უცხოური მედია თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება

უცხოური მედია თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება

გუშინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას უცხოური მედია გამოეხმაურა. აქცია პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას მოჰყვა. პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით შეკრებილის წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშლას ცდილობდა.

„უცხოურ აგენტებზე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას თბილისში პროტესტი მოჰყვა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN და წერს, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტს, რომელიც ორგანიზაციებს აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს, სამოქალაქო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.

აქვე გეტყვით, რომ კანონპროექტი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტიც გახდა. მათ შორის არიან Human Rights Watch და Amnesty International. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების უფლებას შეზღუდავს.

თბილისში გამართულ აქციაზე წერს მედიასააგენტო Reuters-ი. ვრცელ სტატიაში ვკითხულობთ, რომ პროტესტის ათასობით მონაწილე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. მოწინააღმდეგეების შეფასებით, კანონპროექტის მიღებით საქართველო ავტორიტარიზმის მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს. Reuters-ი ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს ევროკავშირმა უარი უთხრა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რისი მიზეზიც პოლიტიკური და სასამართლო რეფორმის შეფერხება იყო.

„პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა ავტორიტარული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების მიმართ“ – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული Guardian-ი სტატიას. გამოცემის ცნობით, ცრემლსადენი გაზისგან დაშავებული მოქალაქეები პარლამენტის კიბეზევე იღებდნენ პირველად დახმარებას.

„აქ იმიტომ მოვედი რომ ვიცი ჩემი ქვეყანა ევროპას ეკუთვნის, თუმცა ჩვენს მთავრობას ეს არ ესმის. აქ ვარ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა დავიცვა, რადგან აღარ გვინდა რუსეთის ნაწილი კიდევ ერთხელ გავხდეთ“, – უთხრა Guardian-ს დემეტრე შანშიაშვილმა.

„ბევრი ქართველისთვის რუსეთი მტერია მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვმა მხარი დაუჭირა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტულ ძალებს. შედეგად ათასობით ქართველი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირი გახდა“,- წერს Guardian-ი.

წუხელ ღამით თბილისში მომხდარ მოვლენებს BBC-ც ეხმაურება და წერს, რომ პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება პარლამენტის მიერ სადავო კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა, რადგან როგორც მოწინააღმდეგეები ამბობენ, ის ზღუდვას პრესის თავისუფლებასა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას.

„პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხის დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. აქციის ზოგიერთი მონაწილე გაზით მოწამლული იწვა, ნაწილი კი ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს აფრიალებდა“, – წერს BBC. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტი საერთაშორისო დონეზეც დაგმეს. მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ „უცხოეთის აგენტების კანონი“ ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ეს უზარმაზარი შეფერხება იქნება შეერთებული შტატების უნარისთვის, იყოს ქართველი ხალხის პარტნიორი“, – თქვა მან.

საპროტესტო აქციას ამერიკული Washington Post-იც გამოეხმაურა. გამოცემის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მედიის შემზღუდავ კანონპროექტს. Washington Post-ის თანახმად, რუსეთში უცხოური აგენტების შესახებ კანონს მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ხშირად იყენებს.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას და ამ მოვლენასთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებს წუხელვე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი. „მის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს“, – აცხადებს ის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *