ვერცხლის ფასი $100-იანი ნიშნულისკენ მიიწევს, ოქრო კი $5,000-ს უახლოვდება

ვერცხლის ფასი $100-იანი ნიშნულისკენ მიიწევს, ოქრო კი $5,000-ს უახლოვდება

ძვირფასი ლითონების ფასები რეკორდულ ზრდას განაგრძობს. ვერცხლის ფასი 100 დოლარის ისტორიულ ნიშნულს მიუახლოვდა, ხოლო ოქროს ღირებულება თითქმის 5 000 დოლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები ტენდენციას აშშ-სა და ევროპას შორის მზარდ დაძაბულობასა და დოლარის შესუსტებას უკავშირებენ.

ვერცხლის ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა და რეკორდულ მაქსიმუმს, 99.92 დოლარს მიაღწია. ოქროს ღირებულება კი 4 970 დოლარს გაუტოლდა. მოცემული დროისთვის ორივე ძვირფასი ლითონის ფასი მცირედ არის შემცირებული.

ზრდა შეეხო სპილენძსაც, რომლის ფასმა ტონაზე 13 000 დოლარს გადააჭარბა და 13 173.5 დოლარს მიაღწია, რაც ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოსაა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში Goldman Sachs-მა ოქროს ფასის პროგნოზი გაზარდა და ვარაუდობს, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ის 5 400 დოლარს მიაღწევს.

Pepperstone-ის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, კრის ვესტონმა, Reuters-ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების მუქარის უკან წაღებას ლითონების ფასების შემცირება უნდა გამოეწვია, თუმცა აღნიშნა, რომ „ოქრო სულ უფრო მეტად აღიქმება როგორც ჰეჯი ტრამპის პრეზიდენტობისა და მასთან დაკავშირებული სრული არაპროგნოზირებადობის წინააღმდეგ“.