ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მარაგი აქვს, თუმცა ამ პოტენციალის შემოსავალად გადაქცევა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად შეიძლება მისი ექსპორტზე გატანა.
აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ვენესუელის ნავთობის ინდუსტრია სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუმცა საინტერესოა სად გადიოდა ვენესუელური ნავთობი ექსპორტზე აქამდე? ამ კითხვას პასუხი Visual Capitalist-მა აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემების დახმარებით გასცა.
იგი გვიჩვენებს, თუ როგორ გადანაწილდა ვენესუელის ნავთობის ექსპორტი დანიშნულების ქვეყნებს შორის 2023 წელს.
როგორც ირკვევა, 2023 წელს ვენესუელამ 211.6 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ექსპორტირება მოახდინა, რომლის 90%-ზე მეტი მხოლოდ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შევიდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ჩინეთმა 144 მილიონი ბარელი ვენესუელური ნედლი ნავთობის იმპორტი განახორციელა, რაც სამხრეთამერიკული ქვეყნის ნედლი ნავთობის მთლიანი ექსპორტის 68%-ს შეადგენდა.
მეორე უმსხვილესმა შემსყიდველმა, აშშ-მა, 2023 წელს ვენესუელიდან 48.5 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის იმპორტი განახორციელა, რაც ვენესუელის ნედლი ნავთობის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 23%-ს შეადგენდა.
მათ მოსდევს ესპანეთი და კუბა, შესაბამისად, 8.5 მილიონი და 7.6 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით.
იხილეთ ასევე: ვენესუელის ნავთობის მარაგების შედარება მსოფლიოს მარაგებთან
2019 წლის იანვარში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყანა პრაქტიკულად მოწყვიტა აშშ-ის ფინანსურ სისტემას და ნავთობის ნორმალურ, ნაღდი ფულით გაყიდვებს. შედეგად, ვენესუელის ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა „ნავთობი სესხის სანაცვლოდ“ სქემებზე.
ამ პროცესში ქვეყნის მთავარი პარტნიორი ჩინეთი გახდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში პეკინმა ვენესუელას თითქმის 50 მილიარდი დოლარი ასესხა, საიდანაც დღეს დარჩენილი ვალი დაახლოებით 10-12 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. აღნიშნული ვალის დაფარვა კი ფულად გადახდების ნაცვლად, ნავთობის მიწოდებით ხდებოდა.
ვენესუელის ნავთობი მძიმე ტიპისაა, რომლის გადამუშავება შედარებით რთულია და ნაკლებად იძლევა მაღალი ღირებულების საწვავს, როგორიცაა ბენზინი და დიზელი. სანაცვლოდ, ასეთი ნავთობი დიდი რაოდენობით წარმოქმნის ნარჩენ პროდუქტებს, მათ შორის ასფალტს. სწორედ ამ მიზეზით, ვენესუელის ნედლი ნავთობი ჩინეთისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.
ჩინეთში ასფალტზე მაღალი მოთხოვნა ინფრასტრუქტურული პროექტებითა და სამშენებლო ბუმით არის განპირობებული. ამ ფონზე, ვენესუელის იაფი და მძიმე ნავთობი პეკინისთვის საჭირო რესურსის ეკონომიურ წყაროდ იქცა.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ აშშ მართლაც აიღებს კონტროლს ვენესუელის ნავთობის სექტორზე, ჩინეთი იძულებული გახდება ალტერნატიული მიმწოდებლები მოძებნოს. ასეთ პარტნიორებად კი განიხილება რუსეთი, ირანი და, შესაძლოა, კანადაც – ქვეყანა, რომელიც ასევე მძიმე ტიპის ნედლ ნავთობს აწარმოებს.
| ქვეყანა | ექსპორტირებული ნავთობი (2023) | ექსპორტის წილი (%) |
| ჩინეთი | 144,071,000 ბარელი | 68.1% |
| აშშ | 48,467,000 ბარელი | 22.9% |
| ესპანეთი | 8,533,000 ბარელი | 4.0% |
| კუბა | 7,587,000 ბარელი | 3.6% |
| სინგაპური | 1,092,000 ბარელი | 0.5% |
| ბაჰამის კუნძულები | 923,000 ბარელი | 0.4% |
| მალაიზია | 618,000 ბარელი | 0.3% |
| რუსეთი | 358,000 ბარელი | 0.2% |












