიდევ უფრო მეტად აამაღლებს ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის ისტორიის კვლევის პროექტზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ექსპერტებისთვის გაგვეცნო ქართული ღვინის ისტორია, რომელიც დაფუძნებულია სამეცნიერო ფაქტებზე და არამხოლოდ ლეგენდებზე.

გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი: „წინანდლის ღვინის სიმპოზიუმზე ჩამოვიდნენ მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლები. ეს არის ის ხალხი, ვის აზრსაც ყველა უსმენს, ვინც განსაზღვრავს თანამედროვე მეღვინეობის მიმართულებებსა და ტენდენციებს. სიმპოზიუმი წინანდალში ყოველ წელს გაიმართება, რაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასაც ემსახურება. ჩვენი მიზანია, საქართველოში ღვინის ტურიზმი სამეცნიერო, შემეცნებით დონეზე ავიყვანოთ, რათა ტურისტები ჩვენთან მხოლოდ ქართული ღვინისა და სამზარეულოს დასაგემოვნებლად კი არ ჩამოდიოდნენ, არამედ იმისთვისაც, რომ გააცნობიერონ ქართული მეღვინეობის მიღმა არსებული სამეცნიერო საფუძვლები და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები“.

ლორან ვიალეტი, Grand Jury Du Vin-ის პრეზიდენტი: „ვფიქრობ, ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენი პირველი გასვლითი სიმპოზიუმი წინანდალში იმართება. ეს ქართველი მეღვინეებისთვის საკუთარი ღვინის პოპულარიზაციის ფანტასტიკური შესაძლებლობაა. მე აქ Grand Jury Du Vin-ის 25 წევრთან ერთად ჩამოვედი. დელეგაციის წევრები არიან გერმანიიდან, ამერიკიდან, ინგლისიდან და ესპანეთიდან. დავაგემოვნეთ ქართული ღვინოები, საფერავი, და აღმოვაჩინეთ ძალიან კარგი ღვინოები. ყველანი ენთუზიაზმით ვართ აღვსილი და ვიზიარებთ საერთო აღფრთოვანებას. ქართველ მეღვინეებს 2010 წლის ბორდოს ყველაზე პრესტიჟული ღვინოები წარვუდგინეთ და გვინდა, მათ ყველა მსგავსება და განსხვავება გავუზიაროთ. ჩვენი წევრების უმეტესობა ჟურნალისტი და გავლენიანი კრიტიკოსია. ვფიქრობ, მათ აღმოაჩინეს, რომ ქართული ღვინო საუკეთესოა თავისი გემოვნური თვისებებით და ამ აზრს სხვებსაც გაუზიარებენ საკუთარ ქვეყნებში და ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ ინფორმაციას ფართოდ გაავრცელებენ“. S