უფრო დიდები, უფრო მდიდრები და ველურები

უფრო დიდები, უფრო მდიდრები და ველურები

ილუსტრაცია: უესლი ბედროსიანი; GETTY IMAGES

 

South Park-ის თანაბარი შესაძლებლობების წესების დამრღვევებმა ათნიშნა ქონებამდე გზა შეურაცხყოფებით გაიკვალეს.

 

სცადეთ გააბრაზოთ South Park-ის შემქმნელები, ტრეი პარკერი და მეტ სტოუნი. და ისინი გაზღვევინებენ – როგორც ფინანსურად, ასევე სატირულად. ამ ზაფხულს, მას შემდეგ, რაც Comedy Central-მა შოუს 27-ე სეზონის პრემიერა იმიტომ გადადო, რომ ქსელის მშობელი კომპანია Paramount-ი პარკერთან და სტოუნთან სტრიმინგის უფლებების მინიჭების საკითხზე რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა – დევიდ ელისონის Skydance Media-ს მიერ Paramount-ის რამდენიმე თვით გაწელილი შეძენის პარალელურად – დუეტმა X-ზე თოფივით გაისროლა: „ეს შერწყმა უვარგისი რამეა, – წერდნენ ისინი, – და ის South Park-ს ძირს უთხრის“.

ივლისის ბოლოს ყველაფერი გაცილებით უკეთესად იყო, როდესაც პარკერი და სტოუნი ხუთწლიან, $1.5-მილიარდიან სტრიმინგის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, რომელიც South Park-ს გლობალურად Paramount+-თან მიიყვანდა. იმავე კვირას ფედერალურმა საკომუნიკაციო კომისიამ (FCC) ოფიციალურად დაამტკიცა Skydance-ის შეძენა. ამ შეთანხმებამ განამტკიცა წყვილის, როგორც ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო შოურანერების პოზიცია და 55 წლის პარკერი და 54 წლის სტოუნი მილიარდერებად აქცია, რომელთა ქონებაც თითოეულისთვის დაახლოებით $1.2 მილიარდს შეადგენს.

თუმცა ახალმა შეთანხმებამ, რომლის მიხედვითაც წყვილს წელიწადში მინიმუმ $250 მილიონს გადაუხდის, Paramount-ის თავის ტკივილები ვერ დაასრულა. სეზონის პრემიერაზე დონალდ ტრამპი სატანასთან საწოლში იყო გამოსახული, იესო კი შოუს ახალგაზრდა გმირებს პრეზიდენტის პროვოცირების საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. „ხედავთ, რა დაემართა CBS-ს? აბა, გამოიცანით, ვის ეკუთვნის CBS? Paramount-ს, – ამბობს იესო. – მართლა გსურთ [სტივენ] კოლბერტის ბედი გაიზიაროთ?“

კომიკურად უშიშარი პარკერი და სტოუნი ახლა ტელევიზიის იშვიათი მილიარდერების შემოქმედებით კლასში შედიან და სამმძიმიან კლუბში ოპრა უინფრის, ტაილერ პერის, დიკ ვულფს და ჯერი სეინფელდს უერთდებიან. ეს გასაოცარი თანხა მოწმობს South Park-ის მუდმივ პოპულარობას, რომელიც 1997 წელს Comedy Central-ზე დებიუტის შემდეგ ფენომენად რჩება. წლების განმავლობაში ის ტელეარხისთვის ჩაუნაცვლებელი გახდა და მისი 300-ზე მეტი ეპიზოდი ახლა ერთ-ერთია იმ ძირითადი კონტენტიდან, რომელიც კვირაში ათობით მეორდება ეთერში.

პარკერი და სტოუნი ყოველწლიურად South Park-ის 10 ახალ ეპიზოდს 2030 წლამდე გადაიღებენ და ეჭვგარეშეა, რომ ისინი გააგრძელებენ როგორც მშობელი კომპანიის, ასევე სასამართლო პროცესებში გახვეული პრეზიდენტის დაცინვას. როდესაც ივლისში ComicCon-ზე ჰკითხეს, თუ რას უნდა ველოდოთ სეზონის დარჩენილი ნაწილისგან, სტოუნმა ხუმრობით უპასუხა: „არანაირი პოლიტიკა“. კომენტარს პირველი ეპიზოდის შემდეგ ტრამპის რეაქციასთან დაკავშირებით კი პარკერმა სერიოზული სახით განაცხადა: „ძალიან ვწუხვართ“.