ვარჯიშისას გააქტიურებული ფერმენტი შესაძლოა დაბერების საწინააღმდეგო წამლის შექმნაში დაგვეხმაროს

ვარჯიშისას გააქტიურებული ფერმენტი შესაძლოა დაბერების საწინააღმდეგო წამლის შექმნაში დაგვეხმაროს

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ რეგულარული ვარჯიში ნებისმიერ ასაკში ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, თუმცა ფიზიკური აქტივობა ასაკის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მდებარე მონაშის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ცხოვრების აქტიური წესის დადებით მხარეებს კიდევ ერთხელ მოჰფინეს ნათელი. მათი განცხადებით, ვარჯიშისას გააქტიურებული ფერმენტი შესაძლოა, დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაში დაგვეხმაროს. ამის შესახებ დეტალურად მკვლევრები გამოცემა Science Advances-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რათა ხანდაზმულებში უმოქმედობით გამოწვეულ ინსულინრეზისტენტობის განვითარებას დაჰკვირვებოდნენ. ეს მაშინ ხდება, როდესაც სხეულის უჯრედები ინსულინზე შესაბამისად არ რეაგირებენ და საჭირო რაოდენობით გლუკოზას არ იღებენ, რის გამოც ის სისხლში გროვდება. ინსულინრეზისტენტობა სიმსუქნესთან ასოცირდება და მე-2 ტიპის დიაბეტის ძირითად რისკფაქტორს წარმოადგენს. მეცნიერები ცდილობდნენ, აღმოეჩინათ ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ამ ყველაფერს ხანდაზმულებში ფიზიკური აქტივობის შემცირებასთან აკავშირებდა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ფიზიკური აქტივობა მეტაბოლურ ჯანმრთელობას ჩონჩხის კუნთებში რეაქტიული ჟანგბადის ფორმების (ROS) წარმოებით უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ROS-ის წარმოქმნა თანდათან უფრო მცირდება, რაც, მკვლევრების თქმით, ინსულინრეზისტენტობის განვითარების განმაპირობებელი ფაქტორია.

თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახლახან აღმოჩენილი ფერმენტი სახელწოდებით NOX4 რეაქტიული ჟანგბადის ფორმების წარმოების პროცესში მონაწილეობს. ცდების დროს ვარჯიშის შედეგად მღრღნელებში მოცემული ფერმენტის და, შესაბამისად, ROS-ის დონე გაიზარდა, რამაც ცხოველები ინსულინრეზისტენტობის განვითარებისგან დაიცვა. აღსანიშნავია, რომ კვლევა ხანდაზმულ და სპეციალური დიეტით გამოწვეული სიმსუქნით დაავადებულ თაგვებზე ჩატარდა.

ცდებმა აჩვენა, რომ ჩონჩხის კუნთებში NOX4-ის კონცენტრაცია დაბერებასთან და ინსულინის მგრძნობელობის დაქვეითებასთან პირდაპირ კავშირშია. სპეციალისტების განცხადებით, ამ ფერმენტისა და მისი გამააქტიურებელი წამლების დახმარებით ასაკიან ადამიანებში მეტაბოლური ჯანმრთელობის შენარჩუნებაა შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *