გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ხელმძღვანელის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 110 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო პერიოდში ამ რიცხვის განსაკუთრებით სწრაფად ზრდა უკრაინასა და სუდანში მიმდინარე კონფლიქტებმა განაპირობა.
UNHCR-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული წლის ბოლოსათვის იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი წლის ჭრილში 19 მილიონით გაიზარდა და 108.4 მილიონი ადამიანი შეადგინა. ეს მაჩვენებელი კი აქამდე დაფიქსირებული წლიური ზრდის რეკორდული მონაცემია. გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის განცხადებით, მას შემდეგ რიცხვმა 110 მილიონს გადააჭარბა, რაც მეტწილად სუდანში მიმდინარე უკვე 8-კვირიანი კონფლიქტის შედეგია. მისივე განმარტებით, ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
იძულებით გადაადგილებულ პირთა ანგარიშების თანახმად, 2011 წელს სირიის კონფლიქტამდე ორი ათწლეულის განმავლობაში ლტოლვილთა და დევნილთა რიცხვი გლობალურად 40 მილიონის ფარგლებში მერყეობდა. ანგარიშის თანახმად, ამჟამად მსოფლიოში ყოველი 74-ე ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია. ამის მიზეზი კი ძირითად შემთხვევებში კონფლიქტები, რაიმე ნიშნით დევნა, დისკრიმინაცია, ძალადობა ან კლიმატის ცვლილებაა.
საინტერესოა, რომ ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირთა დაახლოებით 50% სამ ქვეყანაზე (სირია, უკრაინა, ავღანეთი) მოდის.