უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, 2026 წლიდან სკოლებში 1-ელიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის კვება უფასო იქნება. მან აღნიშნა, რომ ამისთვის თანხების მოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამის შესახებ იულია სვირიდენკომ განათლების კონფერენციაზე „აგვისტო-2025“ განაცხადა.
სვირიდენკოს თქმით, უფასო კვების უზრუნველყოფა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა.
„ჩვენ არა მხოლოდ დაფინანსება უნდა მოვიძიოთ, არამედ უზრუნველვყოთ ქალაქების ინფრასტრუქტურული მზაობა, რათა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 1-ელიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის კვება იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა იულია სვირიდენკომ.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ისიც დასძინა, რომ შესაძლოა მომავალი წლიდან მასწავლებლების ხელფასებიც გაიზარდოს.
„ეს ნომერ პირველი პრიორიტეტია. რთული გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ მას ფინანსთა მინისტრთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად განვიხილავთ. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ამ მიმართულებით დადებით ცვლილებებს ვიხილავთ“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, 20 აგვისტოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დამტკიცდა, რომლის თანახმად, 2025 სასწავლო წელს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის ყველა რეგიონში, ასევე ფრონტის ხაზის ტერიტორიებზე მე-5-დან მე-11 კლასამდე მოსწავლეებისთვისაც, კვებისთვის 4.6 მილიარდი გრივნა გამოიყოფა.