„სისხლის უანგარო დონორები” სისხლის დონაციის მარკეტიზებულ სფეროში ჩუმ ალტრუისტულ რევოლუციას ახდენენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ციფრულ ეპოქაშიც კი სიცოცხლის ზეიმის ყველაზე ძლიერი იარაღი კვლავ ადამიანის გულშია. უანგარო სუპერგმირთა გეგმებსა და მიღწევებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მელანო დურმიშიძე გვიზიარებს.
როგორ და რა მიზნით გაჩნდა „სისხლის უანგარო დონორების” იდეა, რა არის თქვენი მიზანი?
„ადამიანი ადამიანისთვის დღეა“, – ჩვენი გუნდისთვის ამ გამოთქმას ბევრი ემოცია მოაქვს. ეს პირდაპირი მნიშვნელობით ასეა – სისხლის თითოეული უანგარო დონაცია პაციენტისთვის ახალი დღის მომტანია. ეს შეგრძნება, რომ სიცოცხლისთვის მებრძოლ ადამიანს შენს წილ სიცოცხლეს უზიარებ, ჩვენთვის დიდი შთაგონების წყაროა.
ორგანიზაცია ეხმარება ოჯახებს გადაარჩინონ თავიანთი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა დაავადებას ან აქვთ სისხლის გადაუდებელი საჭიროება. ჩვენი ხედვა და მიზანია, რომ საქართველოში სისხლის დეფიციტის გამო ადამიანების სიცოცხლეს არ ემუქრებოდეს საფრთხე. გვჯერა, რომ ყველა, ვინც სისხლს უანგაროდ გასცემს – სუპერგმირია.
რა განასხვავებს „სისხლის უანგარო დონორებს” სისხლის დონაციის სხვა ინიციატივებისგან?
ჩვენი მიდგომა სრულად პაციენტზეა ორიენტირებული. გუნდი ასრულებს მედიატორის როლს პაციენტების ოჯახებსა და დონორებს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის ბანკების უმეტესობა არის კერძო და მოგებაზე ორიენტირებული, ჩვენ საკუთარი მიდგომა გვაქვს – არ ვთანამშრომლობთ კონკრეტულ სისხლის ბანკებთან თუ კლინიკებთან. ამის შედეგად, ჩვენ შეგვიძლია სრული ფოკუსი შევინარჩუნოთ პაციენტის დახმარებაზე. ჩვენი ორგანიზაცია პირველია საქართველოში ამ მიმართულებით. მსოფლიოში ანალოგის მოძიებაც ძნელია, რადგან განვითარებულ ქვეყნებში საჭიროება ამ სიმწვავით უბრალოდ არ დგას.
შეგიძლიათ აგვიხსნათ, როგორ აკავშირებთ ერთმანეთთან დონორებსა და პაციენტებს?
ჩვენ ვამყარებთ კომუნიკაციას სოციალური ქსელების საშუალებით. მოთხოვნა კონკრეტული სისხლის ჯგუფის შესახებ მოგვდის პაციენტის ახლობლებისგან, ვუგზავნით კითხვარს და ვიღებთ დეტალურ ინფორმაციას. შემდეგ ვუკავშირდებით დონორებს, რომლებიც ჩვენთვის „სუპერგმირები” არიან. გავდივართ ყველა წინაპირობას და შემდეგ ვუზიარებთ დონორს დეტალებს, თუ სად და ვის სახელზე უნდა ჩააბაროს სისხლი. ეს მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს პაციენტის ოჯახის დამატებით ხარჯებს და ინარჩუნებს ჩვენს პირდაპირ კავშირს დონორებთან. ორივე მხარესთან აქტიური კომუნიკაცია გვეხმარება, პულსზე ხელი გვედოს და გვესმოდეს, რა საჭიროებები აქვთ როგორც პაციენტის ოჯახის წევრებს, ასევე „სუპერგმირებს“, რომლებსაც საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესასრულებლად სრულიად უცნობი ადამიანებისთვის გამოყოფენ საკუთარ ძვირფას დროს. ამასთან, ვცდილობთ, უკუკავშირი პასუხისმგებელ უწყებებამდეც მივიტანოთ.
როგორ მუშაობს თქვენი „გადაუხადე სხვას”-მოდელი?
პაციენტების დახმარების შემდეგ ხშირად გვეკითხებიან, რამდენი უნდა გადაიხადონ. ვფიქრობ, ჩვენი მნიშვნელოვანი მიგნება მთელ ჩვენს საქმიანობაში არის მიდგომა – „გადაუხადე სხვას”. ჩვენ ვთხოვთ, გადახდის ნაცვლად, დარეგისტრირდნენ თავად ან დაარეგისტრირონ ოჯახის წევრები, რათა სიცოცხლის სიყვარული გაგრძელდეს. ეს მოდელი ყველას ახსენებს, თუ რა მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება. ასევე, დონაციის შემდეგ, სუპერგმირის თანხმობით გავცემთ მათ ნომერს პაციენტის ოჯახზე, რის შედეგადაც ისინი თავად გამოხატავენ მადლიერებას. რეალურად, ჩვენი საქმიანობა ადამიანებისთვის შეხსენებაა, თუ რა მნიშვნელოვანი ვართ ერთმანეთისთვის.
რა გავლენა იქონია თქვენი ორგანიზაციის მუშაობამ მისი შექმნიდან დღემდე?
2021 წლიდან დღემდე, 4000-მდე სუპერგმირის დახმარებით 3000-ზე მეტ ადამიანს შევუნარჩუნეთ ან გავუხანგრძლივეთ სიცოცხლე. ჩვენს ბაზაში დარეგისტრირებულთა რიცხვი კი 5000-ს აღემატება. გამჭვირვალობა და მაღალი სანდოობა ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპებია, რაც ნდობის შენარჩუნებაში გვეხმარება. პრობლემებსა თუ სიხარულს ვუზიარებთ ჩვენს გამომწერებს და აქტიურად ვართ მათთან ხაზზე. ჩვენი ორგანიზაციის გავლით ადამიანებს აქვთ საშუალება, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ის სუპერძალა, რომელიც დაგვეხმარება პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების მშენებლობაში.
როგორია სისხლის დონაციის მნიშვნელობა დღევანდელ ციფრულ ეპოქაში?
მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა, სისხლს ვერაფერი ჩაანაცვლებს. სისხლის დონაცია სხვა ადამიანისთვის სიცოცხლის გაყოფას ნიშნავს. უანგაროდ სისხლის გაღების სურვილი და სხვისი დახმარების კეთილი ნება პაციენტების დასახმარებლად ერთადერთი გზაა.
როგორ იმოქმედებს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება თქვენს საქმიანობაზე?
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო ვალდებულია, რომ სისხლის დონაციების რეგულაციები ევროკომისიის რეგულაციებს შეუსაბამოს. ეს უზრუნველყოფს, რომ მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ყველა დონაცია უანგარო იყოს, რაც პაციენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
რა გზავნილს გაუზიარებდით პოტენციურ დონორებსა და საზოგადოებას?
ჩვენი სუპერგმირების არმიაში გაწევრიანება ნიშნავს, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერებული პოზიცია გაქვთ და ერთ აგურს დებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის. იმედია, მომავალში არავის მოუწევს სისხლის მოძიება სოციალური ქსელების მეშვეობით. დაბოლოს, ასეთი უკუკავშირი, როგორიცაა „მე თქვენმა გუნდმა გადამირჩინა შვილი”, უდიდესი ბედნიერებაა და სხვა არაფერი შეედრება.