ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის დასკვნითი საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. პროექტის წარმდგენები არიან საქართველოს ბანკი, იელთი ჯგუფი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პროექტის პრეზიდენტია ელენე ოთარაშვილი, მმართველი პარტნიორები – ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი.

„2026 წელს პროექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა. განახლდა ნომინაციების სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტურიზმს, ადგილობრივ და ავთენტურ ტურისტულ პროდუქტებს, ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და სტარტაპებს. წელს კონკურსში 190 ნომინანტი მონაწილეობს. საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულები 35 ნომინაციაში გამოვლინდებიან,“ – ელენე ოთარაშვილი, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი.
პროექტის მიზანია სტუმარმასპინძლობის მიღწევების აღიარება, ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიონალიზმის გაძლიერება ინდუსტრიაში.
2026 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ტურიზმის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ნომინაციებში დამატება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტურიზმის სფეროში ხარისხიანი აკადემიური განათლების წახალისებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინდუსტრიას შორის კავშირის გაძლიერებისთვის და მომავალი პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობისთვის.
დაინერგა შეფასების ახალი მეთოდოლოგია და კრიტერიუმები, რომლებიც დაეფუძნა უახლეს პრაქტიკას და საერთაშორისო სტანდარტებს. ჩამოყალიბდა ჟიურის ახალი შემადგენლობა. შეფასების პროცესს წარმართავდა საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონი“.
პირველად პროექტის ისტორიაში, შეფასების სისტემაში ინტეგრირდა „მისტიკური სტუმრის“ კომპონენტი. ამ მიმართულებით პროექტში ჩაერთნენ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტები, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეძლიერებინა და ახალ ხარისხში აგვეყვანა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროფესიული სანდოობა.
პროექტის საგანმანათლებლო მიმართულების ფარგლებში, სტუმარმასპინძლობის სფეროს შუა და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის გაიმართა ვორქშოპი: სტრატეგიული ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ვორქშოპს მაღალი კლასის საერთაშორისო ექსპერტები: ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი უძღვებოდნენ.
2026 წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ქოლგის ქვეშ შეიქმნა პოდკასტი TOURISM TALKS, სივრცე ღია და გულწრფელი დიალოგისთვის ტურიზმის რეალურ გამოწვევებზე, პრობლემებზე, შეცდომებზე, ადამიანებზე, იდეებსა და ინიციატივებზე. პოდკასტი გახდა ერთგვარი ხმა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქართულ ტურიზმს.
განვითარების ახალ ეტაპზე გაფართოვდა პროექტის პარტნიორთა ეკოსისტემა, რომელმაც გააერთიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო კომპანიები, პროფესიული ასოციაციები, სასწავლო დაწესებულებები და დიპლომატიური წარმომადგენლობები.
28 ოქტომბერს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სტუმრებს ელოდებათ გამარჯვებულების გამოვლენა, სპეციალური ჯილდოების გადაცემა და ქართული მუსიკის შედევრები სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. ეს იქნება ქართული ტურიზმის დიდი დღესასწაული: საუკეთესო მიღწევების, პროფესიონალიზმის და იმ ადამიანების აღიარება, რომლებიც ინდუსტრიის განვითარებას ქმნიან.
S








