ცნობილია, ვინ გადაიხადა Blue Origin-ის ხომალდზე მოსახვედრ ბილეთში $28 მილიონი

ცნობილია, ვინ გადაიხადა Blue Origin-ის ხომალდზე მოსახვედრ ბილეთში $28 მილიონი

მიმდინარე წლის 12 ივნისს გამართულ ონლაინ აუქციონზე ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა თავის პირველ სუბორბიტულ ეკიპაჟიან მისიაში მონაწილე ხომალდზე, New Shepard-ზე მოსახვედრი ერთი ბილეთი 28 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. მყიდველის ვინაობა ამ დრომდე უცნობი რჩებოდა, ვინაიდან მან მოუცლელობის მიზეზით კომპანიის სადებიუტო ფრენაში, რომელიც 20 ივლისს შედგა, მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

ახლახან ბლოკჩეინ-პლატფორმა Tron-ის დამფუძნებელმა, ჯასტინ სუნმა განაცხადა, რომ Blue Origin-ის აუქციონის გამარჯვებული სწორედ ის არის. 31 წლის ანტრეპრენიორის ინფორმაციით, ჯეფ ბეზოსის კომპანიის ხომალდით მომავალ წელს იმოგზაურებს. როგორც ცნობილია, ამავე მისიაში მასთან ერთად მონაწილეობას კიდევ ხუთი ადამიანი მიიღებს, რომლებსაც თვითონ სუნი დაასახელებს.

ჯასტინ სუნის თქმით, ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი კრიპტოვალუტის სამყაროს გამორჩეული წარმომადგენელი იქნება, მეორე – Tron-ის გუნდიდან, მესამე კი – ტექნოლოგიის სფეროდან. მისიაში მონაწილეობას ასევე მიიღებს ერთი ხელოვანი და ერთი ცნობილი სახე. შესარჩევი პროცესისა და კრიტერიუმების შესახებ დეტალებს Blue Origin-ი მომდევნო თვეების განმავლობაში გამოაქვეყნებს.

როგორც აღვნიშნეთ, ჯეფ ბეზოსის კომპანიამ სადებიუტო ეკიპაჟიანი მისია მიმდინარე წლის 20 ივლისს შეასრულა. აპარატი აშშ-ის ტეხასის შტატის დასავლეთ ნაწილში მდებარე Blue Origin-ის კუთვნილი კოსმოდრომიდან გაუშვეს. მისგან გამოყოფილმა სამგზავრო კაფსულამ ჩვენი პლანეტისა და კოსმოსის გამყოფი, ხმელეთიდან 100 კილომეტრით დაშორებული ე.წ. კარმანის ხაზი გადაკვეთა და გაშვებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ მისიაში მონაწილეობა Blue Origin-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა საკუთარ ძმასთან, მარკ ბეზოსთან ერთად მიიღო.  მათ გარდა New Shepard-ის ბორტზე 19 წლის ნიდერლანდელი სტუდენტი, ოლივერ დამენი და 82 წლის მფრინავი, ვოლი ფანკი იმყოფებოდნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *