2019 წელს, ევროკომისიამ პირველი პრეზიდენტი ქალი – ურსულა ფონ დერ ლაიენი აირჩია. ევროკავშირის ყველაზე ძლევამოსილ ინსტიტუტში ხელმძღვანელის როლის დასაკავებლად გერმანელი დიპლომატი ამჟამად უკვე მეორე ვადით ემზადება.
გასულ თვეში ბლოკის 27 ლიდერმა 65 წლის ლაიენი მომდევნო ხუთი წლით ევროკომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა. ლაიენს მომავლის გამოწვევები, როგორც ჩანს, კარგად აქვს გააზრებული, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევამდე მას მინიმუმ 361 ხმა აშორებს.
მანამდე კი სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ურსულა ფონ დერ ლაიენის გასული პრეზიდენტობიდან.
ისტორიული არჩევნები
ურსულა ფონ დერ ლაიენი პოლიტიკაში მოულოდნელად გამოჩნდა. ბრიუსელში დაბადებული შვიდი შვილის დედა ქალაქში ნაკლებად ცნობილი პერსონა იყო, როდესაც 2019 წლის ივლისში ლიდერები შეიკრიბნენ და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ძლიერი გავლენით, იგი აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველად აირჩიეს. ფონ დერ ლაიენი მაშინ გერმანიაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და მისი წარდგენა ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად ბევრისთვის მოულოდნელიც კი აღმოჩნდა. კენჭისყრისას მან მხოლოდ 383 ხმა მიიღო – დაწესებულ მინიმალურ ზღვარზე სულ რაღაც ცხრა ხმით მეტი.
„მხოლოდ ერთი გზა დამრჩენია: ევროპის გაერთიანება და გაძლიერება”, – განაცხადა ლაიენმა ევროკომისიის პრეზიდენტად დასახელებისას.
„ადამიანი მთვარეზე“
2019 წლის 11 დეკემბერს ლაიენმა „ევროპის მწვანე შეთანხმება“ წარადგინა – ბლოკის ეკონომიკური გარდაქმნისა და 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევის გეგმით: „ჯერჯერობით პასუხები არ გვაქვს. მოგზაურობა დღეს იწყება. თუმცა ეს იქნება ევროპის „ადამიანი მთვარეზე“ მომენტი“. ასე დაიწყო საკანონმდებლო წინადადებების სერია, რომელიც მოიცავდა ისტორიაში პირველად ნახშირბადზე გადასახადის დაწესებას, შიგაწვის ძრავებზე მომუშავე მანქანების ეტაპობრივ აკრძალვასა და 65 მილიარდი ევროს სპეციალურ ფონდს, „მწვანე პოლიტიკის“ ფარგლებში მოქალაქეთა მხარდასაჭერად.
აღდგენის ფონდი
COVID-19-ის პანდემიამ ევროკავშირი სრულ გაჩერებამდე მიიყვანა: ქარხნები, ოფისები, მაღაზიები, სკოლები, რესტორნები, თეატრები, კლუბები – ყველა დაწესებულება იძულებული გახდა, დახურულიყო. პარალიზებამ გამოიწვია უეცარი, სასტიკი რეცესია, რამაც მილიონობით ადამიანისთვის სამუშაოსა და საარსებო წყაროს დაკარგვის საფრთხე შექმნა.
გერმანიის იმდროინდელ კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეთანხმებით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეკონომიკის წასახალისებლად, ინფრასტრუქტურის გასაახლებლად და „მწვანე პოლიტიკის“ გასაძლიერებლად 750 მილიარდი ევროს მოცულობის აღდგენის ფონდი შექმნა. ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად, თანხა გრანტებისა და დაბალპროცენტიანი სესხების სახით გაიცა.
ვაქცინაციის პოლიტიკა
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენა ფონ დერ ლაიენის კიდევ ერთი ამბიციური ინიციატივა იყო. ფურცელზე იდეა მარტივად გამოიყურებოდა: ევროკომისია ფარმაცევტულ კომპანიებთან ხელშეკრულებებს გააფორმებდა იმ პირობით, რომ ბლოკის ყველა წევრი სახელმწიფო ვაქცინებს ერთსა და იმავე ფასად მიიღებდა. თუმცა შეთანხმების პროცესი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. Pfizer-მა და, რაც მთავარია, AstraZeneca-მ ვაქცინებზე სახელმწიფოების მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს.
იმის შიშით, რომ ევროკავშირისთვის წარმოებული ვაქცინები გაერთიანებულ სამეფოში არ გაეგზავნათ, ფონ დერ ლაიენის გუნდმა ექსპორტის კონტროლზე რეგულაცია დააწესა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ვაქცინების შესყიდვის თაობაზე, პირდაპირ Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ალბერტ ბურლასთან სცადა შეთანხმების მიღწევა, თუმცა მასთან საუბრის დეტალები არ გაასაჯაროვა. ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც Pfizergate-ის სახელით გახდა ცნობილი, პირველად სტატია New York Times-მა გამოაქვეყნა. მალევე, ვაქცინების თემასთან დაკავშირებით გამოძიება სახალხო დამცველმა დაიწყო.
ომის პირველი კვირა
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ პერიოდში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს თანამდებობა ახალი დატოვებული ჰქონდა, მაკრონის პოლიტიკას კი ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. ამის მიუხედავად, ომის დაწყების პირველივე დღეებში, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსული აგრესია ღიად დაგმო და რუსეთის შემაკავებელ ზომებზე მუშაობაც დაიწყო.
ევროკომისიის პრეზიდენტმა კრემლის წინააღმდეგ რიგი სანქციები დააწესა – მათ შორის იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების უპრეცედენტო მოცულობის გაყინვა და უკრაინაში იარაღის მიწოდების დასაფინანსებლად გარე ბიუჯეტის სქემის გაფართოება. ომის პირველივე კვირაში ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით Euronews-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ უკრაინა ბლოკის წევრი გახდებოდა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინას ეწვია და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად ოფიციალური კითხვარი ზელენსკის პირადად გადასცა.
სიტყვით გამოსვლა ჩინეთთან ურთიერთობის საკითხზე
ჩინეთზე საუბარი ევროკავშირისთვის ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ბლოკის წევრი ქვეყნების ნაწილი ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უჭერდა მხარს, ნაწილი კი მას ადამიანთა უფლებების დარღვევისა და უსამართლო სავაჭრო პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა.
2023 წლის 30 მარტს ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის შესახებ საუბარს 40-წუთიანი გამოსვლა მიუძღვნა. მან პეკინი დაადანაშაულა პატარა სახელმწიფოების დაშინებაში, დეზინფორმაციულ კამპანიებში, მისი სამხედრო და კომერციული სექტორების გაერთიანებასა და ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის ხელშეწყობაში, „სადაც ინდივიდუალური უფლებები ექვემდებარება ეროვნულ უსაფრთხოებას“.
სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა „რისკისგან თავის დაღწევის“ ახალი სტრატეგიაც წარადგინა, რომელიც მოგვიანებით G7-მა, ჩინეთთან გასამკლავებლად ოფიციალურ პოლიტიკადაც დაამტკიცა. შედეგად, ჩამოყალიბდა ეკონომიკური უსაფრთხოების პირველი სტრატეგია, მრავალეტაპიანი სავაჭრო შემოწმება და ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე ტარიფები დაწესდა.
ტუნისის შეთანხმება
მიგრაციის პოლიტიკა ფონ დერ ლაიენისთვის თანამდებობაზე მოსვლის პირველი დღიდან პრიორიტეტად იქცა. „ახალი პაქტი მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ“ დაძაბული მოლაპარაკებების გზით გაიარა და საბოლოოდ მიაღწია მას, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
„მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალ პაქტს“ საბოლოოდ მიღებამდე ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. 2023 წლის 16 ივლისს ფონ დერ ლაიენი ტუნისში გაემგზავრა, სადაც ხელი მოაწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს“. შეთანხმება, თავის მხრივ, მოიცავდა 150 მილიონ ევროს – ბიუჯეტის, 100 მილიონ ევროს კი მიგრაციის საკითხების დასაფინანსებლად. შეთანხმების წესები მარტივი იყო: ბლოკი ტუნისის ეკონომიკას დაეხმარებოდა, ტუნისი საზღვრის კონტროლს გააძლიერებდა. მსგავსი ხელშეკრულებები ევროკომისიის პრეზიდენტმა სხვა მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის მავრიტანიასთან, ეგვიპტესა და ლიბანთან გააფორმა.
ისრაელში ვიზიტი
„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმიდან მალევე ფონ დერ ლაიენმა განცხადება გააკეთა და „ტერორიზმი, მისი ყველა ფორმით“ დაგმო. 2023 წლის 13 ოქტომბერს, თავდასხმიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ევროკომისიის პრეზიდენტი მხარდაჭერის გამოსახატავად ისრაელშიც გაემგზავრა. ვიზიტისას შეხვდა ისრაელის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
„ამ ენით აუწერელი ტრაგედიის მიმართ ჩვენ მხოლოდ ერთი პასუხი გვაქვს: ევროპა დგას ისრაელის გვერდით“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა ნეთანიაჰუსთან ერთად სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ისრაელს აქვს როგორც უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, ასევე მოვალეობაც გააჩნია თავისი ხალხის დასაცავად.
თუმცა ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე კონფლიქტში ნაწილმა პრეზიდენტის დამოკიდებულება მხოლოდ ცალმხრივ, და არა სრულ მხარდაჭერად შეაფასა. გამომდინარე იქიდან, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს ამ პერიოდში პალესტინელი მოსახლეობის მდგომაროებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებით, მისი რეპუტაციისთვის ზიანის ასარიდებლად, პრეზიდენტს რიტორიკის დაბალანსება მოუხდა.
რეაქცია ფერმერების პროტესტზე
ურსულა ფონ დერ ლაიენის პრეზიდენტობისას მთელ ევროპაში ფერმერთა საპროტესტო აქციები დაიწყო – ცხოვრების ხარჯების კრიზისის, უსამართლო კონკურენციის, თავისუფალი სავაჭრო გარიგებებისა და ბიუროკრატიულ საკითხებთან დაკავშირებით.
საპროტესტო მოძრაობა პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა მის მწვანე გარიგებას, რადგან გამოწვევების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ფერმერები სწორედ გარემოსდაცვით რეგულაციებს ასახელებდნენ. შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად, ფონ დერ ლაიენის გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის გაამარტივა „საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა“ – შეარბილა გარემოსდაცვითი მოთხოვნები, თუმცა შეინარჩუნა სუბსიდიების დონე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად უკრაინიდან შემოსულ მარცვლეულზე ტარიფების ხელახალი დაწესების განხილვაც დაიწყო. პარალელურად აწარმოებდა სტრატეგიულ მოლაპარაკებებს სოფლის მეურნეობის სექტორთან, გაუქმდა პესტიციდების კანონიც.
ევროკომისიის პრეზიდენტმა განცხადებაც გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ფერმერების ეკონომიკური სიძლიერე პირდაპირი ინვესტიციაა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, კლიმატისა და გარემოსდაცვით მიზნებს კი ევროკავშირი მათთან ერთად მიაღწევს და არა მათ გარეშე.