24 დეკემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი – UG Startup Factory შემაჯამებელ ღონისძიებას Demo Day-ს გამართავს, რომელიც სტუდენტებს ინოვაციური იდეებიდან რეალური ბიზნესის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. დემო დღის ფარგლებში, უნივერსიტეტის საინვესტიციო ფონდის მხარდაჭერით, სტუდენტების ინოვაციური სტარტაპ იდეები 50 000 ლარით დაფინანსდება.
Demo Day UG Startup Factory-ის პრე-აქსელერაციის პროგრამის კულმინაციაა. ღონისძიებაზე სტუდენტური გუნდები საკუთარ ბიზნესიდეებს კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგენენ. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდებს, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ იდეების რეალიზაციისა და განვითარების მიზნით.
იდეების პრეზენტაციასთან ერთად, დემო დღის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ უნივერსიტეტის როლზე სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ინოვაციური აზროვნების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.
საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი 2024 წლიდან მუშაობს სტარტაპ ინკუბაციისა და აქსელერაციის მიმართულებით, ახორციელებს ნეთვორქინგ პროექტებს, ქმნის საგანმანათლებლო რესურსებსა და აძლიერებს სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნითა და რეალური გამოცდილებით. მისი წამყვანი მიმართულება პრე-აქსელერაციის პროგრამაა.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გადიან Lean მეთოდოლოგიის პრინციპებზე დაფუძნებულ 2 თვიან ინტენსიურ კურსს, რომელიც გულისხმობს იდეის სწრაფად გამოცდას რეალურ მომხმარებელთან. ის ეფუძნება მინიმალური პროდუქტის (MVP) შექმნას, ტესტირებასა და უკუკავშირის მიხედვით გაუმჯობესებას. მეთოდოლოგიის მიზანია მონაწილემ ნაკლები რესურსით მიაღწიოს სწორ და ბაზარზე მოთხოვნად გადაწყვეტას.
სასწავლო პროცესის პარალელურად პროექტში ჩართული პირები ესწრებიან თემატურ სპიკერ სესიებს და მონაწილეობენ ინოვაციურ მარათონებში, რაც იდეების სწრაფად ტესტირებასა და დახვეწას უზრუნველყოფს.
2025 წლის შემოდგომის სეზონზე, UG StartUp Factory-მ სპიკერ სესიების ფორმატში უმასპინძლა არაერთ წამყვან პროფესიონალს სხვადასხვა სფეროდან. ასევე, თანამშრომლობა გაფორმდა ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა: Smart Academy, Creative Development Center და სხვა პარტნიორები, რომლებიც ეკოსისტემის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
პრე-აქსელერაციის პროგრამა ტარდება წელიწადში ოთხჯერ – ქართულ და ინგლისურ ენებზე. პროგრამის მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა ბიზნესის შექმნის საწყის ეტაპზე. მონაწილეები 3 თვის განმავლობაში გადიან ლექციებს, ტრენინგებსა და ვორქშოფებს სტარტაპების, ინოვაციების და მეწარმეობის თემებზე. საბოლოოდ კი საუკეთესო გუნდები მონაწილეობენ Demo Day-ზე – სივრცეში, სადაც იდეები სცდება თეორიას და რეალური ბიზნესის ფორმას იღებს. ეს არის შესაძლებლობა, სტუდენტურმა ინიციატივებმა იპოვონ ინვესტიცია, პარტნიორები და გზა წარმატებული მომავლისკენ.
ღონისძიების მხარდაჭერია Smart Academy და LingWing.
აღნიშნულ კატეგორიაში გამოქვეყნებული მასალები მოწოდებულია მესამე მხარეების მიერ, და Forbes Georgia არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სიზუსტესა თუ სანდოობაზე.
















