„უარს ვამბობთ სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე!“ - მუსიკოსების მანიფესტი

„უარს ვამბობთ სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე!“ - მუსიკოსების მანიფესტი

ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული. ჩვენი, როგორც მუსიკოსების როლი მუდამ იყო, არის და იქნება იმ სათქმელის, ემოციისა და განწყობის გადმოცემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. სიტუაცია დღევანდელ საქართველოში, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად დევნიან, სცემენ და უკანონოდ აკავებენ თავისუფლების ერთგულებისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო, შეუძლებელია დარჩეს ჩვენი რეაგირების გარეშე.

ამ მოვლენების ფონზე, დღეს თვითგამოხატვაზე წინ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დგას, რომელიც აუცილებლად უნდა გასცდეს პროტესტს რუსთაველზე და გადაითარგმნოს საერთო გაფიცვაში.

ერთის მხრივ, მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას.

მეორეს მხრივ, სახელმწიფო ღონისძიებები იმართება არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმ ხალხისგან შევსებული ბიუჯეტით, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს სამშობლოს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ვიფიცებით და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე.

ვგმობთ მათი მხრიდან პროტესტანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მაროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.

გვჯერა თქვენი და ჩვენი გამძლეობის. გვჯერა, რომ შევძლებთ დავუბრუნდეთ საქართველოს ისტორიულ, ევროატლანტიკურ გზას. გვჯერა, რომ ამ ომში გავიმარჯვებთ სახელოვნად.

პატივისცემით, მუსიკოსები საქართველოსთვის.

ხელმომწერთა განახლებადი სია.