ერთი უნცია (28.35 გრამი) ვერცხლის ფასი $35-ს გადასცდა, რაც ბოლო 13 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს მიწოდების არსებული დეფიციტისა და ინდუსტრიული მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული.
ბოლოს ვერცხლი ამაზე ძვირი 2012 წლის თებერვალში იყო, როდესაც მისი ფასი $36 დოლარს უტოლდებოდა. ფინანსური ანალიტიკოსები, ვერცხლის ფასის ცვალებადობის მეთვალყურეობისათვის ოქრო-ვერცხლის თანაფარდობის მაჩვენებელს იყენებენ. აღნიშნული თანაფარდობა განსაზღვრავს თუ, რამდენი უნცია ვერცხლია საჭირო ერთი უნცია ოქროს საყიდლად. 2020 წლის მაისში აღნიშნული თანაფარდობა ისტორიულ მაქსიმუმზე, 105-ზე იყო. ამჟამად კი ის 94-მდეა შემცირებული. ეს უკანასკნელი იმის მაჩვენებელია, რომ ვერცხლის ღირებულებამ ოქროს ფასის ზრდასთან ჩამორჩენა შეამცირა.
ვერცხლი ინდუსტრიული წარმოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძვირფასი მეტალია. Silver Institute-ის მონაცემებით, ვერცხლის გლობალური მოთხოვნის ნახევარზე მეტი სწორედ ინდუსტრიულ გამოყენებაზე მოდის. ამავე ინსტიტუტის თანახმად, ვერცხლზე დეფიციტი 2025 წელს 21%-ით შემცირდება, რამაც შესაძლოა მისი ფასი დაასტაბილუროს. ცნობისთვის, მხოლოდ მიმდინარე წელს ვერცხლის ფასი 24%-ით გაიზარდა.
შედარებისათვის, ერთი გრამი ოქროს ფასი ბირჟაზე $107.74-ად ივაჭრება. ოქროს ღირებულება 2025 წელს 25%-ით არის გაზრდილი.