სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდება Forbes Georgia-ს ივნისის ნომერში, მისი ციფრული ვერსია შემოთავაზებულია უცვლელი სახით.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დროებით გარდაცვლილი პოლიტიკური პროცესი უკრაინაში აღდგა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საომარი მდგომარეობის ორმა წელიწადმა ფუნდამენტურად შეცვალა ძალთა ბალანსი, თამაშის წესები და პოლიტიკური ელიტა – „სახელგანთქმულმა” უკრაინელმა ოლიგარქებმა, რომლებიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული უკრაინის პოლიტიკური სისტემის მთავარ საყრდენს წარმოადგენდნენ, ძლიერ იზარალეს როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური კაპიტალის კუთხით. ძალაუფლებიდან „ჩაჩოჩების” პროცესი ზელენსკის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ დიდ ომამდე დაიწყო, თუმცა რუსეთის შეჭრამ, საომარი მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულმა მედიის რეგულაციებმა ოლიგარქების მანევრის სივრცე კიდევ უფრო დაავიწროვა. ამის თვალსაჩინო მაგალითი იგორ კოლომოისკია, რომელიც ოდესღაც გარკვეულწილად ვოლოდიმირ ზელენსკის ჩრდილოვან „პატრონადაც” მიიჩნეოდა – ოლიგარქი უკვე თითქმის ცხრა თვეა, წინასწარ პატიმრობაშია.
სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეული პირველადი შოკის და ე.წ. დროშის ირგვლივ გაერთიანების ეფექტის განელების პირველი ნიშნები 2022 წლის მიწურულიდან გაჩნდა და ძირითადად მსხვილი ქალაქის მერებს და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მწვავე დაპირისპირებით გამოიხატებოდა. დაპირისპირებამ განსაკუთრებით სკანდალური სახე მიიღო ჩერნიჰივის მერის შემთხვევაში, რომელიც დაუდასტურებელი ბრალდებით თანამდებობას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოაშორეს. ცენტრალურ ხელისუფლებასთან მწვავე უთანხმოებაში არიან დნიპროს, ოდესისა და კიევის მერებიც.
სერიოზული ტრანსფორმაციის მიუხედავად, რაღაცები უცვლელი დარჩა – კერძოდ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის (ოფისის) უფროსის დიდი გავლენა.
აღნიშნული თანამდებობა თანამედროვე უკრაინის ისტორიაში ყოველთვის საკვანძო პოსტად მიიჩნეოდა. სხვადასხვა დროს ამ თანამდებობას იკავებდნენ ვიქტორ მედვედჩუკი, სერჰი ლიოვოჩკინი, ანდრი კლიუევი, თუმცა ადგილობრივი და დასავლური წყაროების ცნობით, ვერცერთი მათგანი ახლოსაც კი ვერ მივა იმ გავლენასთან, რაც ზელენსკის ოფისის მოქმედ უფროსს, ანდრი ერმაკს აქვს. ამ გავლენას თვალსაჩინოდ დაინახავთ, თუ რომელიმე საძიებო სისტემაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრებს მოძებნით – გაგიჭირდებათ ისეთი ფოტოს ნახვა, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი მისი ოფისის უფროსის გარეშე იქნება.
გასულ თვეებში ქვეყანამ რამდენიმე მნიშვნელოვანი და გახმაურებული საკადრო გადაწყვეტილება იხილა. თებერვალში თანამდებობა დაკარგა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ. მაისში თანამდებობიდან გადააყენეს ინფრასტრუქტურისა და რეკონსტრუქციის მინისტრი, ოლექსანდრ კუბრაკოვი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და პოპულარულ მინისტრად მიიჩნეოდა.
ოლექსანდრ კუბრაკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეფორმატორი იყო, სწორედ კუბრაკოვმა მოაწერა ხელი ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებას რუსეთთან 2022 წლის გაზაფხულზე. უკრაინული მედია წერდა, რომ გასული წლის აგვისტოში ზელენსკიმ კუბრაკოვს თავდაცვის მინისტრის პოსტიც შესთავაზა. მინისტრი სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაში და დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთ ფავორიტადაც მიიჩნეოდა.
კუბრაკოვის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. Financial Times-ის უკრაინული წყაროების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ამერიკელ პარტნიორებთან კუბრაკოვის სასურველზე მეტი სიახლოვე იყო. კუბრაკოვის გადაყენებამ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც მათ ღიად გამოხატეს კიდეც უკრაინელებთან შეხვედრის დროს.
გადაყენებული მინისტრის მიმართ მხარდაჭერა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ღიად გამოხატეს აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩებმა. წყაროების ცნობით, ელჩებმა უკმაყოფილება ღიად გამოხატეს პრემიერ შმიჰალთან გამართულ შეხვედრაზე 13 მაისს. შეხვედრა, რომელზეც რუსეთის გაზრდილი საჰაერო დარტყმების ფონზე ენერგეტიკულ სექტორში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა უნდა განეხილათ, კუბრაკოვის გათავისუფლებასა და მუსტაფა ნაიემის არყოფნის საკითხს დაეთმო.
უფრო სკანდალური აღმოჩნდა მუსტაფა ნაიემის გადადგომა – უკრაინის რეკონსტრუქციის სააგენტოს უფროსმა თანამდებობა ბერლინში დაგეგმილ უკრაინის რეკონსტრუქციის დონორების კონფერენციამდე ერთი დღით ადრე დატოვა. უკრაინის ღირსების რევოლუციის ერთ- -ერთი ინიციატორი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში მთავრობის მხრიდან სისტემატურ ხელის შეშლაზე, შემცირებულ დაფინანსებაზე, გაუარესებულ სამუშაო გარემოსა და მიზანმიმართულ ბიუროკრატიზაციაზე წერს.
სავარაუდოა, რომ ნაიემის გადადგომა გააჩენს დამატებით კითხვებს კონფერენციაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ არ არის დანიშნული ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრიც. ნაიემთან ერთად გადადგნენ სააგენტოს ანტიკორუფციული დეპარტამენტისა და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც. უკრაინული მედიის ცნობით, გადადგომამდე ორი კვირით ადრე ნაიემი USAID-ის რამდენიმე მაღალჩინოსანს შეხვდა და განუცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს უწყებებში გამოძიებები დაიწყო და, სავარაუდოდ, მას მომდევნო კვირებში გადააყენებდნენ თანამდებობიდან.
ნაიემსა და ზელენსკის გარემოცვას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც მან მმართველი პარტიის დეპუტატი ქრთამის შეთავაზებაში ამხილა და ამის შესახებ წინასწარ შეატყობინა ანტიკორუფციულ უწყებებს. დეპუტატი დააპატიმრეს, მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ოფისთან ურთიერთობები შეუქცევადად გაუარესდა.
ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ გასულ თვეებში წამოწყებულმა საკადრო ცვლილებებმა დასავლეთთან ურთიერთობაში დაძაბულობა გააჩინა. ხმაურიანი საკადრო ცვლილებების უკან უკრაინული მედია და არასამთავრობო სექტორი კი სწორედ ანდრი ერმაკის ხელს ხედავს.
გასულ კვირას ბრიტანულმა Times-მა ანდრი ერმაკის მზარდი გავლენების შესახებ მოზრდილი მასალა გამოაქვეყნა. სტატიაში, რომელიც უკრაინის პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო მაღალჩინოსნების მონათხრობზეა აგებული, ნათქვამია, რომ ანდრი ერმაკის ხელში დისპროპორციულად დიდი ძალაუფლება მოექცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიუთითებენ, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში პრეზიდენტის საქმიანობა უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლებით რეგულირდება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ოფისის უფროსს კონსტიტუცით გათვალისწინებული როლი აქვს როგორც უმაღლესი მთავარსარდლის საომარ კაბინეტში, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში. ძალაუფლება დისპროპორციულად დიდი აღმოჩნდა.
მატულობს ღელვა, რომ ზელენსკი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რამდენიმე პირმოთნე ადამიანზე. შიში მით უფრო იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან პირდაპირი წვდომის მქონე ადამიანების რიცხვი მცირდება, ხოლო ერმაკის გუნდი იზრდება”, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი გამოცემასთან საუბარში.
პრეზიდენტთან გართულებულ პირდაპირ კომუნიკაციას ადასტურებს ოლეჰ უსტენკო – ზელენსკის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. „მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ხუთი თანაშემწისგან, რომლებსაც პირდაპირი წვდომა ჰქონდათ ზელენსკისთან. მრჩეველთა ეს წრე უკიდურესად შეზღუდულია”.
მიმდინარე წლის მარტში თანამდებობიდან ახსნის გარეშე გათავისუფლებული უსტენკოს თქმით, პრეზიდენტის დღის წესრიგს ერმაკი თავისი მოადგილეების მეშვეობით აორგანიზებს.
ერმაკის ორი ყოფილი მოადგილის პოლიტიკური კარიერა უკრაინის ანტიკორუფციული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს. საუბარია ოლეჰ ტატაროვსა და კირილ ტიმოშენკოზე – ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ტატაროვიც და ტიმოშენკოც სერიოზულ კორუფციულ სკანდალში არიან მხილებულნი და დასავლელი პარტნიორების უკმაყოფილების მიუხედავად ამ დრომდე ინარჩუნებენ მაღალ თანამდებობებს.
კორუფცია დასავლელი პარტნიორების მზარდი უკმაყოფილების საფუძველია. კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „უკრაინა ისე შეურიგებლად უნდა ებრძოლოს კორუფციას ქვეყნის შიგნით, როგორც ფრონტის ხაზზე – რუსეთს”.
ზელენსკის გარემოცვაში იმედი აქვთ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, პრეზიდენტმა კურსი შეცვალოს. „ჩვენ ვნახეთ, რომ ზელენსკი შესაძლოა განსხვავებული პრეზიდენტი იყოს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის მისი ოფისის უფროსი. ზელენსკის შეცდომაა, რომ ერმაკს ამხელა ძალაუფლება გადასცა”, – ამბობს კიევის ანტიკორუფციული ქმედების ცენტრის დირექტორი დარია კალენიუკი.
ცხადია, კურსის შეცვლა შესაძლებელია, თუმცა ბოლო თვეებში განხორციელებული ცვლილებები ამის იმედს ნაკლებად იძლევა. სრულმასშტაბიანი ომის მესამე წელს უკრაინა კვლავ ებრძვის კორუფციის დემონს, რომელიც შესუსტებულია, მაგრამ კვლავ უსერიოზულესი პრობლემაა. ბევრი უკრაინელი შიშობს, რომ ომის გაჭიანურებასთან ერთად ქვეყანა უფრო მეტად დაემსგავსება რუსეთს – ავტოკრატიულს, კორუფციულს და ნიჰილისტურს.
პუტინის ცნობილი მაქსიმის პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ, რუსეთი არის რუსეთი იმიტომ, რომ „ნაცისტებს” ებრძვის. ამ გადმოსახედიდან უკრაინა რისკავს, დაემსგავსოს რუსეთს, რადგანაც ისინი მართლაც ნაცისტებს ებრძვიან.