წლიური ინფლაცია 7.2 პროცენტამდე გაიზარდა

წლიური ინფლაცია 7.2 პროცენტამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 4.2%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 7.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 7.2-ით გაძვირდა.

მარტში  კომუნალურ გადასახადებში დაფიქსირდა ფასების 36.1%-იანი მატება, რაც მთავრობის მხრიდან სუბსიდირების დასრულებითაა განპირობებული. მარტში დაფიქსირებული 4.2%-იანი ინფლაციიდან 3% პუნქტი კომუნალური გადასახადების ზრდაზე მოდის. მარტში ფასები ასევე გაიზარდა ხილზე – 3.8%-ით, ზეთზე 3.7%-ით, ტკბილეულზე 2.7%-ით, ხორცპროდუქტებზე 2.1%-ით. ჯანმრთელობის დაცვა 3.6%-ით გაძვირდა.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 13.6%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი გაიზარდა. 12%-ით გაძვირდა ავეჯი და საოჯახო ნივთები, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო – 8.9%-ით, კომუნალური გადასახადები – 7.6%-ით. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (35.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.0%), თევზეული (12.2%), რძე, ყველი და კვერცხი (8.5%), პური და პურპროდუქტები (7.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.0%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4%).

წყარო: საქსტატი