ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუმინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა თავდაცვის სისტემების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადეს. კლაუს იოჰანისმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუმინეთში უკრაინული თავდაცვის სისტემების, მათ შორის დრონების წარმოებას ითვალისწინებს და, თავის მხრივ, ორივე სახელმწიფოს თავდაცვის ინდუსტრიების გაძლიერებას ემსახურება.
ზელენსკის ბუქარესტში ვიზიტის დროს პრეზიდენტებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი სახელმწიფოთა პარტნიორობას რიგ სფეროებში ითვალისწინებს — დაწყებული თავდაცვით, დასრულებული უმცირესობების უფლებების დაცვით. ასევე, ცალკე შეთანხმება გაფორმდა ენერგეტიკულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ზელენსკის ინფორმაციით, მხარეებმა შავ ზღვაში ენერგეტიკულ პროექტებზე თანამშრომლობა და რუმინეთის გავლით, მილსადენებით, ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის პერსპექტივაც განიხილეს.
შეხვედრისას რუმინული მხარე ზელენსკის დაჰპირდა, რომ ქვეყანა მხარს დაუჭერს ნებისმიერ იურიდიულ საშუალებას, რომელიც ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებაზე უნგრეთის ვეტოს დაძლევაში დაეხმარებათ.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მათ მიერ შემუშავებული დრონები და დრონსაწინააღმდეგო სისტემები შესთავაზა. ზელენსკის განცხადებით, მათი გამოცდილება დრონების პროგრამული უზრუნველყოფის ქვეყნის თავდაცვის სისტემაში სრულად ინტეგრირებას ეყრდნობა. ამასთან ერთად კი კიევს ირანული დრონებით თავდასხმებთან თავადაც უწევს გამკლავება, რადგან რუსეთი მათ ომის მიმდინარეობისას აქტიურად იყენებს.
ევროკავშირისა და NATO-ს წევრ რუმინეთს უკრაინასთან 650 კილომეტრის სიგრძის საზღვარი აკავშირებს — მათ შორის დუნაის გასწვრივ, რომლის მოპირდაპირე ნაპირზე უკრაინული პორტები რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა. ამავდროულად კი დრონებმა რუმინეთის საჰაერო სივრცეც დაარღვია.













