ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები შეთანხმდნენ, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული 1.4 მილიარდი ევროს მოგება უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად და სხვა სახის დახმარებისთვის გამოიყენონ. EU-ს წევრმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღეს.
ევროკავშირის მთავრობები, უკრაინისთვის რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან შემოსავლის 90%-ის გადაცემაზე ჯერ კიდევ მაისში შეთანხმდნენ. დარჩენილი 10% Euroclear-ს უნდა შეენარჩუნებინა იმ შემთხვევისთვის, თუ ფინანსური სახსრების გამო იურიდიული დავა დაიწყებოდა. ცნობისთვის, გაყინული რუსული აქტივების ძირითადი მარაგი სწორედ ბელგიური ფინანსური ინსტიტუტის, გადახდების გაცვლის ფასილიტატორი დაწესებულება Euroclear-ის დაქვემდებარებაშია.
მაისის გადაწყვეტილების განსახორციელებლად ლეგალური ქმედებების დაწყებას მაშინ ხელი უნგრეთმა შეუშალა. ახლა კი ორგანიზაციამ უნგრეთის წინააღმდეგობას თავი აარიდა, რის გამოც ორბანის მთავრობამ EU-ს წევრი სახელმწიფოები წესების „უსირცხვილო“ დარღვევაში დაადანაშაულა.
ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, უნგრეთი რუსეთთან კვლავ მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს. პრემიერმა ორბანმა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში არაერთხელ დაადანაშაულა. უნგრეთი უკრაინას არც იარაღით ეხმარება.
გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმაც. ორშაბათს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბორელმა განაცხადა, რომ EU-ს საგარეო პოლიტიკის საკითხზე სრული ერთიანობის საჭიროება არ დგას, ვინაიდან უნგრეთმა ამ თემასთან დაკავშირებით გამართული წინა შეხვედრები გამოტოვა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან დახმარების პირველ ნაწილს – 1.4 მილიარდ ევროს – მომდევნო თვეში მიიღებს, დამატებით 1 მილიარდი ევრო კი ომში მყოფი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება.