უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა დრონების შესყიდვის კორუფციული სქემა გამოავლინეს

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა დრონების შესყიდვის კორუფციული სქემა გამოავლინეს

შაბათს, უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოებისათვის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ორი დღის შემდეგ, სააგენტოებმა განაცხადეს, რომ გამოავლინეს მსხვილი კორუფციული სქემა, რომლის ფარგლებშიც სამხედრო დრონებისა და სიგნალის ჩამხშობი სისტემების გაბერილ ფასებში შესყიდვები ხორციელდებოდა.

შეგახსენებთ, ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ სამსახურს დამოუკიდებლობა რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილება მოსახლეობამ მასობრივად გააპროტესტა, ევროკავშირმა კი ზელენსკის აღნიშნული ორგანოების დამოუკიდებლობის დაცვისაკენ მოუწოდა.

ანტიკორუფციული სააგენტოების ერთობლივი განცხადების თანახმად, მათ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს მოქმედი კანონმდებელი, ორი ადგილობრივი თანამდებობის პირი და ეროვნული გვარდიის დაუზუსტებელი რაოდენობის თანამშრომლები. ანტიკორუფციული ორგანოები დაკავებული პირების ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.

„სქემის არსი მომწოდებელ კომპანიებთან სახელმწიფო კონტრაქტების განზრახ გაბერილ ფასებში გაფორმება იყო“, – ნათქვამია ანტიკორუფციული ორგანოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნულია, რომ დამნაშავეებმა კონტრაქტის ღირებულების 30%-მდე მოცულობის ქრთამი აიღეს.

კორუფციული სქემის გამჟღავნებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. „კორუფციის მიმართ მხოლოდ ნულოვანი ტოლერანტობა შეიძლება იყოს. კორუფციის გამოსავლენად საჭიროა გუნდური მუშაობა და სამართლიანი განაჩენის გამოტანა“, – აღნიშნა მან.

22 ივლისს რადას მიერ მიღებული და ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონი უკრაინის გენერალურ პროკურორს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებებში მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს ანიჭებდა. კერძოდ, გენერალურ პროკურორს ანტიკორუფციული ბიუროსთვის მითითებების მიცემის, ანტიკორუფციული სამსახურისთვის კი ძალაუფლების სხვა პროკურორებზე დელეგირების საშუალება ეძლეოდა. აღნიშნულმა კანონმდებლობამ მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც კიევში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციაც მოჰყვა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.