უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კრიპტოვალუტა და ციფრული აქტივები ლეგალური გახდა, ანუ საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცა.
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ცნობით, კანონით განისაზღვრა კრიპტო და ციფრული აქტივების კლასიფიკაცია და სტატუსი. გარდა ამისა, კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟებს მიეცათ უკრაინაში ლეგალურად ფუნქციონირების უფლება, ბანკებს კი – მათთვის ანგარიშების გახსნის.
ციფრული აქტივების დარეგულირება და ზედამხედველობა უკრაინის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა. ასევე, ფინანსთა სამინისტროს დაევალა ახალი საგადასახადო კოდექსის შედგენა, რომელიც კრიპტოვალუტებზე იქნება მორგებული.
აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება უკრაინაში აკრძალული არც აქამდე ყოფილა, თუმცა ის რეგულატორული ჩარჩოს მიღმა იყო და ქვეყანაში არ არსებობდა შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა მისი გამოყენებისა და შენახვის, ასევე კრიპტოთი ვაჭრობის პირობებს.
ექსპერტების შეფასებით, პრეზიდენტ ზელენსკის დაჩქარებული გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ შემოწირულებების სახით დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა კრიპტოვალუტა მიიღო, ამ ფაქტმა კი კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად იზრდება ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და კრიპტოაქტივების როლი თანამედროვე საფინანსო სისტემაში.