უკრაინა: შეცდომა, რომელსაც მოსკოვი ინანებს

უკრაინა: შეცდომა, რომელსაც მოსკოვი ინანებს

რუსეთის მიერ ყირიმის (და ვინ იცის, უკრაინის კიდევ რამდენი ნაწილის) ხელში ჩაგდებით, პუტინმა უხეში სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ეს შეცდომა კონკურენციას უწევს საბჭოთა კავშირის მიერ 1979 წელს ავღანეთში შეჭრას. მოსკოვმა, რომელსაც დასავლეთის სისუსტის იმედი აქვს, ხანმოკლე პერსპექტივაში შეიძლება წარმატებით მოახდინოს უკრაინის დაყოფა ან ამ ქვეყნის 22-წლიანი დამოუკიდებლობის სრული გაუქმება. ასეთმა ვითარებამ მოძრაობაში მოიყვანა ძალები, რომლებიც სერიოზულ ზიანს მიაყენებენ რუსეთს და ასევე თავად პუტინის მმართველობას.

პუტინმა უხეშად გადაათამაშა თავისი პარტია, რადგან სირიასა და ირანში ბარაკ ობამაზე მოპოვებული უპირატესობით იყო გაბრუებული. რუსეთის “მეფემ” ზუსტად განსაზღვრა, რომ ობამას ხასიათის ისეთივე სიმტკიცე გააჩნია, როგორიც ეკლერს. ადრე, საბჭოთა ბოსმა, ლეონიდ ბრეჟნევმა, ზუსტად ასევე გათვალა, რომ პრეზიდენტი ჯიმი კარტერი სუსტი მეტოქე იყო და ავღანეთის საბჭოთა ოკუპაციაზე რეაგირებას არ მოახდენდა.

ბრეჟნევი საშინლად შეცდა. შოკმა, რომელიც ამ შეჭრამ გამოიწვია, კარტერს ისეთი ნაბიჯები გადაადგმევინა, როგორსაც ჩვენი უგერგილო პრეზიდენტი ვერც წარმოიდგენს, დაწყებული მოსკოვისთვის ხორბლის მიყიდვის შეწყვეტით, მოახლოებული მოსკოვის ოლიმპიადის მიმართ ბოიკოტის გამოცხადებითა (რომელსაც ბევრი სხვა ქვეყანა შეუერთდა) და ჩვენი სახიფათოდ მოძველებული სამხედრო ძალების აღდგენით დამთავრებული. რონალდ რეიგანი კიდევ უფრო შორს წავიდა, როდესაც ანტისაბჭოთა პარტიზანები არსებითად შეაიარაღა და თამამად დააწინაურა ჩვენი სამხედრო ძალები ისეთი მასშტაბით, როგორსაც კარტერი ვერასოდეს წარმოიდგენდა.

სსრკ-მ წააგო ცივი ომი და დაიშალა.

იმის მიუხედავად, რომ ობამა გაცილებით უფრო მიზანსწრაფულია თავის სისუსტესა და არაპროფესიონალიზმში, ვიდრე კარტერი, ის მაინც იძულებული გახდა, სოჭში დაგეგმილი დიდი რვიანის ეკონომიკური სამიტის გადატანას დათანხმებულიყო. თუ პუტინი ახლა არ შეჩერდება, რუსეთის აგრესია უფრო და უფრო მაღალ დანაკარგს გამოიწვევს.

ეკონომიკა. ის უკვე სუსტდებოდა სასაქონლო ფასების ვარდნის გამო. პუტინის შეჭრის შედეგად, ვის ენდომება ახლა რუსეთში ინვესტირება? სანქციები მოსალოდნელია და მათი ფარგლები გაიზრდება, თუ მოსკოვი დანარჩენი უკრაინის მიმართულებით გზას განაგრძობს.

დიდი რვიანი. იმის მიუხედავად, რომ ობამასა და ევროპელებს ეს არ მოეწონებათ, ეს ჯგუფი გახდება დიდი შვიდიანი.

რუბლი. ის დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცევა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა, რომელმაც არაფერი იცის ჯანსაღ ვალუტასა და ეკონომიკურ ოსტატობას შორის კავშირის შესახებ, უკვე ცდილობდა ვალუტის “ცოტათი” გაუფასურებას. ნუთუ პუტინს არ ახსოვს, 1998 წლის რუბლის ვარდნამ ელცინის რეჟიმს რა უქნა?

გაქცეული კაპიტალი. რუსები, ოლიგარქებით დაწყებული და ქვემოთ, ცდილობენ სასწრაფოდ გაგზავნონ თავიანთი ფული უფრო უსაფრთხო ადგილას, იმის მაგივრად, რომ სამშობლოში შეინახონ, სადაც კანონის უზენაესობა, რბილად რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ არ არის განვითარებული. ეს რუსეთის ზრდას მომავალში ზიანს მიაყენებს.

არაკანონიერი გზით გამდიდრებულები. ჩვენ, ისევე, როგორც ეს უკრაინის გაძევებული პრეზიდენტის შემთხვევაში გავაკეთეთ, ოლიგარქებისა და პოლიტიკური ლიდერების უკანონო აქტივების გაყინვა უნდა დავიწყოთ.

ბანკები. რუსეთის საქმიან წრეებს, დასავლეთის საფინანსო დაწესებულებების (ინსტიტუტების) წვდომა სჭირდება. ამის შეზღუდვა ან აკრძალვა ბევრნაირად შეიძლება. ეს ხელს შეუშლიდა რუსეთის დანარჩენ მსოფლიოსთან ბიზნესის წარმოების უნარს და შეაფერხებდა ზრდას. ასევე გაართულებდა უსაფრთხო ზონებში ფულის შენახვას.

ვიზები. რუს ოლიგარქებს უკიდურესად სჭირდებათ დასავლეთის ქვეყნებთან წვდომის შენარჩუნება. აკრძალვა ან სერიოზული შეზღუდვა ზიანის მომტანი იქნება.

ბუნებრივი აირი. მოსკოვს მიაჩნია, რომ მას ევროპისა და უკრაინის წინაშე უპირატესობა გააჩნია რუსეთის ბუნებრივ აირზე მათი დამოკიდებულების გამო, მაგრამ ეს შეიცვლება. აშშ გააფართოებს ობიექტების მშენებლობას გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის, რომელიც ჩვენ ახლა მზარდი სიუხვით გვაქვს. ისრაელს უზარმაზარი რეზერვები გააჩნია, რაც მომავალში ევროპისთვის აგრეთვე გაზის მნიშვნელოვანი წყარო იქნება. უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გამო, საფრანგეთი და გერმანია, სურვილის არქონის მიუხედავად, ქანების ჰიდრავლიკურ რღვევაზე დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნიან, რათა მოსკოვზე თავიანთი ენერგეტიკული დამოკიდებულება შეამცირონ.

ვაჭრობა. რუსეთის პარტნიორები ეცდებიან, მინიმუმამდე შეამცირონ კომპანიებთან ვაჭრობა ისეთ ქვეყანაში, სადაც კლანური კაპიტალიზმი ასე გავრცელებულია.

ბუნებრივი რესურსების წყევლა. რუსეთში ნავთობის, გაზის, ალუმინისა და სხვა ბუნებრივი რესურსების სიუხვე უფრო უნივერსალური ეკონომიკის განვითარებას აფერხებდა. დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობები ამ სფეროში რეფორმებს ხელს არ შეუწყობს.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. მოსკოვის დასამშვიდებლად, ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში ამ სისტემების დაყენება ობამამ გააუქმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ირანისთვის, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებს შეიმუშავებდა, შეტყობინების გასაგზავნად იყო განკუთვნილი. ობამა – ან დანამდვილებით მისი უფლებამონაცვლე – თავის ამ გადაწყვეტილებას შეცვლის და შემდეგ გააფართოებს პროგრამას.

ირანი. კონგრესმა უნდა გაატაროს ზოგიერთი უფრო მკაცრი სანქციები, რომელთა გამოყენებაც თეთრ სახლს არ სურს რუსეთის ამ მოკავშირის წინააღმდეგ. უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება თვალთმაქცობა იქნებოდა.

ბოლოს, როდესაც უკრაინის ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა, მან თავისი შესაძლებლობები სრულიად აურ-დაურია, რადგან კორუმპირებული იყო. (უკრაინაში კორუფცია კიდევ უფრო გავრცელებულია, ვიდრე რუსეთში). ამიტომ დაბრუნდა პრორუსული რეჟიმი ხელისუფლებაში; შემდეგ ხელისუფლებამ თავის წინამორბედზე უარესი გადაწყვეტილებები მიიღო. პუტინი შესაფერის მომენტს, მოვლენების განვითარებას უნდა დალოდებოდა და თანდათანობით აღედგინა რუსეთის გავლენა. აქამდე ის მოთმენის ოსტატი იყო.

მაგრამ არა ამჯერად.

არ დაუშვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი პუტინის ინსტრუმენტი გახდეს

პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინის ეკონომიკის კრახი დაეხმარება რუსეთს ეფექტიანად აღადგინოს კონტროლი ქვეყნის იმ ნაწილებზე, რომელთა ოკუპირებაც არ მოუხდენია. უკრაინა დატვირთულია ბერძნული პროპორციების დავალიანებით, და მისი ვალუტა, გრივნა, ვარდნის პროცესშია.

ყველაზე სწორი ნაბიჯი, რომელიც უკრაინამ უნდა გადადგას, არის სავალუტო საბჭოს შექმნა, რომელიც გრივნის სწრაფად სტაბილიზებას მოახდენდა. ამ სამუშაოს შესასრულებლად მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს ექსპერტი სტივ ჰენკი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან. ჰენკმა ასეთივე საბჭოები ბულგარეთში, ლიტვასა და უამრავ სხვა სახელმწიფოში შექმნა. ამ მექანიზმის ფარგლებში გრივნა ევროზე მიბმული იქნებოდა. არ მოხდებოდა არც ერთი გრივნის გამოშვება, რომელიც ევროთი არ იქნებოდა გამყარებული. ცენტრალურ ბანკს მოქმედების თავისუფლება არ ექნებოდა.

სავალუტო საბჭოს დადებითი თვისებები ბრწყინვალედ არის გადმოცემული 26 თებერვალს გამოსულ Wall Street Journal-ის ერთ-ერთ სტატიაში, “სავალუტო საბჭო უკრაინისთვის”, რომლის ავტორია ჯუდი შელტონი. შელტონი კიდევ ერთი იშვიათი ექსპერტია, რომელსაც ფულის საკითხი რეალურად ესმის.

სავალუტო საბჭოს გარეშე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვლადიმირ პუტინის უნებლიე მოკავშირე გახდება. სამწუხაროდ, ეს ორგანიზაცია აზრზე არ არის, როგორ უნდა დაეხმაროს პრობლემების მქონე ეკონომიკას უფრო ეფექტიანად.

ავიღოთ კიევისთვის მოცემულ მომენტში ყველაზე აქტუალური საკითხი – ვალუტა. საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან არსებობს, კვლავ არ ესმის, რომ ფულით ღირებულება იზომება, ისევე როგორც სასწორი ზომავს წონას, საათი კი – დროს. ეკონომიკური ტრადიციული შეხედულებისგან განსხვავებით, ფული ეკონომიკას არ აკონტროლებს. ის, გარიგებების ხელშეწყობის გზით, ვაჭრობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ფულის გაიაფება ზუსტად ისევე ვერ უწყობს ხელს მდგრადი ზრდის მიღწევას, როგორც სასწორით მანიპულირება ვერ უწყობს ხელს სიმსუქნის შემცირებას.

თუ კიევი არ დაამტკიცებს სავალუტო საბჭოს, მან უნდა დაიცვას ევრო/ გრივნის არსებული მიმართება, თავისი ვალუტის უცხოური სავალუტო რეზერვების მეშვეობით ყიდვის გზით. მან ასევე უნდა შეამციროს თავისი მონეტარული ბაზა სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვის გზით. აქ გადამწყვეტი ფაქტორი არის ის, რომ მთავრობამ თავის შიდა ეკონომიკაში ფული ხელახლა არ უნდა დააბრუნოს. ეს არის მარცხისთვის განწირული პროცესი, რომელსაც სტერილიზაცია ეწოდება.

უკრაინამ ასევე უნდა შეამციროს საგადასახადო განაკვეთები. მას გარკვეულწილად გააჩნია ფიქსირებული გადასახადი (არსებობს მცირე დამატებითი გადასახადი შემოსავლის გარკვეული რაოდენობის ზევით) – 15%. ის არ უნდა გაიზარდოს. მკვლელი გადასახადია 38%-იანი მოსაკრებელი სახელფასო ფონდზე, და ვინაიდან ის ხელს უწყობს გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას და აფერხებს დასაქმებას, უნდა განახევრდეს ან მეტი დააკლდეს. მთავრობამ აგრეთვე უნდა შეამციროს კორპორაციული გადასახადის განაკვეთი ირლანდიაში არსებულ დონემდე – 12,5%-მდე.

შიდა სტრუქტურული რეფორმისთვის არ არსებობს უკეთესი სახელმძღვანელო, ვიდრე მსოფლიო ბანკის ყოველწლიური მიმოხილვა – ბიზნესის წარმოება. მასში შეფასებულია მსოფლიოს 189 ქვეყნის ეკონომიკა 11 კრიტერიუმის მიხედვით, ბიზნესის დაწყების სიმარტივე, რამდენად რთულია ბიზნესისთვის კრედიტის აღება და საიმედო ელექტრომომარაგების მიღება. უკრაინა სტაბილურად ხვდება მიმოხილვის რეიტინგის ქვედა ნახევარში.

სუბსიდიები მომხმარებლებისთვის? საერთაშორისო სავალუტო ფონდი იშვიათად ხვდება, რომ სუბსიდიების შემცირება კრიზისულ პერიოდში კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ ქაოსს იწვევს. უკრაინის ხელისუფლებამ, მოცემულ მომენტში, თავის სუბსიდიებს ბუნებრივ აირზე ხელი არ უნდა ახლოს. ჩვენ ვერ შევძელით არ დაგვეშვა პუტინის შესვლა უკრაინაში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია არ დავუშვათ იქ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესვლა.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის აპრილის ნომერში)