ციფრული რეალობა და მენტალური ჯანმრთელობა

ციფრული რეალობა  და მენტალური ჯანმრთელობა

სტატიის წარმდგენია ინერი, პირველი ქართული მობილური აპლიკაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

დღეს ჩვენი ცხოვრება ორ სცენაზე იშლება, რომელთაგან თითოეულს თავისი მკაცრი, ან პირიქით, მოქნილი წესები აქვს. პირველია რეალური სამყარო, დროისა და სივრცის ის მონაკვეთი, სადაც ჩვენი სხეული საკუთარ კანონებს ემორჩილება: ის იზრდება და ბერდება, იღლება და იწრთობა, იცვლება და გამოცდილებას იღებს. ამ რეალურ ურთიერთობებში, ყოველდღიურ სირთულეებსა თუ სიხარულში ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ სიმართლეს, ხანდახან უხერხულს, ხანდახან მტკივნეულს, მაგრამ მაინც ნამდვილს.

ხოლო მეორე სცენა ციფრული სივრცეა, სადაც რეალობის კანონზომიერებები თითქოს აღარ მოქმედებს. აქ ჩვენ მხოლოდ შერჩეულ ფრაგმენტებს ვაჩვენებთ — ერთ კადრს, ერთ კუთხეს, ერთ როლს. ციფრული „მე“ იქცევა სურათის მხოლოდ არჩეულ ნაწილად, რომელიც მთლიანობისგან არის მოწყვეტილი.

ამ ყველაფრის შედეგად, „მე“ იშლება ორ ნაწილად: ერთი, რომელიც სარკეში თავის დაუმუშავებელ სიმართლეს უყურებს, და მეორე, რომელიც კამერის წინ დგას, უკვე გაფილტრული და ეფექტზე მორგებული. სწორედ ამ ორ სცენას შორის იბადება ის უხილავი განხეთქილება, რომელიც ნელ-ნელა ქმნის შინაგან დაძაბულობას.

ასე ჩნდება თანამედროვე ცხოვრებაში „სრულყოფილი მე“ — ზუსტად შერჩეული კადრი, გაფილტრული ვიზუალი და წინასწარ დაფიქრებული სიტყვები. ეს არის იმიჯი, რომელიც ყოველთვის მზადაა მოიპოვოს მოწონება და სხვაზე დატოვოს შთაბეჭდილება. ასე ვცხოვრობთ ორ ბიოგრაფიას შორის — ერთი შინაგანი და დაუცველი, მეორე გარეგნული და პრიალა და ხშირად ვერც ვაცნობიერებთ, როგორ იზრდება მათ შორის განხეთქილება.

ვირტუალური „მე“ ხშირად უფრო დამაჯერებელი და მიმზიდველია, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური რეალობა. ის ყოველთვის ოპტიმიზებულია, თითქოს განკუთვნილია მუდმივი აპლოდისმენტებისთვის. თუმცა, რაც უფრო მკაფიო ხდება ეს გამოსახულება, მით უფრო იშლება მისი უკან მდგარი ადამიანი. ნამდვილი ემოციები და დაუფარავი გამოცდილებები ნელ-ნელა ქრებიან იმ ბრწყინვალებაში, რომელიც სხვებს ვაჩვენეთ.

ადამიანს ყოველთვის ჰქონდა სურვილი, დაეტოვებინა საკუთარი ისტორია. თუ წარსულში ამისთვის ალბომებს ვათვალიერებდით ან დღიურებს ვწერდით, დღეს უბრალოდ სოციალური ქსელი უნდა გავხსნათ. თითოეული პოსტი, ვიდეო თუ story ჩვენი ცხოვრების ნარატივის ნაწილია. მთავარი ცვლილება ისაა, რომ ეს ნარატივი საჯარო, ინტერაქტიური და მუდმივი რედაქტირების პროცესშია. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, იქნება ეს მოგზაურობა, კვება თუ პროფესიული მიღწევა, იქცევა “კონტენტად”. აქ მნიშვნელობა აღარ აქვს, ვაზიარებთ წარმატებას თუ მარცხს, სიხარულს თუ დეპრესიას, მთავარია, რომ ეს არის შერჩეული ფრაგმენტი, რომელიც გვიყვება ჩვენს შესახებ ამბავს. და სწორედ აქ იბადება მთავარი დაძაბულობა: როდესაც ვირტუალური იმიჯი რეალურ გამოცდილებას აღარ ემთხვევა, ადამიანი იწყებს დაკარგვას. სად არის ნამდვილი „მე“? სურათში, რომელიც სხვებს ვაჩვენეთ, თუ სხეულში, რომელიც ყოველდღე იცვლება და ჩვენს ისტორიას ატარებს? გაუცხოება ძლიერდება ზუსტად იქ, სადაც ეს ორი რეალობა ერთმანეთს აღარ კვეთს.

ამ ორი სამყაროს შორის გაუცხოება ფიზიკურ სივრცეში თითქმის ყოველთვის შფოთვას აჩენს. როცა რეალურად ხვდები ადამიანს, მის თვალებში დაინახავ დაღლას, სუნთქვაში ნერვიულობას, მოძრაობებში დაუცველობას. ეს შფოთვა ყოველდღიურობაში ნიღბავს თავს, მაგრამ მაინც თან გვდევს, როგორც უხილავი დაძაბულობა. მეორე მხრივ, ციფრულ სივრცეში ჩვენ თავად ვწერთ სცენარს, ვხდებით როგორც რეჟისორები, ისე კრიტიკოსები საკუთარი იმიჯისა, ხოლო სხვების ნაკუწებად მოყოლილი ცხოვრების მაყურებლებიც. ამ პროცესში, ადამიანი უფრო სურათად იქცევა, ვიდრე პიროვნებად.

ალბათ, ბევრ ჩვენგანს უგრძნია ის მომენტი, როცა მთელი დღე სხვისი თვალისთვის იყო განკუთვნილი, შენთვის კი ნაკლებად. შეხვედრებზე შთაბეჭდილებას ტოვებდი, სოციალურ ქსელში საუკეთესო კადრს დებდი, მაგრამ საღამოს, როცა მარტო დარჩი, უეცრად იგრძენი შიგნით სიცარიელე, რომელსაც ვერც ერთი ფილტრი ვერ ფარავს.

როდესაც საკუთარ იმიჯს ზედმეტად ვიცავთ, თანდათან ვკარგავთ კონტაქტს ჩვენს შინაგან გამოცდილებასთან. ვიწყებთ არსებობას ისე, თითქოს მუდმივად სცენაზე ვართ: ვარჩევთ სიტყვებს, ვცვლით ტონს, ვაკონტროლებთ თითოეულ მოძრაობას, რათა გარედან დამტკიცება მოვიპოვოთ. რაც უფრო ძლიერდება ეს მცდელობა, მით უფრო ვიკეტებით მოჩუქურთმებულ სურათში, რომელიც თითქოს ჩვენია, მაგრამ სინამდვილეში, უკვე ჩვენ აღარ ვართ. სწორედ ამის გამო, დღეს უფრო მეტად გვჭირდება საკუთარი ნამდვილობის აღმოჩენა და იმის გააზრება, თუ როგორ მოქმედებს ეს ორი სამყარო ჩვენზე.

ცხოვრება ორ სცენაზე — ეს არ არის გარდამავალი მოვლენა, არამედ ჩვენი დროის განუყოფელი ნაწილი გახდა. ციფრული სივრცე არ გაქრება და მასთან ადაპტაცია არის არა არჩევანი, არამედ აუცილებლობა. თუმცა, როდესაც „მოჩუქურთმებული სურათის“ შექმნა ადამიანის მთავარ მიზნად იქცევა, ამას მძიმე ფასი აქვს: ის პირდაპირ აისახება ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მუდმივი ოპტიმიზაციისა და შედარების კულტურამ მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი სხეულით და რეალური ცხოვრებით უკმაყოფილების მაჩვენებელი რადგან რეალური „მე“ ვერასდროს დაეწევა იდეალურ ციფრულ გამოსახულებას.

ჩვენი დროის დრამა იმაში მდგომარეობს, რომ ხელმოსაჭიდი რეალობის განცდა ნელ-ნელა ქრება. თუ მთელი ჩვენი თვითღირებულება მოწონებების ან კომენტარების რაოდენობით იზომება, ნამდვილად დავკარგავთ კავშირს იმ გამოცდილებასთან, რომელიც ციფრულ ეკრანს მიღმა ხდება. ამიტომ, გადამწყვეტია, ვისწავლოთ ბალანსის ხელოვნება. ეს არ ნიშნავს ციფრული სცენის უარყოფას, არამედ პრიორიტეტების შეცვლას. საჭიროა, შეგნებულად გამოვყოთ მეტი დრო რეალური ცხოვრებისთვის, იმისთვის, რაც არ საჭიროებს მონტაჟს, ფილტრს ან საჯარო დამტკიცებას. ეს არის დრო, როცა სხეულს მივცემთ უფლებას, იგრძნოს დაღლა, სიხარული, შფოთვა თუ სიმშვიდე, იმის შიშის გარეშე, რომ ეს გამოცდილება გარე მოწონებაზე არ იქნება გათვლილი.

ნამდვილობა იბადება არა იმიჯის სრულყოფაში, არამედ იმ სიმშვიდეში, რომელსაც ვგრძნობთ, როცა სარკეში ჩავიხედავთ დაუმუშავებელ სიმართლესთან. ბოლოსდაბოლოს, ციფრული „მე“ მხოლოდ ექოა, ხოლო ჩვენი ნამდვილი არსება იმ დაუცველ, მუდმივად ცვალებად სხეულში ცხოვრობს, რომელიც ჩვენს ისტორიას ყოველდღე ატარებს. თუ ამ ორ სამყაროს შორის კავშირს აღვადგენთ, „მოჩუქურთმებულ სურათში“ ჩაკეტილ ადამიანს გავათავისუფლებთ.