უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შესაძლოა 26-27 თებერვალს გაიმართოს

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შესაძლოა 26-27 თებერვალს გაიმართოს

ფოტო: Sergei Kholodilin/BelTA/Handout via REUTERS

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შესაძლოა 26-27 თებერვალს გაიმართოს. შეხვედრა ჟენევაში 17-18 თებერვალს გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ შედგება, რომელიც ტერიტორიულ საკითხებსა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

„დაახლოებით 27 თებერვალს, ერთი ან ორი დღე. ეს ნიშნავს, რომ 26 თებერვალი ამ ვადებში ხვდება“, – განაცხადა ბუდანოვმა. „ჩვენ მომზადების პროცესში ვართ. ეს პროტოკოლის საკითხია. სამივე მხარე, უფრო სწორად, ოთხი მხარე, რადგან მასპინძელი გვყავს, უნდა შეთანხმდეს“.

კრემლს ჯერჯერობით მომდევნო შეხვედრის ვადები არ დაუდასტურებია. პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. „არა, ამას ვერ დავადასტურებ“, – განაცხადა პესკოვმა. „როგორც კი შეთანხმებას მივაღწევთ, შეგატყობინებთ“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს პირდაპირი შეხვედრისკენ არაერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ ომის დასრულების უფლებამოსილება მხოლოდ პუტინს აქვს. ბუდანოვმა განაცხადა, რომ ასეთ შეხვედრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თავის მხრივ, პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, 28 იანვარს განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში უნდა ჩავიდეს, თუ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები სურს.