უკრაინა არ აპირებს დეფოლტის გამოცხადებას და ვალდებულებების მომსახურებას განაგრძობს

უკრაინა არ აპირებს დეფოლტის გამოცხადებას და ვალდებულებების მომსახურებას განაგრძობს

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად საომარი მდგომარეობისა, ქვეყანა არ შეწყვეტს ვალის მომსახურებას და მთავრობა არ დაუშვებს უკრაინის მიერ დეფოლტის გამოცხადებას.

„ამ საგანგებო ვითარებაშიც კი ჩვენ განვაგრძობთ ვალდებულებების შესრულებას და ვალის მომსახურებას“. – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში უკრაინა უკვე მოემსახურა 698 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციებს, წლის ბოლომდე კი მას დამატებით 3.7 მილიარდი დოლარი აქვს დასაფარი. მიუხედავად ომის დაწყებისა, პირველ მარტს უკრაინამ ევროობლიგაციების კუპონი დაფარა ($110 მლნ), 10 მარტს კი 36 მილიონი ევროს მოცულობის ვალს მოემსახურა. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას დაახლოებით $300 მილიონის ღირებულების ვალდებულებები აქვს დაფარული.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ქვეყანას ვალდებულებების მომსახურების პრობლემა ამჟამად არ აქვს, რადგან ის აქტიურად იღებს ფინანსურ მხარდაჭერას როგორც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ასევე ევროკავშირისა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან.

ექსპერტების შეფასებით, საომარი მდგომარეობის გამო, უკრაინას აქვს ზოგიერთი ვალდებულების მომსახურების დროებით გადავადების უფლება, თუმცა ის ფაქტი, რომ მთავრობა არ იყენებს ამ შესაძლებლობას და პირნათლად განაგრძობს ვალის და კუპონის დაფარვას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე, რაც მომავალში ფინანსური დახმარების მიღების შანსებს საგრძნობლად გაზრდის.

უკრაინისგან განსხვავებით, Moody’s-ის, S&P-სა და Fitch-ის შეფასებით, რუსეთის საკრედიტო რეიტინგი უკვე მინიმალურ დონეზეა, Morgan Stanley კი ერთ თვეში რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადებას პროგნოზირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *