ვერცხლის ფასი 9%-ით გაიზარდა - გაძვირების მიზეზები

ვერცხლის ფასი 9%-ით გაიზარდა - გაძვირების მიზეზები

ფოტო: Bloomberg

 

პარასკევს ოქროსა და ვერცხლის ფასები მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის ამ უკანასკნელის შემთხვევაში 9%-იანი მატება აღინიშნა. ანალიტიკოსები ამის განმაპირობებელ ძირითად ფაქტორებად აშშ-ირანს შორის მზარდ დაძაბულობას, 20 თებერვალს გამოქვეყნებულ სუსტ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და უზენაესი სასამართლოს მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფების არაკონსტიტუციურად ცნობას ასახელებენ.

ვერცხლის ფასი პარასკევს 84.43 აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც თითქმის 9%-იან ზრდას გულისმობს. ეს ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ძვირფასი ლითონის მიერ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასია. ამავე დროს, ოქროს ღირებულება 2%-ზე მეტით გაიზარდა და 5,108.40 აშშ დოლარს მიაღწია.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოქროსა და ვერცხლის ფასების ზრდას ხელს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მზარდი დაძაბულობა უწყობს. ქვეყნებს შორის დაძაბულობა კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე სამხედრო დარტყმებს განიხილავს. გლობალური დაძაბულობის ზრდა, როგორც წესი, უსაფრთხო თავშესაფრის სტატუსის მქონე აქტივებზე მოთხოვნის მატებას იწვევს. სწორედ ასეთ აქტივებს შორისაა ძვირფასი ლითონები.

ოქროსა და ვერცხლის ფასების ზრდას ხელი აშშ-ში პარასკევს დილით გამოქვეყნებულმა სუსტმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმაც შეუწყო. მონაცემების თანახმად, გასული წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოსალოდნელზე სუსტი, 1.4%-იანი ზრდა აღინიშნა. ამავდროულად, პირადი მოხმარების ნივთებზე ხარჯების 0.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ინფლაციის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

ამას თან დაერთო დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ საყოველთაო ტარიფებზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრამპმა 1977 წლის კანონის – საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტი (IEEPA) – გამოყენებით უფლებამოსილებას გადაამეტა. ცნობისთვის, IEEPA პრეზიდენტებს უფლებამოსილებას აძლევს დააწესონ ეკონომიკური სანქციები ეროვნული საგანგებო სიტუაციების დროს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომ ეს უფლებამოსილება ტარიფების დაწესებას მოიცავს.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ტრამპის ტარიფების გაუქმება ოქროსა და ვერცხლის ფასების შემცირებას გამოიწვევს, რადგან იმპორტის გადასახადები და მათ მიერ გამოწვეული გაურკვევლობა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც 2025 წელს ლითონების ფასები მკვეთრად გაზარდა. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ამ ეტაპზე ლითონების ფასების ზრდას უწყობს ხელს. სფეროს ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპმა ტარიფების აღსადგენად სხვა გზა გამონახოს, ინვესტორების სიფრთხილეც ამ მოლოდინს უკავშირდება.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობას შესაძლოა, კომპანიებისთვის, რომლებმაც იმპორტის ტარიფები უკვე გადაიხადეს, 175 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის უკან დაბრუნება მოუწიოს, რაც, ანალიტიკოსების თქმით, „ბიუჯეტს დააზარალებს“.