ვინ აფინანსებს WHO-ს?

ვინ აფინანსებს WHO-ს?

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ქვეყნის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპი მას პანდემიისა და ჯანდაცვის სხვა გლობალური კრიზისების არასწორ მართვაში ადანაშაულებს. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანა WHO-ს 2026 წლის 22 იანვარს დატოვებს.

შეგახსენებთ, აშშ პირველად WHO-დან 2020 წელს გამოვიდა, ორგანიზაციის მიერ კოვიდპანდემიის მართვის პოლიტიკის საპასუხოდ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება 2021 წელს, თანამდებობის დაკავების დროს გააუქმა და ქვეყანა ორგანიზაციაში დააბრუნა.

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე დიდი ფინანსური მხარდამჭერია, რომელზეც საშუალოდ მისი მთლიანი დაფინანსების დაახლოებით 18% მოდის ხოლმე. WHO-ს ბოლო ორწლიანი ბიუჯეტი, 2024-2025 წლებში, 6.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჯერჯერობით უცნობია, რა მოცულობის დაფინანსება გაიღო ამ წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თუმცა 2022-2023 წლების მონაცემებს თუ ჩავხედავთ, მივხვდებით, რომ ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლა WHO-ს ბიუჯეტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

Visual Capitalist-მა მოიპოვა მონაცემები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში 2022-23 წლების ნებაყოფლობით შემოწირულებებს ასახავს. მონაცემებში გათვალისწინებული არ არის სავალდებულო გადასახადები, რომელთა უზრუნველყოფაც WHO-ს წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდისთვის, ნებაყოფლობითმა შენატანებმა მთლიანი დაფინანსების 81% შეადგინა, სავალდებულო შენატანებმა კი – 12%. დანარჩენი 7% სხვა წყაროებიდან დაფინანსებებს მოიცავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022-23 წლებში ჩინეთის ნებაყოფლობითმა შენატანებმა $41 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი ნებაყოფლობითი დაფინანსების 0.6%-ს წარმოადგენს. ეს თანხა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება აშშ-ის მიერ ამავე პერიოდში გაღებულ 1 მილიარდ დოლარს.

გასათვალისწინებელია, რომ ნებაყოფლობითი შენატანები ხშირად კონკრეტული მიზნებისთვისაა განკუთვნილი, რაც WHO-ს მათი გამოყენების თავისუფლებაში ზღუდავს.

რაც შეეხება სავალდებულო შენატანებს, ჩინეთს 115 მილიონი დოლარის გადახდა მოეთხოვებოდა, ხოლო აშშ-ს 219 მილიონი დოლარის. ტრამპის მთავარი არგუმენტი ამ გადახდების წინააღმდეგ არის ის, თუ რამდენჯერ აღემატება ჩინეთის მოსახლეობა შეერთებული შტატებისას.

კონტრიბუტორიწილიმოცულობა
აშშ15.6%$1.0 მილიარდი
ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი12.7%$826 მილიონი
გერმანია11.1%$723 მილიონი
GAVI7.4%$480 მილიონი
ევროკომისია7.2%$466 მილიონი
Rotary International2.7%$177 მილიონი
კანადა2.7%$174 მილიონი
UN CERF2.2%$140 მილიონი
გაერთიანებული სამეფო2.1%$134 მილიონი
WHO-ს საგანგებო ფონდი1.9%$122 მილიონი
მსოფლიო ბანკი1.8%$118 მილიონი
საფრანგეთი1.8%$116 მილიონი
UNICEF1.7%$111 მილიონი
სხვადასხვა1.6%$107 მილიონი
ნორვეგია1.6%$107 მილიონი
UN MPTF1.3%$84 მილიონი
ირანი1.2%$78 მილიონი
ინდოეთი1.2%$77 მილიონი
იაპონია1.2%$76 მილიონი
საუდის არაბეთი1.1%$72 მილიონი
ნიდერლანდები1.1%$69 მილიონი
დანარჩენი19.0%$1.1 მილიარდი