თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ “შატო მუხრანში” გვიმასპინძლა. გასული დროის განმავლობაში მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით საქართველოს სამეწარმეო ისტორიისთვის ბევრი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა, რამაც მას “წლის მეწარმის” ტიტული მოუტანა. ამ მოვლენათაგან ყველაზე გამორჩეული ლონდონის ბირჟაზე TBC-ის აქციათა საჯარო შეთავაზებაა, თუმცა მამუკა ხაზარაძის სამომავლო პროექტები არანაკლებ მასშტაბურია.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EY-ის ჟიურის საქართველოს პირველი “წლის მეწარმის” გამოვლენა, წესით, ნამდვილად არ უნდა გასჭირვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ World Entrepreneur of the Year-ის კონკურსზე საქართველოს თითოეული პოტენციური წარმდგენის წარმატების ისტორია საინტერესო და საყურადღებო იყო, დარწმუნებით შეიძლება ითქვას – “წლის მეწარმის” ტიტულის არც ერთ პრეტენდენტს არ შეუქმნია რამდენიმე ბიზნესქეისი ერთმანეთის პარალელურად, რომელთაგანაც თითოეული, ცალკე აღებული, ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა კონკურენტთა მთავარ ბიზნესმიღწევებს.
TBC ბანკის აქციონერსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, TBC ჯგუფის ხელმძღვანელს, კომპანია “IDS ბორჯომის” დამფუძნებელს, პარტნიორსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ჩაის ბრენდ “გეოპლანტისა” და “შატო მუხრანის” აქციონერს, უძრავი ქონების კომპანიის GRDC-ის პრეზიდენტს, “ლისი დეველოპმენტის” დამფუძნებელსა და პრეზიდენტს და “ამერიკული აკადემიის” თანადამფუძნებელსა და თანათავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს, ნამდვილად გასიგრძეგანებული აქვს მსოფლიოს უმაღლესი ლიგის ანტრეპრენიორების მთავარი წესი – დივერსიფიცირება.
თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ Forbes Georgia-ს “შატო მუხრანში” უმასპინძლა. ამ სასახლის აღდგენამ, ინფრასტრუქტურამ და ისტორიულ სინამდვილესთან მიახლოებამ იმხელა ინვესტიცია მოითხოვა, რომ პროექტზე საქველმოქმედო უფრო ითქმის, ვიდრე კომერციული და ეს ფაქტი მამუკა ხაზარაძის საქმიანობის კიდევ ერთი მახასიათებელია – უნიკალური ტრადიციების, კულტურული ღირებულების მქონე ბრენდების გადარჩენა, შენარჩუნება და აღორძინება. დღეს “შატო მუხრანი” სრული დატვირთვით მუშაობს და ამ ბრენდის ღვინო საერთაშორისო წარმატებებს აღწევს.
ორი წლის წინანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა – TBC ბანკმა წარმატებული IPO განახორციელა და შეუერთდა მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების მქონე კომპანიებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე – ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბირჟაზე მსოფლიოში. აქციების საჯარო შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე საკმაოდ სერიოზულ წინა მოსამზადებელ სამუშაოსა და იმ სტანდარტზე გადასვლას მოითხოვდა, რომელსაც კორპორაციული და ბიზნესის მართვის უმაღლესი კულტურა ჰქვია, რასაც კომპანიამ შესანიშნავად გაართვა თავი.
აქციების საჯარო შეთავაზებამ $268 მილიონი და ასი სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორი მოიზიდა. ეს არა მარტო TBC ბანკის წარმატება, არამედ ქვეყნის ბიზნესის გამარჯვებაც იყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ყირიმის კრიზისი პიკს უახლოვდებოდა და სავალალო გავლენას ახდენდა მთელ რეგიონზე.
ბუნებრივია, როცა ამ მასშტაბის გაფართოებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესახება არის საუბარი, აუცილებელია გუნდის გაძლიერება. კომპანიას არავინ ჩაუნაცვლებია, პირიქით –TBC ბანკმა შეიძინა სამი ახალი დირექტორი. ერთ-ერთი მათგანი, “დოიჩე ბანკის” რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტობიდან საქართველოში დაბრუნებული დავით წიკლაური Forbes Georgia-ს წინა, ნოემბრის ნომერში წარგიდგინეთ. შეგახსენებთ, დღეს იგი TBC-ის კორპორაციულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. დავით წიკლაურის გარდა TBC ბანკის მოწვევით საქართველოში დაბრუნდა გიორგი თხელიძე, რომელიც “ბარკლიში”, ასევე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა და ნიკოლოზ ქურდიანი, რომელიც კომპანიამ “ბანკ კონსტანტას” CEO-ს პოზიციასა და TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე სამუშაოდ მოიწვია.
TBC ბანკი მხოლოდ ადამიანური შენაძენით არ შემოფარგლულა. 22 წლის წინ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ პატარა შემნახველ სალაროს, რომელიც მოგვიანებით ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ბანკად იქცა, სულ ცოტა ხანში ყველაზე დიდი საბანკო ჰედ-ოფისი და ბიზნესცენტრი ექნება საქართველოში – ვაკე-საბურთალოს გზაზე, ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის ადგილზე.
TBC ბანკმა პირველად ორი წლის წინ ჩაატარა ღია არქიტექტურული კონკურსი შენობის რეკონსტრუქციაზე. გაიმარჯვა ლიტველმა არქიტექტორმა. თუმცა მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი სიმბოლო, ამიერკავკასიის სამხედრო ბაზა მთლიანად დანგრეულიყო. ამ შენობის სრული დემონტაჟი უახლოეს მომავალში დაიწყება. ახალ კონკურსში კი მსოფლიოს წამყვანმა თექვსმეტმა არქიტექტურულმა სტუდიამ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვება მოიპოვა ჰოლანდიურმა კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. TBC ბანკს არქიტექტურული და საინჟინრო თვალსაზრისით ამიერკავკასიაში გამორჩეულად ნოვატორული და საინტერესო სათავო ოფისის აშენება აქვს განზრახული. შენობა საოპერაციოდ აქტიურად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს – წყლის, ქარისა და მზის ენერგიას.
ძნელი წარმოსადგენია წამოწყება, რომელიც TBC-ის წარმატების მასშტაბს დაჩრდილავს. მაგრამ აშკარაა, მამუკა ხაზარაძე არ არის მეწარმე, რომელიც მხოლოდ წარსულის მიღწევებით კმაყოფილდება. მისი მზერა მუდმივად მომავლისკენაა მიმართული. მომავალის მეგაპროექტები კი უკვე დღეს იკვეთება ჰორიზონტზე.
ბოლო შეხვედრიდან ორი წლის შემდეგ, წლის მეწარმემ “ლისი დეველოპმენტის” უზარმაზარ კომპლექსში გვიმასპინძლა. ჩვენ ამ და სხვა – მისი უშუალო ხელმძღვანელობით სულშთაბერილ წარმატებულ სტარტაპებზე, აგრეთვე სამომავლო პროექტებზე ვისაუბრეთ. “მწვანე ქალაქი ლისიდან” წამოსული, ვფიქრობდი, ამ პროექტების განხორციელება მისი სამეწარმეო ბიოგრაფიისთვის უფრო დიდი მონაპოვარია, თუ ქვეყნისთვის. ეს ის კითხვაა, რომელიც ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ აუცილებლად დაგებადებათ და პასუხსაც ადვილად გასცემთ.
––––––––––––––
საბანკო სექტორის პარალელურად, თქვენ დეველოპერულ ბაზარზეც ერთ–ერთ ყველაზე ინოვაციურ და წარმატებულ მოთამაშედ დამკვიდრდით. როგორ დაიბადა “ლისი დეველოპმენტის” დაფუძნების იდეა, რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა მასში და რა ფაზებად შენდება “მწვანე ქალაქი”?
თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ლისის მიწები შევიძინეთ აუქციონის წესით, ეს მოხდა კრიზისამდე. შემდგომ ამას ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაემთხვა, რამაც პროექტი რამდენიმე წლით გააჩერა. სამი წლის წინ პროექტი განვაახლეთ და მოვიზიდეთ თანხები საერთაშორისო (ძირითადად, ჰოლანდიური) ბანკებისაგან. პირველი ფაზა წარმატებით დავასრულეთ. წარმატებაში ორ ფაქტორს ვგულისხმობ: პირველი იმას, რომ ამ კონცეფციამ უკვე მეოთხეჯერ მიიღო საუკეთესო დეველოპმენტისა და არქიტექტურის პრიზი ლონდონში და აღიარეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურა ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის დეველოპერებს შორის.
მეორე წარმატება კი პირველმა განსაზღვრა. მშენებლობის პირველი ფაზის შედეგი მთლიანად გაყიდულია, ანუ აქ უკვე ხალხი ცხოვრობს. უკვე მეორე ფაზის მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც ორჯერ უფრო მასშტაბურია ზომის მიხედვით, თუმცა არ დარღვეულა თავდაპირველი პარამეტრები – ჩვენ აქ იმაზე ნაკლებს ვაშენებთ, ვიდრე უფლება გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შევქმნათ გარემო, ცხოვრების ახალი სტილი და არა კვადრატული მეტრები. ჩვენი კონცეფცია არ ემყარება კვადრატული მეტრების გაყიდვას. ჩვენი კონცეფცია ემყარება იმას, რომ ადამიანმა აქ თავი ბუნებასთან ჰარმონიაში იგრძნოს. ძირითადი აქცენტი არის სიმწვანეზე, სუფთა გარემოზე, ხედზე, ინფრასტრუქტურაზე.
პარალელურად, თქვენ იცით, რომ ლისის ტბის მიდამოებში მშენებლობას არ განვახორციელებთ, იქნება რეკრეაციული ზონა. იქ მხოლოდ სასწავლო დაწესებულების ტიპის შენობა გაჩნდა – “ამერიკული აკადემია”. ეს იქნება თბილისელებისთვის კარგი დასასვენებელი ადგილი.
პირველ ფაზაში დაახლოებით $30 მილიონი ჩავდეთ, მეორე ფაზა ორჯერ მეტს მოითხოვს – დაახლოებით $50-60 მილიონს.
საცხოვრებელი ერთეულების გარდა რა ქვეპროექტებს მოიცავს “მწვანე ქალაქი ლისი”?
ჩვენ უკვე ავაშენეთ თანამედროვე ტიპის გოგირდის აბანო, რომელიც რამდენიმე კვირაა, ფუნქციონირებს. ავაშენეთ FIFA-ს სტანდარტის ფეხბურთის მინისტადიონი საუკეთესო, ბოლო თაობის საფარით. მოვაწყვეთ ინფრასტრუქტურა, რომელიც დამსვენებლებს სჭირდებათ. მოვაწყვეთ სანაპირო ზოლი, სპეციალური ბაქანი, გაიხსნა რესტორანი, კაფე. მომავალში დაგეგმილია, გაკეთდეს ტბის გარშემო სარბენი ბილიკი, მიმდინარეობს ტერიტორიის ინტენსიური გამწვანება. ლისის ტერიტორიაზე გავხსენით კომპანია “ლისი გრინსი”, სადაც ჩამოტანილია 50-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა ტიპის იტალიური ხე და მცენარე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და ასევე, ვთავაზობთ ქალაქის მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ეპიცენტრში არის ამერიკული აკადემია, რომელიც უკვე 12 წელია, რაც არსებობს და მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლაა საქართველოში. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ახლა გამოქვეყნდა ამერიკული საუკეთესო სკოლების რეიტინგი და პირველ ადგილზე “ექსეტერის აკადემია” გავიდა. ეს სწორედ ის აკადემიაა, რომლის მეთოდოლოგიითაც ჩვენ ვასწავლით “ამერიკულ აკადემიაში”. ეს არის “ჰარკნესის მაგიდის” პრინციპი. ეს პრინციპი დანერგილია მხოლოდ “ექსეტერის აკადემიაში” და “ამერიკულ აკადემიაში”, თბილისში.
რა ინვესტიცია ჩაიდო “ამერიკული აკადემიის” ახალ შენობაში, რომელიც “მწვანე ქალაქში” ორი წლის წინ გაიხსნა?
ამ შენობაში დაახლოებით $5 მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ მთლიანობაში და გვინდა, რომ ლისის გარშემო ტერიტორია დავუთმოთ მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტებს. გვაქვს რამდენიმე ჩანაფიქრი, რომლებიც ჯერ ჩანასახის დონეზეა, თუმცა, თუ განვითარდა, გვინდა, რომ ბუნება, სწავლა და სპორტი იყოს ერთმანეთთან შერწყმული და თავმოყრილი.
ამერიკული აკადემია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სასწავლებელია, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. რა ღირს ამჟამად ამერიკულ აკადემიაში სწავლა და ნიჭიერ თუ ხელმოკლე მოსწავლეთათვის თანადაფინანსების რა მოდელები გააჩნია სკოლას?
მინდა გითხრათ, რომ ფასის სიდიდე არ არის გამოწვეული მოგების მიზნით. დამერწმუნეთ, მთელი შემოსავალი ხმარდება სწავლის პროცესს. წესდების თანახმად, თუ ოდესმე ამ სკოლას მოგება ექნება, აუცილებლად სკოლისა და სასწავლო პროცესის განვითარებას მოხმარდება. ჩვენს სკოლაში ერთი მასწავლებელი 12 მოსწავლესთან მუშაობს, რადგან ჰარკნესის მაგიდა 12 მოწაფეზე მეტს ვერ იტევს. ამიტომ, მასწავლებლების რაოდენობა და საათების რაოდენობა ბევრია, რაც თავისთავად სწავლის ფასზე აისახება. შემოსავლის 25% სტიპენდიებს ხმარდება. ეს სტიპენდიები ნაწილდება იმ ბავშვებზე, რომლებსაც ვერ აფინანსებენ ოჯახები. თქვენ იცით, რომ ჩვენთან მიღების კრიტერიუმი არ არის ფულის გადახდა. მიღების კრიტერიუმი არის გამოცდების ჩაბარება. თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა გაიარა გამოცდები, მაგრამ ოჯახს არა აქვს გადახდის საშუალება, ჩვენ ასეთ ბავშვებს ვაფინანსებთ 25, 50 და 100%-ის ოდენობით, იმისდა მიხედვით, თუ როგორი მდგომარეობა აქვს ოჯახს. ეს ხდება ოჯახთან მოლაპარაკებით და შეთანხმებით.
ასევე, ვაფინანსებთ იმ ბავშვებს, რომლებიც სწავლის პერიოდში გამოირჩევიან აკადემიური წარმატებით. მე არ მახსოვს, ამ წლების განმავლობაში ვიღაცისთვის უარი გვეთქვას სწავლის გაგრძელებაზე ფინანსური მოტივაციის გამო. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. აქ მთავარი ცოდნაა. შესაბამისად, ბავშვები, რომლებიც ჩვენს სკოლას ამთავრებენ, ძალიან ძლიერები არიან. მაგალითად, წელს 55-მა ბავშვმა, ვინც აკადემია დაამთავრა, $2,5 მილიონის სტიპენდია მოიპოვა უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რა დონის სწავლაა და რა დონის შედეგზე ვართ ორიენტირებული.
უფრო ძველ პროექტებსაც შევეხოთ. “შატო მუხრანის” გარდა თქვენ და თქვენმა გუნდმა კიდევ ერთი უნიკალური ტრადიციების პროდუქცია ააღორძინეთ. რა მდგომარეობაში ჩაიბარეთ “ბორჯომი” და რა მდგომარეობაში იყო იგი, როცა 2012 წელს “ალფა ჯგუფის” საკუთრება გახდა?
ამ ბიზნესიდან თითქმის გამოვედით, ანუ არ ვმონაწილეობთ კომპანიის მართვასა და გადაწყვეტილებებში, თუმცა ვრჩებით კომპანიის გულშემატკივრებად. “ბორჯომის” განვითარებაში დიდი ემოცია, ენერგია და ფინანსები ჩავდეთ. როცა ჩვენ შევედით, სულ 5 მილიონი ბოთლი ისხმებოდა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები სავსე იყო ფალსიფიცირებული პროდუქციით. ეს რთული ამოცანა იყო. ზუსტი ასლი კეთდებოდა. გემოვნური თვისებითაც ძალიან რთული გასარჩევი იყო მოსკოვის “ბორჯომი” ნამდვილი “ბორჯომისგან”. ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის გაწმენდა და ავაწყვეთ ევროპული ტიპის წარმოება. მსოფლიოში ვერ ნახავთ ასეთი ქარხნებისა და წარმოების ბევრ ანალოგს. დავიწყეთ წყლის ხარისხის გულდასმით კონტროლი. რაც მთავარია, შეიქმნა რამდენიმე ბრენდი “ბორჯომთან” ერთად. ეს არის “მიტარბი”, “ბორჯომის წყაროები”, “ლიკანი” და ა.შ.
ახლა უფრო ძლიერია კომპანია, ვიდრე 2006 წელს, რუსეთის ემბარგომდე?
რა თქმა უნდა! ჩვენ მოვახერხეთ, რომ 2006 წლის ემბარგოს მერე, რამდენიმე წელიწადში, “ბორჯომი” ყიდდა იმაზე მეტს რუსეთის გარეშე, ვიდრე რუსეთიანად 2006 წლამდე. ეს ნიშნავს, რომ, რაღაც კუთხით, ემბარგომ კარგად იმოქმედა. იძულებული გავხდით, სხვა ბაზრები გაგვეხსნა. დღეს ეს ბაზრებიც შენარჩუნებულია, ხოლო რუსეთს ლიმიტირებულად ვაწვდით – იმდენს, რომ კრიტიკულ მასად არ იქცეს. ბორჯომი 40 ქვეყანაში გადის და არის პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე დიდი და, რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე ძვირად ღირებული წყალი. წყლის გაყიდვა ერთია, მაგრამ მისი ფასის დაჭერა – მეორე. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი პოტენციალის რამ გაკეთდა და ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა.
თქვენ კომპანია “გეოპლანტის” აქციონერი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ხართ. რამდენიმე თვის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ გსურთ კომპანიის ბრენდმა, ჩაი “გურიელმა”გაიმეოროს“ბორჯომის” წარმატება, რომელიც მულტინაციონალური კომპანია გახდა. რა აქტივობებია ამ მიმართულებით?
უახლოეს ხანში გავხსნით მეორე დასაფასოებელ ქარხანას გურიაში. თქვენ იცით, რომ ჩვენ რამდენიმე სახეობის პროდუქცია შევქმენით უკვე, არა მარტო კლასიკური და მწვანე ჩაი, არამედ ხილის ჩაი, ციტრუსების ჩაი. ჩვენი ჩაი აბსოლუტურად უნიკალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ეს ყველაფერი არის ნატურალური, ჩვენი ველური ინგრედიენტებითა და ხილით. ქართულ ბაზარზე ლიდერები ვართ და დადგა დრო, რომ ექსპორტზე გავიდეთ. ახლა მიდის მუშაობა რამდენიმე მსხვილ ბაზარზე, მათ შორის არის რუსეთი და უკრაინა. აგრეთვე ურთიერთობა გვაქვს ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან და ამერიკაშიც დაიწყება “გურიელის” ექსპორტირება, რაც მეტ ახალ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა გადავაიარაღოთ პლანტაციები და მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ.
ჩაის, ისევე როგორც ბორჯომსა და ღვინოს, საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. საქართველო არის ყველაზე ჩრდილოეთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ჩაის აწარმოებს, ეს შესაძლებლობა არ უნდა გავუშვათ ხელიდან. “გურიელი” იქნება ამის ავანგარდში.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – თქვენ მეგაპროექტების შთამბეჭდავი სია დააანონსეთ. მათგან ყველაზე მასშტაბურია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ანაკლიის პორტისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის მშენებლობა. რა ოდენობის ინვესტიციაზეა საუბარი და რა ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ქვეყნისთვის?
საქართველოს მე ვუყურებ როგორც ფინანსურ ცენტრს, როგორც ტურიზმის სერიოზულ ცენტრს, როგორც სამედიცინო ტურიზმის ცენტრს და, რა თქმა უნდა, ლოგისტიკურ ცენტრს. ანაკლია იქნება ის კვანძი, რომელიც რეალურად დააკავშირებს აზიასა და ევროპას.
თქვენ იცით, რომ დღეს საქართველოში ვერ შემოდის “პანამაქსისა” და “პოსტპანამაქსის” ტიპის გემები. ეს იმას ნიშნავს, რომ 3000- და მეტკონტეინერიანი გემი ვერ შემოვა, რადგან საქართველოში არ არსებობს პორტი, რომელიც მის მიღებას შეძლებს. ანაკლია არის ბუნებრივი მოცემულობა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის გემის შემოსვლა. ამ პროექტის განხორციელებით, მაგალითად, შანხაიდან როტერდამამდე თუ დღეს ტვირთმზიდს სჭირდება 45 დღე, ანაკლიისა და ამ გზის ამოქმედებით, ეს ვადა შეიძლება 17-18 დღემდე შემცირდეს. სწრაფი მოძრაობის საქონლისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რათა ევროპის ბაზარზე, ან პირიქით, სწრაფად მოხვდეს საქონელი. ამიტომ, თქვენ იცით, რომ გამოცხადდა ტენდერი. ჩვენ ამერიკელებთან ერთად ვიღებთ მონაწილეობას. თორმეტ განაცხადს შორის ერთ-ერთი ჩვენია. უახლოეს ხანში, იმედია, დასახელდება შორტლისტი და თუ მოვხვდით შორტლისტში, მერე დაიწყება მეორე ეტაპი. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ. პროექტი საკმაოდ დიდია – შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული მასშტაბისაა. ყველაზე დიდი მასშტაბის პროექტია ინვესტიციის თვალსაზრისითაც. მას სჭირდება რამდენიმე მილიარდი დოლარი. პირველი ფაზა მოიცავს ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირებას. ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე საკმაოდ სერიოზული ამერიკული და ევროპული ბანკისაგან თანადგომა და ამ პროექტში ისინი სერიოზულად ჩაერთვებიან.
კიდევ ერთი მეგაპროექტია მასშტაბურისავაჭრო ცენტრები, რომელთა პროექტირება უკვე მიმდინარეობს. სად განთავსდება სავაჭრო ცენტრები?
ჩვენ ახლა ვართ ამ პროექტის დამუშავების პირველ ეტაპზე. საბოლოო გადაწყვეტილება ბოლომდე ჯერ არ არის მიღებული, იმიტომ რომ ბევრი ტექნიკური საკითხია დასაზუსტებელი. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ თუ პროექტი დაიწყო, ის არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმშიც განხორციელდება. ვფიქრობთ, პროექტი მომავალი წლიდან აიღებს სათავეს.
TBC ჰოლდინგის, ჰოლდინგ“კონტისა” და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის პარტნიორობითორ წელიწადში თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ეს იქნება სამედიცინო ჰაბის დანიშნულების ობიექტი. რას გულისხმობს “სამედიცინო ჰაბი”?
ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე კუთხითაა ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ინტელექტუალური ძალა დღეს ძირითადად გასულია ქვეყნის გარეთ. ამ ძალაში ვგულისხმობ სამედიცინო დარგსაც. საკმაოდ დიდი რაოდენობის ქართველი ექიმები წარმატებით საქმიანობენ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ცნობილ, წამყვან ჰოსპიტალებსა და კლინიკებში. ჩვენი ამოცანაა, ეს ხალხი დავაბრუნოთ საქართველოში და აქ ბოლო სტანდარტის სამედიცინო დაწესებულება დავახვედროთ.
ჩვენ შევარჩიეთ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და გვინდა იქ ავაშენოთ საკმაოდ დიდი ჰოსპიტალი. გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე ამერიკულ სასწავლო დაწესებულებასთან, რომელთა დახმარებით გვინდა, შევქმნათ სასწავლო ცენტრი, რომელიც მოამზადებს და გადაამზადებს მომავალ ექიმებს. ასევე გვინდა, რომ ამ ჰოსპიტალს ჰქონდეს რეგიონალური დანიშნულება – მოემსახუროს ქართველ პაციენტებს და ასევე იყოს ორიენტირებული სამედიცინო ტურიზმზე, ანუ მოვიზიდოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ადამიანები, რომლებიც აქ იმკურნალებენ და შემდგომ, საკუთარი ნება-სურვილით, მკურნალობას საქართველოში დასვენებასა და რეაბილიტაციას გადააბამენ.
ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველოს აქვს აბსოლუტურად უნიკალური პოზიციონირება. გვყავს ინტელექტუალური ძალა, გვაქვს უნიკალური დასასვენებელი ადგილები. ამას უბრალოდ აწყობა უნდა. საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ ბიზნესგეგმაზე . ჩვენ დავაგზავნეთ ჩვენი მოთხოვნები და შევარჩიეთ არქიტექტურული კომპანია, რომელიც შექმნის პროექტს.
პროექტი საკმაოდ ძვირად ღირებულია. თავიდან შედარებით პატარა მასშტაბზე ვფიქრობდით, სადღაც $60 მილიონზე, მაგრამ მისი ღირებულება გაიზარდა და ალბათ $100-მილიონამდე ავალთ. მშენებლობა გვინდა დავიწყოთ 2015 წლის შემოდგომაზე. მომავალ წელს შევხვდებით ექიმებს, უკვე მიმდინარეობს მათთან მუშაობა, მათთან პირობების ჩამოყალიბება, რომ მოვამზადოთ ისინი. ამას ორი წელი დასჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში უნდა დავიწყოთ ექიმების ინტენსიურად ჩამოყვანაზე ზრუნვა.
თვალსაჩინოა, რომ თქვენ მხოლოდ ბიზნესინტერესი არ გამოძრავებთ – მხარს უჭერთ ბევრ ისეთ პროექტს, რომელზეც რენტაბელური არ ითქმის, თუმცა სხვა, ასე ვთქვათ, კულტურული ღირებულება გააჩნია. ამის მაგალითია “საბა”, ან თუნდაც “არტარეა”. რას ნიშნავს თქვენთვის ამგვარი პროექტები?
მე ვფიქრობ, რომ ბიზნესი არ არის მხოლოდ საფინანსო უწყისი და ბალანსი. ბიზნესი არის თვითრეალიზაციის ადგილი, რომელიც არ უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ ციფრებში. ჩემთვის ეს თვითგამოხატვა არის კულტურისა და იმ ხალხის მხარდაჭერა, რომელთაც უნდათ, რომ დღეს რაღაც შექმნან. ერთ მაგალითს გეტყვით: როცა ინსტიტუტში მოვეწყვე, 16 წლის ვიყავი. მაშინ, ჩემს თაობაში, ბიტლომანია საკმაოდ გავრცელებული იყო. მინდოდა ანსამბლის შექმნა. მივედი ფაკულტეტის დეკანატში და ვუთხარი, რომ მე ვქმნი ანსამბლს და გთხოვთ, მიყიდოთ აპარატურა. აბსოლუტურად გულუბრყვილო განცხადება იყო, რადგან ასეთი სურვილი, შეიძლება, ყველას ჰქონოდა. არ ვიცი, დაემთხვა თუ რა – ეტყობა, იმ მომენტში ვიყავი სწორ ადგილას და სწორ დროს – მითხრეს, შეკრიბე შენი ანსამბლი, ჩამოწერეთ, რა გჭირდებათ და ჩვენ გიყიდით აპარატურასო. რამდენიმე თვეში უკვე გვქონდა ოთახი, აპარატურა, გიტარები და ა.შ.
რამდენიმე წლის შემდეგ გავათვითცნობიერე, რამხელა მნიშვნელობა აქვს, როცა ახალგაზრდა ადამიანს ვიღაცა დაეხმარება თვითრეალიზაციაში. ამიტომ, როცა ვუყურებ, რომ ახალგაზრდებს უნდათ სპექტაკლის დადგმა, კინოს გადაღება, გამოფენის მოწყობა, მე ვალდებულად ვთვლი თავს, როგორც მე დამეხმარნენ თავის დროზე ჩემი იმდროინდელი ოცნების ასრულებაში, ისე დავეხმარო მეც ასეთ ახალგაზრდებს. კაცმა არ იცის, რა შეიძლება მოხდეს, ვინ რა გზას დაადგეს და რა წარმატებას მიაღწიოს მომავალში, რაც, საბოლოო ჯამში, ყველა შემთხვევაში იმუშავებს ქვეყნისთვის და იმუშავებს გარემოს გაჯანსაღებისთვის. კულტურა არის ყველაზე კარგი ენა ქვეყნის აღმოჩენის, ეკონომიკის განვითარების, საზოგადოების ჩამოყალიბებისა და პოლიტიკის შექმნის. თუ ჩვენთან უფრო მეტი კულტურული, შემოქმედი და კრეატიული ადამიანი იქნება, ეს ქვეყანა გაცილებით სწრაფად წავა წინ.
ჩვენ შეგვეძლო აგვერჩია სპორტი ან ა.შ., მაგრამ მე ვთვლი, რომ სპორტი, მაგალითად, უფრო მასობრივი რამ არის. სპორტს ვეხმარებით, მთლად უარი არ გვითქვამს ამაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო სახელმწიფო პროგრამით უნდა იყოს გამაგრებული და სახელმწიფო უნდა იყოს წამყვანი ძალა. ხოლო კულტურა საკმაოდ საინტერესოა, რადგან შეიძლება, ერთი ადამიანის გარშემო შეიქმნას მთელი მიმდინარეობა. ამიტომ ჩვენ ვართ ამ პროექტებში ჩართული – “არტარეაში”, “გალერეაში”, “საბაში”. 12 ფილმი დავაფინანსეთ ორი წლის წინათ. ახლა კიდევ რვა ფილმს ვაფინანსებთ. ჩვენ გავაგრძელებთ სვლას ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ეს უკვე ტრადიციაა და TBC-ჯგუფი ყოველთვის იქნება კულტურასთან ასოციირებული.
(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში).