სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ, არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე, 5.15 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7.7%-ით მეტია.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5%-ით გაიზარდა და თითქმის 2.35 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 276.2 მლნ. აშშ დოლარით. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 189.1 მლნ. აშშ დოლარით. მისი წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 8.1%-ია. მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 167.3 მლნ. აშშ დოლარით. მასზე ადგილობრივი ექსპორტის 7.1% მოდის.