4 ნოემბერს, 10:15 საათზე, სასტუმრო პულმან თბილისში – Visa-მ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ახალი პარტნიორობის დაწყების მიზნით, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მათი საქმიანობის გაციფრულებას, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეებისთვის ციფრული შესაძლებლობების გაფართოებასა და ხელმისაწვდომობას.
თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და Visa შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ფინანსური წიგნიერების მიმართულებით ცნობადობის გაზრდაზე განსაკუთრებული აქცენტით მიკრო და მცირე მეწარმეებზე ასევე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციაზე.
„მოხარულნი ვართ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და Visa-ს შორის თანამშრომლობის დაწყებით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ციფრული ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარებას. Visa-ს აქვს გლობალური და მრავალწლიანი გამოცდილება ეკონომიკის გაციფრულების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის მხარდაჭერის მიმართულებით და ეს ყოველივე ასევე წარმოადგენს USAID-ის მთავარ ღირებულებებს. აღნიშნული პარტნიორობა, ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ გონივრული ციფრული გადაწყვეტილებები განვითარების მიზნების მისაღწევად და ჰქონდეთ კავშირი საერთაშორისო ბაზართან.“ – აღნიშნავს მარკ მაკკორდი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.
“მოხარული ვარ, რომ დღეს, Visa-სა და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის თანამშრომლობა, ახალ საფეხურზე გადაგვყავს, იმისთვის რომ საქართველოს ციფრული მომავლისკენ სვლა უზრუნველვყოთ. როგორც Visa-ს, ასევე USAID-ის პროგრამის გამოცდილება საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის გაციფრულებას. Visa, წლების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ბანკებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, რათა მთელ მსოფლიოში, უკონტაქტო შეღწევადობის კუთხით, ქვეყნის წინსვლას შეუწყოს ხელი. ისეთი ძლიერი მრავალკულტურული ორგანიზაციები, როგორებიცაა Visa და USAID, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების გაერთიანებისა და პროგრესის საქმეში. შესაბამისად, მე გულწრფელად მჯერა, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ჩვენი თანამშრომლობა დაეხმარება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ღირებულებას შემატებს თქვენს ლამაზ ქვეყანას – საქართველოს,” განაცხადა სალვადორ პერეზ-გალინდომ, უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა და Visa-ს მთავრობის ჩართულობის ხელმძღვანელმა CEMEA-ში.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან საქართველოში და მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება. მემორანდუმი ოთხ სტრატეგიულ მიმართულებაზეა ფოკუსირებული, კერძოდ მეწარმე ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და დიგიტალიზაციის, ფინტექებისა და ელექტრონულ კომერციის ხელშეწყობა და გვჯერა, რომ USAID-ის პროგრამასთან ერთობლივი მუშაობით, საზოგადოებას დადებით შედეგებს მოვუტანთ.“ – აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და Visa-ს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ელექტრორნული კომერციის გაფართოებას, ფინანსურ ინკლუზიას და ტრანზაქციებს, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც რეგიონულ ჰაბად, ასევე ინვესტიციებისთვის უსაფრთხო ადგილად.