საქართველოში TOP-20 ოფშორულ ან ნაწილობრივ ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებული საწარმოების 2021-22 წლების საშუალო აქტივების მოცულობა ჯამში ₾3.6 მილიარდს შეადგენს.
საქართველოში ოფშორები ყოველთვის აქტუალური იყო, რამაც მეტი ყურადღება საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ მიიპყრო. კერძოდ, ცვლილებით, ერთჯერადად, ოფშორიდან საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსთვის აქტივების გადაცემა არ დაიბეგრება.
საქართველოში ბევრი ოფშორული ან მისი შვილობილი კომპანია ოპერირებს. ოფშორი, რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც” უწოდებენ, არის ქვეყანა ან ცალკეული ტერიტორიული ერთეული, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ. ასეთი შეღავათები შესაძლოა, დაბალი გადასახადები, კონფიდენციალურობა, ანგარიშგების მარტივი წესი და სხვა საკითხები იყოს. მსოფლოში ამგვარი მოწესრიგების მქონე ბევრი იურისდიქციაა. მათ შორის, ყველაზე პოპულარული პანამა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, ბაჰამის კუნძულები, მალტა, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერსი, მენი, ჰონგ-კონგი და მარშალის კუნძულებია.
ამდენად, წარმოდგენილია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფშორების კვლევისა და Forbes Georgia-ს საქართველოს 100 უმსხვილესი კერძო კომპანიის რეიტინგზე დაყრდნობით, ოფშორულ ან ნაწილობრივ ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებული ოცი მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს რეიტინგები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ. კომპანიების რეიტინგი დალაგებულია 2021-22 წლების დაბეგვრამდე მოგების ჯამის მიხედვით.
1. შპს „მარსი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾416.6 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾870.1 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾84.9 მილიონი
2021-22 წლებში მიღებული დაუბეგრავი მოგების ჯამით გამორჩეული შპს „ მარსია“. ამ პერიოდში „მარსის“ მოგებამ ჯამში 416.6 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიის ბრენდული სახელწოდება „კრისტალბეთია“, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ონლაინტოტალიზატორთან, ონლაინსამორინესა და სხვა მსგავს თამაშობებთან. შპს „მარსის“ საბოლოო მფლობელი მალტაში რეგისტრირებული „ბვინ ჰოლდინგსია“.
დაკავშირებული პირები: „ბვინ ჰოლდინგსის“ წარმომადგენლები არიან – კარლ დიაკონი, კარლ გონცი, რობერტ ჰოსკინი, ობდულიო ბაკარეზე, რობ ჯონსი.
2. შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾234.3 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾336.7 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾1.73 მილიარდი
აქტივების მოცულობით გამორჩეული – შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგია“, რომელსაც ოცეულის აქტივების საერთო ოდენობის 48.2% უკავია. კომპანიის 100%-იან წილს კი მალტაში რეგისტრირებული „კომოდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი“ ფლობს. „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ შვილობილი საწარმოების საშუალებით ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ოპერირებს, ესენია: კავშირგაბმულობა (სილქნეტი), სტუმარმასპინძლობა („რედისონის“ ბრენდის სასტუმროები), გართობა (სამორინე), უძრავი ქონების მართვა, ენერგეტიკა (ბახვისწყალზე) და სხვა.
საბოლოო ბენეფიციარები: გიორგი რამიშვილი და იერკინ ტატიშევი
3. შპს „თბილისი ენერჯი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾161.0 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾802. მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾239.2 მილიონი
ოცეულში აქტივების 6.7%-იანი წილით მეორე პოზიციაზე შპს „თბილისი ენერჯია“, ხოლო მოგების მიხედვით ადგილს „თბილისი ენერჯის“ თბილისის ტერიტორიაზე გაზის დისტრიბუციის მონოპოლია ფლობს. კომპანიის 100%-იან წილი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ „ვოლთბეის“ ეკუთვნის.
დაკავშირებული პირები: შპს „ვოლთბეის“ დირექტორი ხვიჩა მაქაცარია
4. შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾132.9 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾332 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾109.1 მილიონი
მოგების მიხედვით, ოცეულში მეოთხე პოზიციაზე შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიაა“. აღნიშნულ კომპანიას სრულად სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული „გრინფილდ ფაინენშიალ კორპი“ ფლობს, რომლის საბოლოო მფლობელი 2022 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით შმაგი ქემერტელიძე იყო. „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ ძირითადი საქმიანობა მანგანუმის ფეროშენადნობების წარმოება და რეალიზებაა.
დაკავშირებული პირები: შმაგი ქემერტელიძე
5. შპს „ჯეოსთილი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾102.3 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾705.6 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾214.1 მილიონი
ოცეულში აქტივების 6%-იანი წილი შპს „ჯეოსთილს“ უჭირავს, რომლის 90%-იან წილს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „ჯორჯიან გრუპ ჰოლდინგი“ ფლობს, ხოლო დანარჩენ 10%-ს – ნიდერლანდებში რეგისტრირებული „ჯიესვი სთილი“. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო არმატურის წარმოებაა.
საბოლოო ბენეფიციარები: უცნობია
6. შპს „სელფი მობაილი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾53.6 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾266.5 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾152.2 მილიონი
მოგების მიხედვით მეშვიდე პოზიციას შპს „სელფი მობაილი“ იკავებს. კომპანიის 71%-ს შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზი“ ფლობს, ხოლო დანარჩენ 29%-ს შპს „ინვესტიკო ალიანსე“, რომლებიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. შპს „სელფი მობაილი“ ამავე სახელწოდების ბრენდის ქვეშ ფიჭურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს.
საბოლოო ბენეფიციარი: ხვიჩა მაქაცარია
7. შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾41.4 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾77.2 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾45.8 მილიონი
კომპანია „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ 100%-იან წილს ფლობს კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული „აი-სი-თი-ეს-აი საქართველოს კორპორაცია“. საქართველოში რეგისტრირებული კომპანია ფლობს საკონტეინერო ტერმინალს და ბორანს საპორტო ქალაქ ბათუმში.
საბოლოო ბენეფიციარი: უცნობია
8. შპს „ალმა“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾37.2 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾73.3 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾250.9 მილიონი
სარეკლამო ბიზნესიდან წარმოდგენილი კომპანია შპს „ალმაა“, რომელიც ოცეულის აქტივების 6.4%-იან წილს იკავებს. თავად კი 1995 წლიდან ოპერირებს საქართველოს გარე რეკლამის ბაზარზე. სწორედ, „ალმა“ ფლობს დიდ ქალაქებში მნიშვნელოვან ობიექტებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას. კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის მალტაში რეგისტრირებულ Meridian Malta-ს.
საბოლოო ბენეფიციარები: ლევან და სოსო ფხაკაძეები
9. შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾18.7 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾285.5 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾30.4 მილიონი
კომპანიის 50%-იან წილს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული „აკერტ გრუპ ეს.ეი.“ ფლობს, ხოლო 25%-ს – ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „გეითლაინ პროჯეკტს ლიმიტედი“. დანარჩენ 25%-ს – შპს „ფრენფილდ ჯორჯია“. თავად ამ კომპანიასაც სრულად ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „ფრენფილდ ჰოლდინგსი“ ფლობს. „ჯორჯიან პეტროლიუმის“ საქმიანობა ავიაკომპანიებისთვის საავიაციო საწვავის მიწოდებაა. კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები არიან: მიხეილ იაშვილი და გიორგი კაპანაძე.
საბოლოო ბენეფიციარები: უცნობია
10. სს „სუფთა სახლი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾16 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾301.7 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾106.1 მილიონი
„სუფთა სახლი“ 2024 წლის მარტამდე შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმით იყო რეგისტრირებული, რომლის 96%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული GRG Trading-ი ფლობდა, ხოლო დანარჩენ 4%-ს – თამარ ღვინიაშვილი. ამ პერიოდიდან სააქციო საზოგადოების ფორმით გადაკეთდა, რომლის აქციები იმავე პროპორციით განაწილდა. „სუფთა სახლის“ ძირითადი საქმიანობა მაღაზიების ქსელის საშულებით ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენური, საყოფაცხოვრებო ქიმიის, კოსმეტიკის, პარფიუმერიის და სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებების მიწოდებაა.
საბოლოო ბენეფიციარები: არჩილ მაჭარაშვილი (96%); თამარ ღვინიაშვილი 4%.
ქონება
11. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾10.7 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾315.3 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾54.3 მილიონი
კომპანიის 33.35%-ს შპს „აგრიკომი“ ფლობს, რომელსაც კონსტანტინე ოსიპოვი (42%), გიორგი კიკალიშვილი (28%), იური ჭავჭანიძე (20%) და ქეთევან კუბლაშვილი (10%) ფლობენ. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ 16.65% შპს „მიდლ ინვესტ გრუპს“ ეკუთვნის, რომლის 100%-იანი მეპატრონე ვაჟა ხარაბაძეა. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ დანარჩენი 50%-ის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „თაუერ ქეფითელ თრეიდინგია“, რომლის საბოლოო ბენეფიციარები 2022 წლის მდგომარეობით ალექსეი ჩემერიჩკო და მარატ შაიდაევი იყვნენ. კომპანიის ძირითადი საქმიანობა კი მარცვლეულის შენახვა და საბითუმო ვაჭრობაა.
12. შპს „კავკასიან მეტალს ტერმინალი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾8.9 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾65.5 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾32.4 მილიონი
„კავკასიან მეტალს ტერმინალის“ ძირითადი საქმიანობა სპილენძის კონცენტრატის (მხოლოდ ტრანზიტული) შემოტანა/დასაწყობება და შერჩევა/გადამუშავებაა. შპს „კავკასიან მეტალს ტერმინალის“ 85%-ს კვიპროსში რეგისტრირებული „სი.აი.აი. ქლეი ინდასტრის ინტერნეშენალ ლიმიტედი“ ფლობს, ხოლო დანარჩენ 15%-ს – გოჩა კურდღელია. „სი.აი.აი. ქლეი ინდასტრის ინტერნეშენალ ლიმიტედის“ საბოლოო ბენეფიციარი კი უცნობია.
დაკავშირებული პირები: გოჩა კურდღელია, ირაკლი ფიფია
13. შპს „გუდაური სქი რესორტი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾8.7 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾14.7 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾45.1 მილიონი
კომპანიის 100%-იან წილს მავრიკიზე რეგისტრირებული „ჯორჯიან ინვესტმენტს ლიმიტედი“ ფლობს, რომლის საბოლოო ბენეფიციარი უცნობია. აღნიშნული კომპანია ასევე ფლობს შპს „თბილისი სი რეზორტის“ 100%-იან წილს. „გუდაური სქი რესორტი“ გუდაურში ფლობას ორ სასტუმროს: „გუდაური მარკო პოლოს “და სასტუმრო „ალპინას “.
დაკავშირებული პირი: ვასილ რეხვიაშვილი
14. შპს „გდგ“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾6.4 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾219.4 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾39.3 მილიონი
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა. შპს „გდგ-ის“ 85%-იანი წილის მფლობელია კვიპროსში რეგისტირებული “ ვიონეო ჰოლდინგს ლიმითედი” . კომპანიის 10% და 5%-ებს კი – ციალა დარჩიაშვილი და მაია ბიწკინაშვილი ფლობენ. თავად „ვიონეო ჰოლდინგს ლიმითედის” წარმომადგენელია კობა ბობოხიძე.
დაკავშირებული პირები: ციალა დარჩიაშვილი, მაია ბიწკინაშვილი, კობა ბობოხიძე
15. შპს „ასკანგელ ალიანსი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾5.1 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾9.7 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾18.3 მილიონი
კომპანიის 53.5%-ს კვიპროსში რეგისტრირებული SERTORA LIMITED ფლობს, ხოლო 41.5%-ის მესაკუთრე გოჩა ჩხაიძეა (21.5%-ის – შპს „ანასეულის კომბინატის“ საშუალებით). კომპანიის დანარჩენ 5%-ს, თანაბრად, გიორგი და ნინო ჩხეიძეები ინაწილებენ. SERTORA LIMITED-ის საბოლოო ბენეფიციარი იური ლეონენკოა. „ასკანგელ ალიანსის“ ძირითადი საქმიანობა ბენტონიტური თიხის მოპოვება და მისგან რიგი პროდუქციის წარმოებაა.
საბოლოო ბენეფიციარები: გოჩა ჩხაიძე, გიორგი და ნინო ჩხეიძეები, იური ლეონენკო
შემოსავალი
16. შპს „რითეილ ჯგუფი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾1.3 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾999.5 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾198.8 მილიონი
2021-22 წლებში მიღებული საოპერაციო შემოსავლების მიხედვით შპს „რითეილ ჯგუფი“ ლიდერობს, რომელიც ოცეულის შემოსავლების 17.3%-ს იკავებს. შპს „რითეილ ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობა სუპერმარკეტების ქსელია (მაგნიტი), რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სამ ასეულზე მეტ მაღაზიას აერთიანებს. კომპანიის 26.67%-ს კვიპროსში რეგისტრირებული „დოლნეი ქენსალთენთს“ ფლობს. შპს „რითეილ ჯგუფის“ 30%-ს კი – თემურ ანჩაბაძე, 13.33%-ს – დავით ბეჟუაშვილი, 9.96%-ს ცეზარ ჩოჩელი და იზოლდა ჩარიგოგდიშვილი იყოფენ. კომპანიის დანარჩენ 20.04%-ს სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციონერები ფლობენ.
17. შპს „სერვის ნეტ გრუპი“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾0.7 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾43.2 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾8.9 მილიონი
„სერვის ნეტ გრუპის“ 100%-იან წილს მალტაში რეგისტრირებული „იუპიტერ ფაინანს (მალტა) ლიმიტედი“ ფლობს, რომლის საბოლოო მესაკუთრე ასევე მალტაში რეგისტრირებული კომპანია „არტიო თრასის ლიმიტედია“, რომლის საბოლოო ბენეფიციარი უცნობია. „სერვის ნეტ გრუპის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის ხაზობრივი ნაგებობების მოწყობა/მშენებლობა თანამდევი სამუშაოებით, საჰაერო და მიწისქვეშა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მოწყობა და ასევე შიდა ქსელის (ინტერნეტი, ელექტროენერგია, გაზი და წყლის გაყვანილობა) მოწყობა. „სერვის ნეტ გრუპის“ პარტნიორები 2015 წელს იყვენენ: ზურაბ კოსტავა, ზურაბ გრძელიძე, რევაზ ჭკუასელი.
საბოლოო ბენეფიციარი: უცნობია
18. შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾0.4 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾42.8 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾48.3 მილიონი
კამპანიის 70%-ს კვიპროსში რეგისტრირებული „პეფტერსონა ლიმითედი“ ფლობს, ხოლო დანარჩენ 30%-ს – ილია ბულიჩევი. „პეფტერსონა ლიმითედის“ მფლობელი და მაკონტროლებელი კი ერიკ ბოუტროსია. „ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ ძირითად საქმიანობა სამორინე და სათამაშო ბიზნესია, ხოლო დამატებით – სარესტორნო მომსახურება. კომპანია ბათუმში ოპერირებს Eclipse-ის ბრენდის სახელით.
საბოლოო ბენეფიციარები: ილია ბულიჩევი, ერიკ ბოუტროსი
19. შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროები“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾ -1.8 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾ 7.6 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾ 181 მილიონი
კომპანია 2021-22 წლის მანძილზე ჯამში ზარალშია. შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ 80%-იან წილს ფლობს სენტ-კიტსი და ნევისიში რეგისტრირებული „ოტელ თბილისი ჰოლდინგ კომპანი“, ხოლო 20%-ს – შპს „ჯი ემ თი უძრავი ქონება“. ამ უკანასკნელის 100%-იანი მესაკუთრე სენტ-კიტსი და ნევისიში რეგისტრირებული „თბილისი რიალ ისთეით ჰოლდინგ კომპანია“. კომპანიაზე საბოლოო კონტროლის მქონე მხარე „ალბეკი თრესტ კომპანი ლიმითედია“, მაგრამ საბოლოო ბენეფიციარი უცნობია. „ჯი-ემ-თი სასტუმროები“ ფლობს Tbilisi Marriott Hotel-ს, Tbilisi Courtyard by Marriott Hotel-ს, Moxy Tbilisi Hotel-ს (ერთობლივად „სასტუმროები”) და GMT Plaza-ს, A კლასის ბიზნესცენტრს.
საბოლოო ბენეფიციარი: უცნობია
20. შპს „რუსთავის ავტობაზრობა“
2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾-8.0 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾8.1 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾2.4 მილიონი
ოცეულში ბოლო პოზიციას შპს „რუსთავის ავტობაზრობა“ იკავებს, რომლის 100%-იან წილს ბელიზში რეგისტრირებული „მიკადო ინვესტმენტსი“ ფლობს. საბოლოო ბენეფიციარი კი უცნობია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საპარკინგე ადგილის მიწოდება და ტერიტორიაზე განთავსებული შენობა–ნაგებობების ქვეიჯარით გაცემაა. „მიკადო ინვესტმენტსის“ მინდობილ პირად მითითებულია ევგენი უსტინოვი, რომელიც არის ასევე შპს რუსთავის აზოტის დირექტორი. კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორია იმედა დვალიძე.
დაკავშირებული პირი: იმედა დვალიძე
მოგება
მეთოდოლოგია: რეიტინგი მომზადებულია საჯარო ოფიციალური წყაროების მიხედვით (24.04.2024-ის მდგომარეობით). კერძოდ, კომპანიის რეგისტრაციისა და მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, ხოლო ბოლო ხელმისაწვდომი, 2021- 22 წლების ფინანსური ანგარიშები – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალიდან.
შენიშვნა: შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ ფინანსური ანგარიში წარმოდგენილია აშშ დოლარში, რომლის კონვერტირება მოხდა საანგარიშო პერიოდის აშშ დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით.