ციფრული ინდუსტრიის გარდაქმნის მისია | ინტერვიუ ლევან კობახიძესთან

ციფრული ინდუსტრიის გარდაქმნის მისია | ინტერვიუ ლევან კობახიძესთან

ტექნოლოგიური სამყარო, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, დღითიდღე ვითარდება. ადამიანთა მრავალფეროვანი მოთხოვნილებები აურაცხელ ტრანზაქციას საჭიროებს, რისთვისაც ტექნოლოგიური სერვისების გამარტივება და დაჩქარება აუცილებელია.

ამ მიზნით იქმნება მრავალი ახალი პროდუქტი, იხვეწება არსებული და ჩვენი ცხოვრება სულ უფრო მეტად ციფრული ხდება. იმ აპლიკაციების უკან, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, დგანან საინტერესო ადამიანები, მათ შესახებ კი ბევრმა ჩვენგანმა ალბათ არც კი იცის.

ერთ-ერთი ასეთი ლევან კობახიძეა, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში მარკეტინგული და ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Making Science Sweeft-ის აშშ-ის რეგიონის მენეჯერია.

ამერიკის მსხვილ ტექნოლოგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობამდე გრძელი გზა იყო. ციფრულ ინდუსტრიაში ლევანმა 19 წლისამ შეაბიჯა და მუშაობა ფასდაკლებების საიტ Swoop.ge-ზე დაიწყო. სტარტაპმა გაამართლა. პლატფორმა სწრაფად გაიზარდა, მოიპოვა ინვესტიცია და განვითარების პროცესიც დაჩქარდა.

Swoop-ის პროექტის გენერალური მენეჯერობის პარალელურად, Emoney-ის კომერციული მენეჯერიც გახდა. 2014-15 წლებში კი ამ პლატფორმის განვითარებაზე სრულად ფოკუსირება ამჯობინა და აღმასრულებელი დირექტორის (CEO) რანგში შეუდგა საქმეს.

Emoney-ის სახელს ციფრული ინდუსტრიის განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ საქართველოში რამდენიმე ახალი პროდუქტის დანერგვა უკავშირდება, მათ შორის, საბანკო ბარათის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობით ბანკომატიდან თანხის განაღდება და ქვეყანაში კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ერთ-ერთი პირველი პლატფორმის შექმნა.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე განათლება საქართველოში მიიღო, თუმცა, როგორც თავად გვეუბნება, აქაური განათლების ხარისხი და მიდგომები მის ხედვასა და სამომავლო გეგმასთან თანხვდენილი არ იყო.

ასე გადაწყდა მაგისტრატურის მეორედ, ამჯერად, შეერთებულ შტატებში გავლა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. პრაქტიკული გამოცდილების უპირატესობით ლევანი სან-ფრანცისკოს ჰალტის ბიზნესსკოლაში 80%-იანი დაფინანსებით მოხვდა.

სან-ფრანცისკო, სილიკონის ველი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების, ასობით სტარტაპის სახლი და ამ სფეროთი დაინტერესებულთათვის საოცნებო ადგილია.

აქ სათავო ოფისები აქვთ ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Apple-ი, Google-ი, Meta და სხვა. საერთო ჯამში, ამ ზონაში განთავსებული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია 14 ტრილიონ დოლარს აღწევს.

„ეს იყო სრული ტრანსფორმაცია. 24 წლის ასაკში დავტოვე ორი სამსახური და მოვემზადე ახალი გამოცდილებისთვის. მოგეხსნებათ, რომ კალიფორნია, სილიკონის ველი ტექნოლოგიური კომპანიების ჰაბია და ამ სფეროში აკადემიური ცოდნის შესაძენად ეს ადგილი ჩემთვის ზედგამოჭრილი იყო.

ჩასვლისთანავე დავიწყე ღონისძიებებზე სიარული და კავშირების დამყარება. ერთი წლის გასვლის შემდეგ, როდესაც სტაჟირების გავლის საშუალება მომეცა, ბიზნესის უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა way.com-ში, რომელიც საპარკინგე ადგილების რეზერვაციის კომპანიაა“, – ეუბნება Forbes Georgia-ს ლევან კობახიძე.

ამის შემდეგ იყო შემოთავაზება სატელეკომუნიკაციო გიგანტ Veon-ისგან, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს, საქართველოში კი მაშინ Beeline Georgia-ს სახელით იყო წარმოდგენილი. Beeline Georgia-ს ლევანი ციფრული და ინოვაციების მიმართულებით ხელმძღვანელობდა და, ამავდროულად, Veon-ის მესენჯერ-აპლიკაციის აწყობის პროცესშიც მონაწილეობდა.

ეს Beeline Georgia-ს ციფრული ტრანსფორმაციის დასაწყისია, სერვის Freemium-ის დანერგვის, აპლიკაციის სრული განახლებისა და აქტიური მომხმარებლების რაოდენობის მკვეთრი ზრდის პერიოდი.

ამერიკული ვოიაჟის შემდეგ, 2018 წელს, დგება საქართველოს ბანკში სტარტაპ-ბიზნესების მიმართულების ხელმძღვანელობის დრო და იქმნება რამდენიმე პროდუქტი: უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge, მარაგების მართვის სისტემა Optimo და ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა Extra.ge.

„2020 წელს მთლიანად საქართველოს ბანკის ციფრული მიმართულების დირექტორი გავხდი და მართვის მასშტაბიც ძალიან გაიზარდა. ვიყავი მენეჯერი ყველა იმ ჯგუფის, რომლებიც ავითარებდა ბანკის მობილურ აპლიკაციებს, ბანკომატებს, გადახდის სისტემებს, ელექტრონულ ვაჭრობას, ჩატბოტს თუ ღია ბანკინგის მიმართულებას.

2022 წელს Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაგვასახელა. კონკურენტებად ისეთი ბანკები გვყავდა, როგორიც Bank of America და HSBC-ია, თუმცა ინოვაციური პროდუქტების ხარჯზე გამორჩეულები ჩვენ გავხდით“, – ამბობს ლევან კობახიძე.

ამ დროიდან ხდება შესაძლებელი ამერიკის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით, ანგარიშის ონლაინ, ფილიალში მისვლის გარეშე გახსნა და იქმნება ქართულ NLP-ზე (Natural language processing) დაფუძნებული ჩატბოტიც, რომელსაც მომხმარებელთან ურთიერთობა და მარტივი ოპერაციების შესრულება შეუძლია.

გასულ წელს ლევანი ამერიკაში დაბრუნდა, ამჯერად თითქმის 10-წლიანი გამოცდილებით და უკვე ნახსენებ Making Science Sweeft-ში დაიწყო მუშაობა, რაც იქაურ ბანკებთან, ფინტექ-ორგანიზაციებთან ურთიერთობას, მათთვის დეველოპერების მიწოდებას და მათ შორის, ქართველი დეველოპერების დასაქმებასაც მოიცავს.

ყველაზე დიდი ინტერესით ციფრულ ბანკინგს, ფინანსურ ტექნოლოგიებს და ამ მიმართულებით პროდუქტების განვითარებას აკვირდება, შესაბამისად, საკუთარ თავსაც ამ სფეროში მოიაზრებს, მთავარი მიზანი კი ახალ მასშტაბზე გასვლაა, საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში მიღებული გამოცდილების შეერთებულ შტატებში გამოყენება.

ამერიკაში ჩასვლის შემდეგ საბანკო სექტორის ციფრული ნაკლოვანებები საკუთარ თავზე მალევე გამოცადა – ანგარიშის გახსნა ონლაინ ვერ შეძლო, ფიზიკურად ამის გასაკეთებლად კი ორ კვირაზე მეტი დასჭირდა.

„მართალია, აშშ ყველაზე მოწინავე ქვეყანაა ტექნოლოგიური კუთხით, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არა აქვთ დანერგილი ზოგიერთი ისეთი საინტერესო პროდუქტი, როგორიც ჩვენ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ რეალობა ასეთია.

რამდენიმე ამერიკული ბანკის აპლიკაციას ვიყენებ და შეიძლება ითქვას, ქართული ბანკების მობილური აპლიკაციები, როგორც ფუნქციებით, ისე დიზაინით, ბევრად უფრო დახვეწილია. რაც უფრო დიდია საბანკო სექტორი, მით უფროა დამოკიდებული ის ძველ სისტემაზე და ძნელია ახალზე გადასვლა, გაციფრულება. იმდენი დეპარტამენტი და გუნდია, რომ ერთიანობა და მოქნილობა რთული ხდება“, – გვეუბნება ლევან კობახიძე.

სამაგიეროდ, შეერთებულ შტატებში ციფრული პროდუქტების ხარისხით ფინტექ-ორგანიზაციები გამოირჩევიან და ბანკებს ძალიან დიდ კონკურენციასაც უწევენ. 2023 წლის მონაცემებით, ამერიკაში 11,000-ზე მეტი ფინტექ-სტარტაპია, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ბანკების რაოდენობა კი 4,000-ს აჭარბებს.

ქართული საფინანსო სექტორი განსხვავებული და სპეციფიკურია – ბანკებს დიდი რესურსი, ტექნოლოგიურად კარგი პროდუქტები აქვთ, მაგრამ სტარტაპებისთვის ადგილი ნაკლებად რჩება.

ამასთან, ქართული ბაზარი პატარაა, აშშ-ში კი მასშტაბიც დიდია, კაპიტალიც და მოთხოვნაც – ფინტექ-ორგანიზაციები მომხმარებელს იმ სერვისს აწვდის, რასაც ბანკები ვერ ახერხებს. ამას ემატება საქართველოში ციფრულ სტარტაპებში ფულის დამბანდებელ კერძო ადგილობრივ ინვესტორთა ნაკლებობაც.

ფინანსურ ტექნოლოგიებს აქვს პოტენციალი, იმგვარი პატარა ქვეყნების ეკონომიკას, როგორიც საქართველოა, დიდი სარგებელი მოუტანოს და როგორც ინდივიდუალურ მომხმარებელს, ისე ბიზნესსა და მეწარმეებს შესთავაზოს ბანკებისგან განსხვავებული პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა უფრო ეფექტიანი, ნაკლებხარჯიანი და უფრო მეტად ინოვაციური იყოს.

ფინტექების განვითარება ხელს უწყობს ტექნოლოგიურ პროგრესს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და სხვ. შესაბამისად, საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ქართული სტარტაპები საერთაშორისო წარმატებასაც კი აღწევენ, არსებული სურათის მთლიანად შესაცვლელად, საჭიროა დამოკიდებულების, მიდგომების ცვლილება, მეტი ძალისხმევა როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფოს მხრიდან და იმგვარი პროფესიონალების არსებობა, რომლებიც საქართველოს სახელს საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის, ამერიკაში გაიტანენ. S