უმაღლესი განათლების გამოწვევები

უმაღლესი განათლების გამოწვევები

უმაღლესი განათლების სისტემაზე საუბრის დროს მისი მოწყობისა და ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, მაგალითად, განათლების რესურსების სამართლიან განაწილებაზე, დეცენტრალიზაციის ხარისხზე, სწავლებისა და სასწავლო მასალების სტანდარტიზაციაზე, გამოცდებისა და ტესტირების ეფექტიანობასა და ა.შ. ყველა ეს თემა საინტერესოა და მათზე მსჯელობა დღევანდელი ქართული უმაღლესი განათლების სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სტატიაში მე შევეცდები ჩემი ყურადღება სისტემის მხოლოდ ერთ ასპექტს მივაპყრო, კერძოდ, უმაღლესი განათლების ხარისხს. ქართული უმაღლესი განათლების სისტემისთვის უპირველესი გამოწვევა სწორედ ხარისხის ამაღლებაა. იმისთვის, რომ უფრო აშკარად დავინახოთ პრობლემის სიმწვავე, პირველ რიგში, მიმოვიხილავ არსებულ სიტუაციას და შემდეგ გადავალ პრობლემის მოგვარების შესაძლო გზების ჩამოთვლაზე.

იქიდან დავიწყებ, რომ არც ერთი ქართული უნივერსიტეტი არ შედის ცნობილ Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტის რეიტინგის 400-ეულში (2013 წლის რეიტინგი). რეიტინგის ერთ-ერთი ბოლო უნივერსიტეტი – ტარტუს უნივერსიტეტი კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელშიც განათლების ხარისხი ბევრად მაღალია თსუ-ს განათლების ხარისხზე. რა თქმა უნდა, ვითარება ნაკლებად საგანგაშოდ მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ 400-ეულში ასევე არ შედის სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, მოლდოვის, ბულგარეთის, რუმინეთის, სერბეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინას და სხვა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნების უნივერსიტეტები. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, ტარტუს უნივერსიტეტის გარდა, ამ რეიტინგში შედის მხოლოდ მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ე.წ. “МГУ”), რომელიც რეიტინგის 226-250-ე შუალედშია.

მეორე ცნობილი რეიტინგის, QS World University Ranking-ის მიხედვით კი არც ერთი ქართული უნივერსიტეტი არ შედის მსოფლიოს 800-ეულში (2012 წლის რეიტინგი), განსხვავებით მაგალითად, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, ბაქოს ქაფქაზის უნივერსიტეტისგან ან ბაქოს ხარაზის უნივერსიტეტისგან. ამავე რეიტინგში ვნახავთ უკრაინულ, რუსულ, ბელორუსულ, ყაზახურ უნივერსიტეტებსაც. QS World University Ranking-ის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართული უმაღლესი განათლების სისტემა რეგიონულ დონეზეც კი ჩამორჩენილია.

იმისთვის, რომ ცვლილებების განხორციელება დავიწყოთ, პირველ რიგში, ეს რეალობა კარგად უნდა გავიაზროთ. გამოდის, რომ მსოფლიო რუკაზე ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო ცენტრი, ფაქტობრივად, არ ვარსებობთ და ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებები იმდენად მნიშვნელოვნადაც კი არ ითვლება, რომ მსოფლიოს 800-ეულში მოხვდეს.

ვითარების გამოსწორების გზების ძიებაზე ფიქრის დროს ორ მთავარ საკითხს ვადგებით: ფინანსურსა და შინაარსობრივს. პირველი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენზე წარმატებული ქვეყნების უმრავლესობა ერთ სტუდენტზე ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის უფრო დიდ ნაწილს ხარჯავს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ესტონეთი 2010 წელს ერთ სტუდენტზე ხარჯავდა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 23 %-ს, ლიტვა – 20 %-ს, ლატვია – 15 %-ს და საქართველო – მხოლოდ 12%-ს… თუმცა ამავე დროს ის, რომ დაფინანსება ყველაფერს არ ნიშნავს, იქიდანაც ჩანს, რომ მოლდოვა იმავე 2010 წელს საქართველოზე სამჯერ მეტს – დაახლოებით 44%-ს ხარჯავდა ერთ სტუდენტზე, ისე, რომ შედეგებს შორის დიდი სხვაობა არ იყო (საქართველოსა და მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით ერთნაირია, მაგრამ არც ერთი ქვეყნის უნივერსიტეტები არ შედის 2012 წლის QS World University Ranking-ის 800-ეულში).

იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს, მხოლოდ დაფინანსების გაზრდა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ის, თუ სად და როგორ დაიხარჯება გაზრდილი დაფინანსება. ჩემი აზრით, ხარისხის გასაზრდელად მინიმუმ სამი პირობის შესრულებაა საჭირო: სწავლების ინტერნაციონალიზაცია, სტანდარტიზაცია და იერარქიზაცია.

ინტერნაციონალიზაცია იმას გულისხმობს, რომ საჭიროა ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ჩართვა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ამისთვის თვითონ სწავლების პროცესი უნდა დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს. სახელმწიფომ უმთავრესი აქცენტი უნდა გააკეთოს არსებული აკადემიური პოტენციალის გაუმჯობესებაზე, რაც, პირველ რიგში, შესაძლებელი იქნება გაცვლითი პროგრამების წახალისებით. არა მხოლოდ აკადემიური პერსონალი უნდა მონაწილეობდეს რამდენიმეთვიან და თუნდაც ერთწლიან გაცვლით პროგრამებში საერთაშორისო დონის უნივერსიტეტებში, არამედ ამ პროცესში დოქტორანტებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი. ასეთი პროგრამები უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ კვლევის ხარისხის ამაღლებას, არამედ სასწავლო კურიკულუმების შემუშავებას და დახვეწასაც.

ქართულენოვან კურსებთან ერთად, ინგლისურენოვანი კურსების არსებობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ენობრივი დონის ამაღლებას, არამედ საერთაშორისო სტანდარტების უკეთ გაცნობასაც, ვინაიდან ასეთი კურსები შეიძლება წაიყვანონ საზღვარგარეთიდან მოწვეულმა, საერთაშორისო დონის ლექტორებმა.

ინტერნაციონალიზაცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ არაფერი გამოვა სისტემური მიდგომის შემუშავების გარეშე. შეუძლებელია გქონდეს საერთაშორისო სტანდარტების განათლების სისტემა იმ პირობებში, როცა არ არის განსაზღვრული ერთიანი სტანდარტები იმისა, თუ მაგალითად, რას ნიშნავს იყო სოციოლოგი, იურისტი, ფიზიკოსი, ეკონომისტი, ინჟინერი და ა.შ. ზოგიერთი უნივერსიტეტი ამ იდეამ შესაძლოა დიდად არ მოხიბლოს, რადგან მიიჩნიონ, რომ ეს უნივერსიტეტის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა იქნება, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, რომ ამგვარი სტანდარტები სავალდებულო იყოს. შესაძლოა, არსებობდეს სარეკომენდაციო სტანდარტები და თითოეულმა უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს, თუ რა დონეზე გაითვალისწინებს მათ. ყოველ შემთხვევაში, სტანდარტების არარსებობა უკვე თავისთავად პრობლემაა ქვეყანაში, სადაც ბევრი გაურკვეველი და სინამდვილეში არაფრისმომცემი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს.

უმაღლესი განათლების რეფორმის მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის იერარქიზაცია, ანუ პრიორიტეტულობის მიხედვით სხვადასხვა სფეროს დაყოფა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ობიექტურად მოხდეს იმის შეფასება, თუ სად უფრო დიდი შანსი აქვს ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ სტუდენტს საერთაშორისო სტანდარტების განათლება მიაწოდონ. ეს გულისხმობს არა მხოლოდ არსებული აკადემიური პერსონალის დონის შეფასებას, არამედ ისეთი დარგების გამოვლენას, სადაც პატარა, განვითარებად ქვეყანას შეუძლია სტუდენტს საერთაშორისო დონის განათლება შესთავაზოს. მაგალითად, ცხადია, რომ ისეთ დარგებს, როგორიც არის ექსპერიმენტული ფიზიკა, სჭირდება გაცილებით მეტი რესურსი, ვიდრე შეიძლება ჰქონდეს საქართველოსნაირ ქვეყანას. ასეთი დარგები, რასაკვირველია, განვითარებული იყო საბჭოთა პერიოდში, მაგრამ მაშინ ისინი მიბმული იყო უზარმაზარი ქვეყნის მატერიალურ და ტექნიკურ რესურსებთან. დღესდღეობით გაცილებით უფრო პრაგმატული იქნება ისეთ სფეროებზე კონცენტრირება, რომლებიც არ მოითხოვს ამხელა რესურსების არსებობას, მაგალითად, კომპიუტერულ მეცნიერებაზე ან ისეთ სფეროებზე, სადაც გარკვეული აკადემიური პოტენციალი უკვე არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია სტრატეგიული დარგებისთვის ყურადღების მიპყრობაც, მაგალითად, აგრონომიისთვის (ამას განათლების სამინისტრო, პრინციპში, უკვე აკეთებს კიდეც). არსებული რესურსების არარაციონალური ხარჯვა იქნება მათი ისეთ დარგებში ინვესტირება, სადაც საქართველოსხელა ქვეყანას საერთაშორისო სტანდარტების მიღწევა და შენარჩუნება გაუჭირდება.

ეს ყველაფერი ამაო საუბარი იქნება, თუ განათლების სამინისტრო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები არ შეთანხმდებიან მოქმედების საერთო გეგმასა და სტრატეგიაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სახელმწიფომ დაფინანსების გაზრდაზე უნდა იზრუნოს, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია ისიც, რომ უმაღლესი განათლების სისტემა მეტ-ნაკლებად ერთი მიმართულებით და მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულად, რესურსების რაციონალური განაწილების გზით მიდიოდეს.

საქართველოს მომავალი იმ პირობებში, როდესაც ინფორმაციულ ეპოქაში ცოდნის მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება, მთლიანად არის დამოკიდებული უმაღლესი განათლების სისტემაზე. დღევანდელი მონაცემებით კი, ამ თვალსაზრისით, საქართველო რეგიონალურ დონეზეც კი ვერ გამოირჩევა. ვითარების გამოსასწორებლად უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ და ეფექტურად, სხვა შემთხვევაში, ისტორიულ შანსს დავკარგავთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *