UEFA-მ 2020/21 წლების სეზონში რეკორდული რაოდენობის შემოსავალი მიიღო

UEFA-მ 2020/21 წლების სეზონში რეკორდული რაოდენობის შემოსავალი მიიღო

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, UEFA-ს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატების შეფერხებით გამართვის მიუხედავად, ორგანიზაციამ 2020/21 წლების სეზონში რეკორდული რაოდენობის შემოსავალი, 5.725 მილიარდი ევრო მიიღო.

ცნობისთვის, 2019/20 წლების სეზონში UEFA-ს შემოსავალმა 3 მილიარდ ევროს მცირედ გადააჭარბა. რაც შეეხება წინა რეკორდს, ის 2015/16 წლების სეზონში დამყარდა, როდესაც მოცემულმა მაჩვენებელმა 4.58 მილიარდი ევრო შეადგინა. ხსენებული შემოსავლის დიდ ნაწილს ორგანიზაცია 2016 წელს, საფრანგეთში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს (UEFA Euro 2016) უნდა უმადლოდეს.

UEFA-მ ფინანსური ანგარიშის გასაჯაროებასთან ერთად ასევე განაცხადა, რომ 2024-2028 წლებში HatTrick-ის დახმარების პროგრამის ფარგლებში ეროვნული საფეხბურთო ასოციაციების დაფინანსება 21%-ით გაიზრდება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობებისთვის 935 მილიონი ევრო გამოიყოფა, თითოეული ეროვნული ასოციაცია კი ოთხ წელიწადში 17 მილიონ ევრომდე თანხის მიღებას შეძლებს.