ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. შემთხვევა აშშ-ის დედაქალაქის ებრაული მუზეუმის მახლობლად მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი აღნიშნულ ტერიტორიაზე შეკრებილ ადამიანთა ჯგუფს მიუახლოვდა და ცეცხლი გახსნა.
პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის განცხადებით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს. სმიტის თქმით, შეიარაღებულმა პირმა დაკავების შემდეგ დაიყვირა: „თავისუფლება პალესტინას!“.
„ხელბორკილების დადების შემდეგ, ეჭვმიტანილმა ამოიცნო, სად გადააგდო იარაღი და ეს იარაღი ამოღებულია, ასევე მიანიშნა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა“, – განმარტა მან ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, როგორც 30 წლის ელიას როდრიგესი ჩიკაგოდან. თვითმხილველებმა პრესას განუცხადეს, რომ ის სროლის შემდეგ მუზეუმში შესამჩნევად შეწუხებული შევიდა. შენობაში შეკრებილებმა, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ ის თავდამსხმელი იყო, დახმარებაც კი შესთავაზეს.
როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი მუზეუმის დაცვამ დააკავა. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის ცენტრში მდებარე მუზეუმი FBI-ის ოფისიდან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯშია.
მსხვერპლთა შორის კაცი და ქალია, რომლებიც დიპლომატიური შეხვედრის შემდეგ მუზეუმიდან გამოდიოდნენ, როდესაც თავდამსხმელმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაში ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარს Truth Social-ზე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ანტისემიტიზმით მოტივირებული მკვლელობები უნდა შეწყდეს და ამერიკაში სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის.