„ვაზისუბნის მამული“ ბევრისთვის ნაცნობი ბრენდია, რომელიც ქართული მეღვინეობისა და სტუმარმასპინძლობის საუკეთესო ტრადიციებს აერთიანებს. მისი ისტორია მე-19 საუკუნეში დაიწყო, მაშინ, როდესაც იმ დროის ინოვატორმა და ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ – სულხან ჭავჭავაძემ – კახეთის შუაგულში განსაკუთრებული ადგილის შექმნა განიზრახა.
წლებთან ერთად მამული ფორმასა და ფუნქციას იცვლიდა. ვენახები, რომლებზეც სულხან ჭავჭავაძე ასე ზრუნავდა, მალე რომანოვების სასახლის ნაწილად იქცა, მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, ამ ვენახებზე სხვადასხვა ექსპერიმენტული ბაზა გაკეთდა. მრავალი წლის განმავლობაში ვაზისუბნის მამული უფუნქციოდ იყო მიტოვებული და, სულ მალე, აყვავებული მეურნეობა თავის ისტორიასთან ერთად განადგურების პირას დადგა.
2013 წელს გადაწყდა, რომ მამულს ძველი იერსახე უნდა დაჰბრუნებოდა, შეეძინა ახალი ფუნქცია და განახლებული, თანამედროვე ფორმით გაეგრძელებინა საუკუნოვანი ისტორია. ზუსტად ამ იდეის გარშემო გაერთიანდა გუნდი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული ღვინის სახეობებს ქმნის და ათასობით სტუმარს მასპინძლობს ყოველწლიურად. ასე გაშენდა ვენახები, ხოლო გაუქმებულ 140 წლის ღვინის მარანს ფუნქცია დაუბრუნდა; რესტავრაცია გაუკეთდა სასახლესაც, რომელიც დღეს ბუტიკის ტიპის სასტუმროა, რომელიც გარშემორტყმულია ბაღით, სადაც ასწლოვანი ხეები და მცენარეთა იშვიათი სახეობები ხარობს.
აღსანიშნავია, რომ მამულის ვენახები უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რომელიც იდეალურია ისეთი ენდემური ჯიშების კულტივაციისთვის, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი და კახური მწვანე. მთავარი მეღვინის, ლადო უზუნაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ ყოველწლიურად 250 000 ბოთლი ქვევრის და ევროპული წითელი და თეთრი ღვინო იწარმოება.
„ვაზისუბნის მამულის“ ღვინომ ბევრი საერთაშორისო ჯილდო მოუტანა საქართველოს. განსაკუთრებით საამაყო კი ბოლო მიღწევაა. The International Wine Challenge ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, რომელიც უკვე 40 წელია, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს აფასებს. წელს, „ვაზისუბნის მამულის“ 2021 წლის მოსავლის ქვევრის ქისმა ჩემპიონის წოდება მიიღო. კონკურსის მსვლელობისას, რომელიც რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, ღვინომ ჯერ ოქრო, შემდეგ ტროფი და საბოლოოდ ჩემპიონის ტიტული მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ IWC კონკურსის ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ჩემპიონის კატეგორიის გამარჯვებული გახდა. S