„ვილა რეზიდენსმა“ გერმანულ კომპანია Schüco-სთან ხელშეკრულება გააფორმა

„ვილა რეზიდენსმა“ გერმანულ კომპანია Schüco-სთან ხელშეკრულება გააფორმა

„ვილა რეზიდენსმა“ გერმანულ კომპანია Schüco International KG-სთან ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტი 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს გერმანიაში „ვილა რეზიდენსის“ დამფუძნებელმა ნოშიკო ნამორაძემა და Schüco-ს ვიცე-პრეზიდენტმა იორგ ვესტფალმა მოაწერეს.

ხელშეკრულების თანახმად, გერმანული კომპანია „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ შენობა-ნაგებობების ფასადის სისტემებით (კერძოდ კი ალუმინის სლაიდ-ვიტრაჟებითა და კარ-ფანჯრებით) მომარაგებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ Schüco, რომელიც ქალაქ ბილეფელდში 1951 წელს დაარსდა, ამ დროისთვის მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 12 ათას კომპანიასთან თანამშრომლობს და გერმანიის გარდა ფილიალი 46 სახელმწიფოში აქვს. ცნობისთვის, მხოლოდ გასულ წელს ამ ბრენდის 1,695 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტი გაიყიდა.

„Schüco მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა, რომელიც ფასადის სისტემებს აწარმოებს. ამა თუ იმ ქვეყანაში აღნიშნული ბრენდის მილიონობით პროდუქტი გამოიყენება, რომელიც მაღალი ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. სწორედ აქედან გამომდინარე მივიჩნიეთ, რომ Schüco „კრწანისი რესორტ რეზიდენსისთვის“ იდეალური ვარიანტი იყო და ჩვენი პროექტისთვის არჩევანი გერმანულ კომპანიაზე შევაჩერეთ“, – აცხადებენ კომპანიაში.

„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ მრავალფუნქციური უბანია, რომელიც 20 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება. სივრცე საცხოვრებელ კომპლექსს, ზეთისხილის ბაღსა და წიწვოვან ტყე-პარკს გააერთიანებს. რეკრეაციული ზონა უბნის 70%-ს დაიკავებს, რომლის გარშემოც და მიმდებარედ საცურაო აუზები, ფიტნესდარბაზები, ჩოგბურთის კორტები, მინი-გოლფის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები იქნება განთავსებული. ამას გარდა აშენდება საბავშვო ბაღი და სკოლა.

პროექტი ასევე მოიცავს კომერციული დანიშნულების შენობას, რომელშიც განთავსებული იქნება დიდი მოცულობის ჰიპერმარკეტი, კაფეები, სალონები, მაღაზიები, სამუშაო სივრცეები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი. „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ საფეხმავლო ბილიკით, ელექტრომანქანებითა და ველოსიპედებით  იქნება შესაძლებელი.

ამ დროისთვის მრავალფუნქციური უბნის 8 ჰექტარის განაშენიანებაა დასრულებული. ამჟამად დაჩენილი 12 ჰექტარის ათვისება მიმდინარეობს. „კრწანისი რესორტ რეზიდენსში“ ზეთისხილის ბაღი უკვე გაშენდა. ცოტა ხნის წინ კი აუზის მშენებლობა და მისი სანაპიროს მოწყობა დაიწყო. როგორც ცნობილია, ზღვის  სანაპიროზე ყვითელი ქვიშის პლაჟით სარგებლობა მომავალი წლის ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება საცხოვრებელ ზონას, მასში შემავალი შენობების სადარბაზოები სრულად 2024 წლის მეოთხე კვარტალში იქნება მზად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *