TSMC-ის მოგება II კვარტალში 60%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

TSMC-ის მოგება II კვარტალში 60%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ნახევარგამტარების მწარმოებელი ტაივანური კომპანიის, TSMC-ის წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 60.7%-იანი ზრდა აჩვენა, რითაც ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა და ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. კომპანიის შემოსავლისა და მოგების ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი ნახევარგამტარებზე მოთხოვნის ზრდაა, განსაკუთრებით – ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაში.

TSMC-ის წმინდა მოგებამ აპრილ-ივნისის პერიოდში $13.53 მილიარდი შეადგინა, რაც კომპანიისათვის რეკორდული მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ TSMC ნახევარგამტარების ტაივანური მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის AI-ჩიპებიც ინდუსტრიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. TSMC-სთან ამ მიმართულებით ისეთი კომპანიები პარტნიორობენ, როგორებიც Apple-ი და Nvidia არიან.

კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ხელოვნურ ინტელექტზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შემოსავალი და მოგება მომდევნო კვარტალებშიც გაიზრდება. თუმცა ფინანსური ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ კომპანიის მოგების ასეთი მკვეთრი ზრდა შესაძლოა აშშ-ის მიერ ტაივანისათვის ტარიფების დაწესების დამსახურებაც იყოს.

საინტერესოა, რომ ბოლო ხუთი კვარტალია, კომპანია ორნიშნა ზრდის მაჩვენებელს აფიქსირებს. რამდენიმე თვის წინ კი კომპანიამ აშშ-ში $100-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებაზე განცხადებაც გააკეთა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.