22 წლის გიორგი შონია ტექნოლოგიური სტარტაპის, Moncero-ს დამფუძნებელი და დირექტორია. ქართულ-შვეიცარიული კომპანია ქართული და უცხოური მსხვილი კომპანიებისათვის მოსახერხებელ, ადამიანებზე მაქსიმალურად მორგებულ ციფრულ პროდუქტებს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი კრიპტოპლატფორმა Nordom-ია, რომელიც, გიორგის თქმით, კრიპტოინდუსტრიის გლობალურ ლანდშაფტს შეცვლის.
სულ რაღაც 22 წლის ასაკში საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერული მიღწევები გაქვთ. როდის დაინტერესდით ტექნოლოგიების სფეროთი და როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?
ტექნოლოგიებით ჩემი დაინტერესება საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო. განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების სფერო მიტაცებდა. უნდა აღვნიშნო, რომ სკოლამ, რომელშიც ვსწავლობდი, ამ ინტერესის გაღვივებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. დაახლოებით მეხუთე კლასში უკვე აქტიურად ვსწავლობდი კიბერუსაფრთხოებას და ვაწყობდი საკუთარ პორტფოლიოს. მუშაობა 14 წლის ასაკში დავიწყე და, როგორც სტანდარტულად ხდება ხოლმე, სამეტაპიანი გასაუბრება გავიარე. მართალია, სამუშაო გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ საკმაოდ რთულ დავალებას გავართვი თავი, ამიყვანეს. შემდეგ ჩემს მშობლებს გაესაუბრნენ და ხელშეკრულებასაც მათ მოაწერეს ხელი. თავიდანვე ვიცოდი, რომ თუ ამ სფეროში წარმატების მიღწევა მინდოდა, ძალიან ბევრი უნდა მეშრომა. შევისწავლე რამდენიმე პროგრამული ენა და გავიარე ათობით კურსი. ეს ყველაფერი — სკოლის პარალელურად. მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომავალში რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გავხდებოდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ცხოვრებას ამ სფეროს დავუკავშირებდი. დეველოპმენტიდან ტექნოლოგიური კომპანიის მართვამდე გზა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მენეჯმენტში გადანაცვლება ბუნებრივი შემდეგი ეტაპი იყო. იმის გამო, რომ თავადაც არაერთ კომპანიაში მიმუშავია, ვიცი, რა სჭირდებათ ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს. ჩემს საქმეში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყოველდღიურად უამრავი თავსატეხის ამოხსნა გიწევს, რისთვისაც პატარა დეტალებსაც კი დიდი ყურადღება უნდა მიაქციო. სულ რაღაც ახალს სწავლობ.
რა ეტაპები გაიარეთ, სანამ საკუთარ კომპანიას დააარსებდით? რა იყო Moncero-ს შექმნის მთავარი მოტივაცია?
სანამ საკუთარი კომპანიის დაარსებაზე დავფიქრდებოდი, რამდენიმე ქართულ თუ საერთაშორისო კომპანიაში ვიმუშავე. იმ პერიოდში ბევრი სხვადასხვა თემა მაინტერესებდა და ცხოვრებისეული თუ სამსახურეობრივი გამოუცდელობის ფონზე ცოტა გამიჭირდა ყურადღებისა და დროის გადანაწილება. გარკვეული შეცდომების დაშვების შემდეგ გავიაზრე, რამხელა მნიშვნელობა აქვს საკუთარი კარიერული გზის წარმოდგენას, მკაფიო მიზნების დასახვასა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლას. ერთმანეთისგან განსხვავებულ ქართულ თუ უცხოურ პროექტებზე მუშაობისას ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე უშუალოდ დეველოპმენტის კუთხით, თუმცა იყო სირთულეებიც. წინა სამსახურებში ხშირად მიჩნდებოდა ახალი იდეები ან მაინტერესებდა რომელიმე მიმართულება და ამას ღიადაც ვაფიქსირებდი, მაგრამ განხორციელება ან ძალიან იწელებოდა, ან საერთოდ ვერ ხერხდებოდა. ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი გარემო იქნებოდა ჩემთვის ყველაზე კომფორტული და სასიამოვნო სამუშაოდ. საკმაოდ მიმზიდველი წინადადებები მქონდა საერთაშორისო კომპანიებიდან, მათ შორის, შემოთავაზებები გრძელვადიან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ რაღაც საკუთარის შექმნის დრო იყო. სანამ Moncero-ს შევქმნიდი, დავაფუძნე პირველი კომპანია, რითაც ფაქტობრივად პირველი ნაბიჯები გადავდგი გუნდის მართვისა და კლიენტებთან ურთიერთობის კუთხით. წელიწადნახევრის წინ კი შვეიცარიელ პარტნიორთან ერთად Moncero დავაარსე. დღეს ჩვენი კომპანია 80-მდე თანამშრომელს აერთიანებს და ერთად ვმუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტებზე.
შეგიძლიათ, Moncero-ს საქმიანობაში მეტად ჩაგვახედოთ? რა ტიპის პროდუქტებს ქმნით და ძირითადად ვინ არიან თქვენი კლიენტები?
ჩვენი გუნდი შედგება საკუთარი საქმის პროფესიონალი დეველოპერების, დიზაინერების, პროდუქტის მენეჯერებისა თუ მარკეტოლოგებისაგან, რომელთაც ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის პროექტის განხორციელება შეუძლიათ. ჩვენი აბსოლუტური ფოკუსი საკუთარი პროდუქტების შექმნაა, თუმცა დამატებით კომპანიებს ვეხმარებით ბიზნეს-პროცესების გაციფრულებაში, ვუწევთ კონსულტაციას ტექნოლოგიური გადაწყვეტების მიმართულებით, ვაკეთებთ UI / UX დიზაინს, ვახორციელებთ მონაცემებზე ორიენტირებულ მარკეტინგულ კამპანიებს და ა.შ. ძირითადად უცხოურ კომპანიებთან ვმუშაობთ და პროექტების სიმრავლის გამო საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გვაქვს. ამ პერიოდში რამდენიმე საინტერესო პროდუქტი შევქმენით: მაგალითად, ციფრული ხელსაწყო ადამიანური რესურსების მართვისათვის და სამედიცინო სერვისების მართვის სისტემა საავადმყოფოებისათვის. ვმუშაობთ ასევე სასტუმროს ბიზნეს-პროცესების მართვის პლატფორმაზე. ჩვენი ყველა პროდუქტი იქმნება საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და მხოლოდ საქართველოზე არ ვკონცენტრირდებით. საქართველო ძალიან კარგი ჰაბია პროდუქტის დასახვეწად, მომხმარებლებისაგან უკუკავშირის მისაღებად და გარკვეული დასკვნების გამოსატანად, თუმცა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ისეთი პროდუქტების შექმნაა, რომელთაც უცხოური ანალოგებისათვის ღირსეული კონკურენციის გაწევა შეუძლიათ. ახლა გვაქვს მოლაპარაკებები მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ავტომწარმოებელთან, რომელსაც ახალი თაობის მანქანებისთვის პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება — უფრო კონკრეტულად, სამართავი პანელისა და აპლიკაციების ჭრილში. ამ სიახლეს სულ მალე შევატყობინებთ საზოგადოებას.
ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი, რომელიც Moncero-ში შეიქმნა და რომელიც სულ მალე სრული სიმძლავრით გაეშვება, Nordom-ია — ეს არის პლატფორმა, რომელიც კრიპტოვაჭრობას ამარტივებს და მომხმარებლებს მარტივ და დაცულ გზას სთავაზობს ვირტუალური ტრანზაქციებისათვის.
საერთაშორისო კრიპტობაზარზე საკმაოდ ბევრი კონკურენტი გყავთ და ალბათ, მარტივი არაა ამ “ხმაურში” მომხმარებლების ყურადღება მიიქციო. რა სტრატეგია გაქვთ არჩეული Nordom-ით მომხმარებლების დაინტერესებისათვის?
ზოგადად, ჩვენს ყველა პროდუქტს გასდევს ეგ ხაზი, რომ ვცდილობთ, რაც შეიძლება მარტივი გამოსაყენებელი და აღსაქმელი იყოს. Nordom-ს აქვს ინტუიციური ინტერფეისი, რომელიც დამწყებისთვისაც გასაგები იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ოპერაციების დაცულობა, რასაც კიბერუსაფრთხოების თანამედროვე პროტოკოლებით უზრუნველვყოფთ. ასევე ვმუშაობთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციების დამატებაზე, მაგალითად, AI-ის დახმარებით საეჭვო ტრანზაქციების აღმოჩენაზე. გვინდა, რომ Nordom-ის პირველივე ნაბიჯები ამბიციური და რეზონანსული იყოს, ამიტომ საკომუნიკაციო კამპანიას პირდაპირ იმ მნიშვნელოვანი თანამშრომლობებისა და სასპონსორო შეთანხმების გაჟღერებით დავიწყებთ, რომელთა საბოლოო დეტალებიც ახლა ზუსტდება.
რაც შეეხება მარკეტინგულ სტრატეგიას, პლატფორმის ოფიციალურად წარდგენამდე, ოქტომბრის დასაწყისში გავუშვით ტელეგრამში ჩაშენებული მინი-თამაში, რომელსაც გაშვებიდან ერთ თვეში 4.5 მილიონი აქტიური მოთამაშე ჰყავს. თამაშის მონაწილეს აქვს შესაძლებლობა, მარტივი დავალებების შესრულებით და უბრალოდ, ჩართულობით გამოიმუშავოს პრიზები, რომელთაც მომავალში Nordom-ზე რეგისტრაციის შედეგად გაანაღდებს. მრავალარხიანი მარკეტინგული სტრატეგიის დახმარებით მოვახერხეთ არა მხოლოდ პროექტთან დაკავშირებული მოლოდინის შექმნა, არამედ მრავალრიცხვოვანი ლოიალური აუდიტორიის მოზიდვაც, რაც კარგ სასტარტო პირობებს ქმნის პლატფორმის წარმატებისათვის.
კრიპტოაქტივების ინდუსტრია მუდმივად მოძრავი და დინამიკური სფეროა, რომელზეც მრავალი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებია. როგორ აპირებთ ამ გამოწვევასთან გამკლავებას?
Nordom-ზე თბილისის გარდა, ჩვენი აშშ-ის ოფისიც მუშაობს. ამ მომენტში მთავარი ამოცანა სწორედ აშშ-ის ბაზარზე ფეხის მყარად მოკიდებაა, ამის შემდეგ კი აზიასა და ევროპაში გავფართოვდებით. Nordom-ის ამერიკული გუნდი იურიდიული და ფინანსური დეპარტამენტებისაგან შედგება, პროგრამული მხარდაჭერა კი მთლიანად ჩვენი ადგილობრივი დეველოპერების დახმარებით ხდება. აშშ-ის ბაზარი კრიპტოინდუსტრიაში შესასვლელად ერთ-ერთი ყველაზე რთული ბაზარია, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ეს სირთულე დასაწყისშივე გადაგველახა, რის შემდეგაც ყველაფერი დანარჩენი მნიშვნელოვნად გაგვიმარტივდება. თითოეული შტატისათვის სპეციფიკური ლიცენზიების მოპოვებაში ერთ-ერთი აღიარებული იურიდიული ფირმა Latham & Watkins გვეხმარება და წესით, მალე დავიწყებთ ნიუ-იორკში ოპერირებას. ასევე გვაქვს მოლაპარაკებები ერთ-ერთ მსხვილ საფეხბურთო კლუბთან, რომლის მაისურზეც შეიძლება Nordom-ი სპონსორად იხილოთ. პლატფორმა განვითარების საწყის ეტაპზეა და ჯერ მომხმარებლების ნდობა გვაქვს მოსაპოვებელი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ 3-4 წელიწადში მსოფლიოს ტოპ კრიპტობირჟების ხუთეულში ვიქნებით Binance-თან და ამ ინდუსტრიის სხვა ლიდერებთან ერთად. საზოგადოებისთვის Nordom-ის შესახებ დეტალების გაცნობა სულ ახლახან დავიწყეთ და ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ვპირდებით, რომ სიახლეებს არ მოვაკლებთ.
Moncero-ზე საუბრისას ახსენეთ, რომ საკუთარი კომპანიის შექმნა იმიტომ გადაწყვიტეთ, რომ გსურდათ, სხვა პროფესიონალებისათვის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო შეგექმნათ. რამდენად მარტივია საქართველოში ტექნოლოგიური კომპანიისათვის შესაბამისი კადრების პოვნა და როგორ ახერხებთ არსებული თანამშრომლების მოტივირებას?
საქართველოს ბაზარზე ტექნოლოგიების სფეროში უზარმაზარ პოტენციალს ვხედავ. უამრავი პროფესიონალი გვყავს, რომელთაც შეუძლიათ დახვეწილი პროდუქტების შექმნა და განვითარება. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ საინტერესო ციფრულ პროდუქტებზე სამუშაოდ აუცილებელი არაა საზღვარგარეთ წასვლა და ქვეყნიდან გაუსვლელადაც შეუძლიათ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება. ჩვენი კომპანია მეგობრული ატმოსფეროთი გამოირჩევა. გვყავს ისეთი თანამშრომლები, რომლებიც პირველივე დღიდან ჩვენთან ერთად არიან და ძალიან სასიამოვნოა იმაზე დაკვირვება, რამდენად სწრაფად გაიზარდნენ და ახლა როგორ ეხმარებიან სხვებსაც განვითარებაში. გვაქვს რეგულარული HR შეხვედრები იმის დასადგენად, გუნდის წევრებიდან ვის რა მიმართულებით უნდა განვითარება და ასევე საკმაოდ მოქნილები ვართ როლების, პოზიციებისა თუ პროექტების ცვლასთან დაკავშირებით. მიუხედავად ტექნოლოგიებით მზარდი დაინტერესებისა, კონკრეტულ პოზიციებზე კვალიფიციური კადრების მოძებნა მაინც საკმაოდ რთულია. გამოცდილ პროგრამისტებსა თუ დეველოპერებს დასაქმების კუთხით საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა ჩვენი მთავარი უპირატესობა საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობაა. ამ კუთხით Moncero ძალიან კარგი ადგილია სამუშაოდ. უპირატესობას ვანიჭებთ ადამიანებს, რომლებიც არასდროს წყვეტენ ახალი ცოდნის შეძენას და გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი უნარებით გამოირჩევიან.
ვინ არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც Moncero-სა და Nordom-ს ქმნით?
ჩვენი გუნდი ტექნოლოგიებზე შეყვარებული გამოცდილი ადამიანებით არის დაკომპლექტებული. ლიდერშიფის თითოეულ წევრს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებთან მუშაობის კუთხით. ლაშა მაღლაფერიძე ჩვენი მთავარი ტექნოლოგიური დირექტორია (CTO) – სწორედ მისი ხელმძღვანელობით ვახერხებთ, რომ Moncero მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იყოს უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო თანამედროვე მიდგომების დანერგვის კუთხით. მარკეტინგის დირექტორი (CMO) ნიკა ცოტნიაშვილია — მისი მთავარი მიდგომა მონაცემებზე დაფუძნებული და კრეატიული კონტენტ-მარკეტინგის სინთეზია. დიზაინის მიმართულებას ლუკა გაბიძაშვილი უძღვება და დიზაინერების გუნდთან ერთად ჩვენი თითოეული პროექტისთვის უნიკალურ ვიზუალურ ენას ქმნის. ნატალი უჩანეიშვილს, ჩვენს ოპერაციულ დირექტორს (COO) 7-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს HR-ისა და მენეჯმენტის სფეროში. მისი მთავარი ამოცანაა, კომპანიაში არსებულ გუნდები სინქრონულად მუშაობდნენ მომხმარებელზე ორიენტირებული, უწყვეტი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაზე. რაც შეეხება ჩვენს ფინანსურ დირექტორს (CFO), გიგა ზუხბაია საკრედიტო ანალიტიკაში, კრიპტოასეტების კვლევასა და თრეიდინგში დაგროვებული უზარმაზარი ცოდნით ეხმარება Moncero-სა და Nordom-ს ფინანსურად მდგრად, წინსვლაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებად ჩამოყალიბებაში. ამ ადამიანებს უზარმაზარი წვლილი მიუძღვით მონსეროსა და ნორდომის ასეთ სწრაფ ზრდაში და ვამაყობ, რომ მათთან ერთად ვმუშაობ კომპანიის განვითარებაზე.
რა გეგმები გაქვთ Moncero-ს განვითარებასთან დაკავშირებით?
ჩვენი მიზანია, თითოეული ის პროდუქტი, რომელიც შექმნილი გვაქვს, მაქსიმალურად დავხვეწოთ და საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ. გვინდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიურ კომპანიებს გავუწიოთ კონკურენცია და გავაგრძელოთ ჩვენი კლიენტებისთვის საუკეთესო პროგრამული თუ მარკეტინგული გადაწყვეტების შეთავაზება. რაც მთავარია, ღია ვართ ახალი შემოთავაზებებისათვის და მუდმივად ვეძებთ ადამიანებს, კომპანიებსა და პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს ხედვასა და ღირებულებებს გაიზიარებენ.